5 მაისს შპს „საქართველოს მელიორაცია“-სა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და სამხრეთ კავკასიაში ლტოლვილთა დანიის საბჭოს რეგიონალურმა წარმომადგენელმა, პოლ მაკინტოშმა. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს პროექტს „ერგნეთში დაბრუნებულთა საცხოვრებლებისა და შემოსავლის წყაროების აღდგენა“, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ერგნეთში კონფლიქტით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი და სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის აღდგება საცხოვრებელი სახლები და საარსებო წყაროდ საჭირო ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის მიერ შერჩეულ იქნა სათემო ინფრასტრუქტურა-სოფლის საირიგაციო სისტემა. მემორანდუმის საფუძველზე, SDC-სა და საქართველოს მთავრობის ფინანსური რესურსების ერთობლივი კონსოლიდაციით შპს „საქართველოს მეიორაცია“ ჩაატარებს აღნიშნული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.