აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავს და ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყებისკენ მოუწოდებს. მედეა ვასაძის განცხადებით, მთავრობის ბალანსზე რიცხული ავტომობილი საქართველო-თურქეთის საზღვარს სისტემატურად კვეთდა. საუბარია 2013 წლის სექტემბერში, სამი დღის განმავლობაში განხორხიელებულ
4 ვიზიტზე. დეპუტატის განცხადებით, ამ პერიოდში ავტომობილი მთავრობის აპარატის ყოფილ უფროსზე, ირაკლი ჭეიშვილზე იყო მიმაგრებული. მედეა ვასაძე ამბობს, რომ სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ერთ ერთი მსგავსი გადაადგილების დროს ნარკოტიკის შენახვა-რეალიზაციის მუხლით მოქალაქე დააკავეს, რომელიც მთავრობის ბალანსზე რიცხულ ავტომობილში იმყოფებოდა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ 2014 წელს აჭარის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა და არჩილ ხაბაძეს ავტომანქანის გადადგილების მიზნობრიობის შესახებ ინფორმაცია სთხოვა. პასუხად კი განუცხადეს, რომ მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მთავრობის აპარატში რეგისტირებული არ იყო. მედეა ვასაძე უახლოეს მომავალში იმ პირების ვინაობას გაასაჯაროებს, რომლებიც სექტემბერში აღნიშნული ავტომობილით გადადგილდებოდენ. დამოუკიდებელი დეპუტატი, ასევე, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის უფლებამოსილი ორგანოებისათვის გადაცემას გეგმავს.
საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილმა საკუთარ FACEBOOK-ის გვერდზე განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ძალიან რთულია სრულფასოვანი კომენტარი გავაკეთო იმ ადამიანის მიერ წამოყენებულ ბრალდებებზე, რომელმაც საზოგადოებას არა ერთხელ დაამახსოვრა თავი არასერიოზული განცხადებებით. რასაც მედეა ვასაძე აკეთებს, ეს არის მისი მუშაობის სტილი და თავიდან ბოლომდე ემსახურება დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის პოლიტიკურად გაკოტრებული მურმან დუმბაძის ხელწერა, ხოლო მედეა ვასაძე, როგორც მისი მიმდევარი უბრალოდ გამხმოვანებელია ამ ყველაფრის. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის იმ თავმჯდომარეს, რომლის წინააღმდეგაც არა ერთი სარჩელია შესული სასამართლოში, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზეც, მინიმუმ მორალური უფლება არა აქვს ეკავოს აღნიშნული თანამდებობა და ტრიბუნას იყენებდეს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანისათვის”-განაცხადა ჭეიშვილმა.