მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

305
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ასევე საქართველოში ელჩის მოადგილე, კონსული ანიკო ფარკა ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უნგრეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. თორნიკე რიჟვაძემ მადლიერება გამოხატა ლიბიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკონსულო დაცვის უზრუნველყოფისთვის და ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. ხაზი გაესვა რეგიონულ დონეზე ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობას.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. აღსანიშნავია, რომ უნგრეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისათვის უნგრეთში სასწავლებლად ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოყოფს. წლებია ინტენსიურად თანამშრომლობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იშტვან ზეჩენის უნივერსიტეტი.

ვიქტორია ჰორვატი საქართველოში უნგრეთის ელჩის პოზიციაზე 2017 წლის სექტემბრიდან მოღვაწეობს.