მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ავიაფრენების რაოდენობა იზრდება. ჩარტერული და დამატებითი ფრენების გაზრდით რამდენიმე უკრაინული ავიაკომპანიაა დაინტერესებული. მაისიდან ოქტომბრამდე მხოლოდ უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 10-მდე ავიაფრენაა დანიშნული. ზოგიერთი კომპანიის ინფორმაციით, აქტიურ სეზონზე შესაძლოა ფრენების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
უკრაინულმა ავიაკომპანია „იანაირმა“, ოდესა – ბათუმი – ოდესის მიმართულებით რეგულარული ფრენები უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს სრულდება. ჩარტერული ფრენები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიევი – ბათუმი – კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ, სამშაბათობით, პარასკევობით და კვირაობით განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია ბათუმის მიმართულებით დამატებით ფრენებსაც გეგმავს.
14 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს განაახლებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები „ფლიუია“, რომელიც პირდაპირ ავიარეისებს ბორისპოლის აეროპორტიდან კვირაში 3-ჯერ: ორშაბათობით, შაბათობით და კვირაობით განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბათუმი-კიევის რეისზე ბილეთის ღირებულება 88 ევრო, ხოლო ბათუმი – კიევი – ბათუმის მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი 177 ევრო იქნება.
უკრაინიდან აჭარაში ტურისტების გადაყვანაზე ავიაკომპანია „დნეპრავიაც“ იზრუნებს, რომელიც 3 ივნისიდან ბათუმის მიმართულებას ფრენებს განაახლებს. უკვე ცნობილია, რომ „დნეპრავია“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს ოდესიდან და დნეპროპეტროვსკიდან შეასრულებს.