უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში ფართომასშტაბიანი შეხვედრა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას, საჯარო და კერძო სექტორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, .შეხვედრას რომელიც ქობულეთის კულტურის სახლში გაიმართა, საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არად ბენკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩი: მიხეილ უკლება ესწრებოდნენ. სპიკერებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გააცნეს ევროკავშირის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესები. საუბარი შეეხო დადგენილი წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებს და ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებას. საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ პერსპექტივებს, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებას მოჰყვება თითოეული სახელმწიფოს და კერძოდ, ავსტრიის მხრიდან. ელჩმა ვიზალიბერალიზაციის შედეგად ქვეყნისთვის გაზრდილ შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი. შეხვედრას ესწრებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი, მირიან ქათამაძე, რომელმაც უვიზო მიმოსვლის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა პერსპექტივის შეთავაზებაზე და აჭარის რეგიონის, კერძოდ, ქობულეთის მზარდი ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები დაისვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ რისკებსა და მიმღებ ქვეყანაში არსებულ შეზღუდვებზე, ასევე გრძელვადიანი განათლების მიმართულებით უვიზო მიმოსვლის პროცედურების გამარტივებაზე. საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა აჭარაში ირმა გაბინაშვილმა კი მძლავრი ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებასა და ამ პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ქობულეთის მუზეუმში არსებული არქეოლოგიური ექსპონატები, გაეცნენ მუნიციპალიტეტის კულტურასა და ისტორიას. საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორცილდება. კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, 160 შეხვედრა გაიმართა.