მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რა სხვაობაა ომახიანად ცვალებად ხელისუფლებებს შორის?!.

რა სხვაობაა ომახიანად ცვალებად ხელისუფლებებს შორის?!.

179
0

ეს ისტორია მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, როდესაც ავადსახსენებელმა რეპრესიებმა მრავალი ადამიანი იმსხვერპლა – ზოგი ფიზიკურად, ზოგიც – მორალურად. მათ შორის იყო აჭარელი კაცის, ალი ზულქიფის-ძე სოფიოღლის მთელი ოჯახი. ისინი 1944 წელს შუა აზიაში გადაასახლეს სოფელ ანგისიდან, ხოლო მათი კუთვნილი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი კოლმეურნეობამ რეშიტ ჯიჯავაძის ოჯახს მიჰყიდა. 1956 წელს, რეაბილიტაციის შემდეგ, სოფიოღლების ოჯახი, როგორც შეცდომით გასახლებულები, უკანვე დააბრუნეს. დაზარალებულმა ალი სოფიოღლიმ სასამართლოს მიმართა და კუთვნილი ქონების – სახლისა და მასზე დამაგრებული საკარმიდამო ნაკვეთის, რომლის ფართობიც 7675 კვადრატული მეტრია, დაბრუნება მოითხოვა.
1962 წლის 5 ივნისით დათარიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოქალაქე ჯიჯავაძემ მაძიებელ სოფიოღლის კუთვნილი ქონება უნდა დაუბრუნოს.
ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი საბუთი, რომელიც გაცემულია 1962 წლის 28 ივნისს. მასში ნათქვამია, რომ ბათუმის რაიონის სასამართლოს აღმასრულებელი წულაძე გამოცხადდა სოფელ ანგისაში მცხოვრებ რეშიტ ჰუსეინის-ძე ჯიჯავაძესთან, რათა აღესრულებინა სასამართლოს გადაწყვეტილება – გაესახლებინა ჯიჯავაძე და ქონება სოფიოღლისთვის დაებრუნებინა. უცნობია, რატომ ვერ აღსრულდა სამართლიანობა, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში კოლმეურნეობას ჯიჯავაძისთვის სახლში გადახდილი თანხა უნდა დაებრუნებინა ან სხვა საცხოვრებლით დაეკმაყოფილებინა.
სამართლიანობა კი დღემდე არ აღსრულებულა და ახლა უკვე იაკობ სოფიაშვილი, ალის ვაჟი, ცდილობს კუთვნილი ქონების დაბრუნებას. ის თავისი ოჯახით ძმის სახლში ცხოვრობს და გული სწყდება, რომ ამჟამინდელი მეპატრონის ხელში სახლი და ნაკვეთი გაპარტახებულია. ბატონმა იაკობმა სადაო საკითხის მოგვარება რამდენჯერმე მოლაპარაკების გზით სცადა, მაგრამ ამაოდ.
აღნიშნული სადაო თემის განხილვისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო საბუთმა, რომელიც გაცემულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს. მას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე როინ მალაყმაძე. ეს დოკუმენტი არის პასუხი იაკობ სოფიაშვილის განცხადებაზე. სოფიაშვილმა მიმართა საკუთრების აღიარების კომისიას, რათა მას აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება და დახმარებოდა კუთვნილი ქონების დაბრუნებაში, მით უმეტეს, რომ სასამართლომ სწორედ სოფიაშვილი სცნო ერთადერთ მემკვიდრედ. მალაყმაძის პასუხით, „სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ შედის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის კომპეტენციაში.“
როგორც ჩანს, როინ მალაყმაძემ პასუხისმგებლობა თავიდან აიცილა და სოფიაშვილს დაუმალა მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის შესახებაც ჩვენთვის ცნობილი გახდა საქმესთან დაკავშირებული ჟურნალისტური ძიების პროცესში. არსებულ ნაკვეთთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ ცნობა საჯარო რეესტრიდან. 2013 წლის 4 ოქტომბერს მივიღეთ პასუხი, რომ ელექტრონული ბაზის მონაცემებით, საკადსტრო კოდით: #05.32.03.515 ნაკვეთი ეკუთვნის არსენ ჯიჯავაძეს. ცნობას ხელს აწერს ირაკლი არჩაია.
კიდევ ერთი, 2010 წლის 18 ნოემბრის ამონაწერის თანახმად, 2007 წლის 26 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიამ დაამოწმა, რომ სადავო ქონება ეკუთვნის არსენ ჯიჯავაძეს. შეგახსენებთ, რომ ამ კომისიამ, 2008 წლის 29 დეკემბერს სოფიაშვილს განუმარტა, რომ მისი საკითხის განხილვა და საკუთრების აღიარება არ შედიოდა კომისიის კომპეტენციაში. ამ დროს კი, ერთი წლით ადრე, როგორც ირკვევა, ეს ქონება უკვე აღიარებულია ჯიჯავაძის საკუთრებად იმავე კომისიის მიერ. ისმის კითხვა, თუ საკუთრების აღიარების კომისიას არ ჰქონდა ამის უფლება, როგორ გასცა საკუთრების დასტური ჯიჯავაძის სახელზე? თუ ჰქონდა უფლება, რატომ მოიცილა თავიდან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იაკობ სოფიაშვილი? ან რატომ არ გაუმხილა, რომ სასამართლოს მიერ მისთვის დაბრუნებული სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი უკვე ჯიჯავაძის სახელზე იყო რეგისტრირებული?
ჟურნალისტური ობიექტურობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ ვცადეთ, თავად როინ მალაყმაძისგან მიგვეღო პასუხი. თავდაპირველად აღნიშნული საქმე ბატონმა როინმა ვერ გაიხსენა და უფრო მეტიც, მაგ პერიოდისთვის მე მიწის აღიარების კომისიას აღარ ვხელმძღვანელობდიო, თუმცა, როცა საბუთზე თავისი ხელწერა იხილა, დარწმუნდა და საქმის არსიც გაიხსენა. როგორც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, მიწის საკუთრების აღიარების კომისიას არ შეეძლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, კომისიას შეეძლო მხოლოდ მართლზომიერი და უკანონოდ დაკავებული მიწის ნაკვეთების აღიარება, ამ შემთხვევაში სოფიაშვილი აღიარებას კი არა სასამართლო გადაწყვეტილებას მოითხოვდა. რაც შეეხება ქონების ამჟამინდელ მეპატრონეს, მან ერთი წლით ადრე მიმართა კომისიას და საკითხის შესწავლის შემდეგ, მოხდა აღიარება. თუ კი სოფიაშვილი თვლის, რომ მისი უფლება დაირღვა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და ამ უკანასკნელის საშუალებით დაიბრუნოს ქონება – ამბობს როინ მალაყმაძე.
ამ საქმემ უკვე რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა… და ბაბუების ნაცვლად ახლა შვილიშვილები დაობენ… თუმცა საბჭოთა რეჟიმიდან დაწყებული უსამართლობა ვერც მომდევნო ხელისუფლებებმა ვერ გამოასწორეს. განა საკითხავი არაა, რა განსხვავებაა ამ სწრაფად და ომახიანად ცვალებად მთავრობებს შორის, თუ სამართლიანობის აღდგენა არც ერთის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

ნაზი რეხვიაშვილი