ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის მიერ საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდა ეკლესიის ეზოში აღმართული ორი ხაჩქარის (ქვა ჯვარის) კურთხევის ცერემონია. ერთი ხაჩქარი მიეძღვნა სომხურ-ქართულ მეგობრობას, მეორე – სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. ხაჩქარების (ოსტატი სერგეი დანელიანი, ქალაქი ვანაძორი) შემომწირველი გახლავს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ვანაძორის მერი ბატონი სამველ დარბინიანი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა ბათუმში. ცერემონიაზე დასასწრებად ბათუმში ჩამოვიდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი.