მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი საქართველოს შუაგულიდან თურქეთის შუაგულში ჩატანილი „საქართველო“…

საქართველოს შუაგულიდან თურქეთის შუაგულში ჩატანილი „საქართველო“…

1917
0

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფრესკა“, ამ ორიოდ დღის წინ, მეზობელი თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ორდუში თურქეთის შავი ზღვის აუზის ჟურნალისტთა ასოციაცია „19 სექტემბრის“ ხელმძღვანელობის პატრონაჟით გამართული სამდღიანი არაჩვეულებრივი გასტროლიდან დაუჯერებელი წარმატებებით დაბრუნდა.

 ანსამბლის სრული შემადგენლობა, მოცეკვავეებთან, მათ მშობლებთან, სამხატვრო ხელმძღვანელ ელენე რატიანთან, ქორეოგრაფ გიორგი რატიანთან, ადმინისტრაციის წარმომადგენელებთან და ოპერატორთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში ქ. ორდუს მერიისა და გუბერნიის ხელმძღვანელობის მიწვევით გასულ კვირას გაემგზავრა.

ანსამბლს ბათუმში ღონისძიების პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი ტელეკომპანია ტვ12-აჭარას გენერალური დირექტორი, ქართული კულტურის რაინდი ჯემალ მეგრელიძე, პროექტის რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი და ტვ12-აჭარას გადამღები ჯგუფი შეუერთდა, რომელიც „ფრესკას“ უცხოური ტურნეს შესახებ სპეციალურ გადაცემას ამზადებს.

 ტურნეს ფარგლებში, ხაშურელ სტუმრებს თურქმა მასპინძლებმა დაუვიწყარი დღეები აჩუქეს, საინტერესო და ამაღელვებელი გახლდათ ოფიციალური სამთავრობო შეხვედრები ორდუს რეგიონის /ვალე/ გუბერნიასა და ქ. ორდუს მერიაში, სადაც გუბერნატორმა თუნჯაი სონელმა და ორდუს მერმა რეგიონისა და ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილები, ტურისტული შესაძლებლობები, ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პოტენციალი თუ სამომავლო პერსპექტივები გააცნეს, მათ განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლების პოლიტიკას მომავალი თაობის ღირსეული აღზრდისა და საუკეთესო განათლების მიმართულებით, ასევე მეზობელი ქვეყნების ახალგაზრდებს შორის მეგობრული, კულტურული და სპორტული კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით…

შეხვედრებზე ანსამბლ „ფრესკას“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე რატიანმა მასპინძლებს გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და სახელდახელო სურათები გადაიღო…

 განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და დაუვიწყარი გახლდათ „ფრესკას“ შემოქმედებით ცხოვრებაში, ქ. ორდუს ათა თურქის სახელობის სახელმწიფო კულტურის სასახლეში დაგეგმილი კონცერტი, რომელზე დასწრების მიზნით არა მარტო ორდუში მცხოვრები, არამედ მეზობელ ქალაქებში მცხოვრები „ჩვენებურები“ ჩამოვიდნენ, დარბაზში მაყურებლის ტევა არ იყო, ადგილობრივი პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები ქართული საცეკვაო ხელოვნების ხელთუქმნელმა სილამაზემ, ხოლო ჩვენ, მათი ქართველი კოლეგები, მაყურებლის ემოციამ აღგვაფრთოვანა.. კონცერტის ჩანაწერს ორდუს ტურნეს დაუვიწყარი დღეების ამსახველ კადრებთან ერთად, სპეციალურ ფილმში, ტვ12-აჭარას მაყურებელი უახლოეს დღეებში იხილავს.

 ანსამბლ „ფრესკას“ განსაკუთრებულად საინტერესო და ლამაზი საგასტროლო პროგრამას ორდუს საუკეთესო სასტუმროების მდიდრულმა აპარტამენტებმა კიდევ უფრო მეტი ინტერესი და სილამაზე შეჰმატა, სადაც ქართველ სტუმრებს გართობისა და დასვენების შესანიშნავი პირობები დაგვახვედრეს.