გაზეთ,,აჭარა P.S.“-ის რედაქციასა და ჟურნალისტურ კორპუსს აჭარის რეგიონში მუშაობისა და გამოცემის 31 წლიანი გამოცდილება გააჩნია. 1993 წლის 1 სექტემბერს იგი ,,იმედის“ სახელწოდებით დააფუძნა ჟურნალისტმა ტარიელ ქათამაძემ (ამჟამად ჩაქვის #1 საჯარო სკოლის პედაგოგი) და 5 წლის განმავლობაში გამოდიოდა ვიწრო სპექტრით, როგორც აჭარის განათლებისა და კულტურის დარგობრივი გაზეთი. 1998 წელს გაზეთი გაფართოვდა, მას მიეცა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის სტატუსი და ბაზარზე “აჭარა P.S.“-ის სახელწოდებით გამოვიდა ყოველკვირეული პერიოდულობით. იმის გათვალისწინებით,რომ აჭარაში ჩვენ ვიყავით პირველი დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა და რეგიონში მაშინ არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში საფუძველი ჩავუყარეთ თავისუფალ სიტყვას, გაზეთმა უცებ მოიპოვა პოპულარობა და მისი ტირაჟიც დღითიდღე იზრდებოდა. არსებობის მანძილზე გაზეთის ჟურნალისტები ქმნიდნენ მკითხველისათვის საინტერესო და აუცილებელ პროდუქტს, სიმართლისათვის გადავიტანეთ არა ერთი შანტაჟი და მუქარა მაშინდელი პოლიტიკური ძალაუფლების მხრიდან, გვქონდა ოცზე მეტი სასამართლო პროცესი, რომლებიც საქართველოს უზენაეს სასამართლომდე მიდიოდა, თუმცა ყველა ასეთი დავა რედაქციის საბოლოო გამარჯვებით ან მორიგებით მთავრდებოდა.
2000 წელს გაზეთმა სოროსის ფონდიდან მიიღო 15 ათასლარიანი გრანტი ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად,რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ტექნიკური ბაზის გადახალისებასა და გამოცემის ტექნიკურ სრულყოფაში. 2001 წელს გაზეთის ჟურნალისტურმა კორპუსმა შექმნა აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა ასოციაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია რეგიონში მომუშავე თავისუფალ ჟურნალისტთა მხარდაჭერისა და მათი უფლებების დასაცავად. ჩვენ შევძელით აჭარის მაშინდელი ხელისუფლების მიერ შერისხული და დევნილი ჟურნალისტების გაერთიანება, შევიფარეთ აჭარაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული გაზეთ ,,ალიას“ კორესპონდენტი ჯონი კალანდაძე, საინფორმაციო სააგენტო ,,გეა“ს კორესპონდენტი, პრაქტიკულ ჟურნალისტურ საქმიანობას იძულებით ჩამოცილებული მარინე კუპრეიშვილი. ასოციაციამ არაერთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა რეგიონული გამოცემების მხარდასაჭერად. ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების სალჩოსგან მიიღო 8 ათას 455 დოლარიანი გრანტი, რომლის წყალობითაც ჩვენს ძირეულ გამოცემას კიდევ ერთი ახალი ყოველკვირეული საზოგადოებრივ პოლიტიკური გაზეთი დაემატა გაზეთ ,,ახალი ქობულეთის“ სახელწოდებით. მოგვიანებით, გაზეთს შეეცვალა სახელწოდება და 2007 წლიდან 2019 წლამდე წარმატებით გამოდიოდა ახალი სახელით: ,,ჩემი ქობულეთი“. გაზეთს ჰქონდა დამოუკიდებელი რედაქცია, საკუთარი ჟურნალისტური კორპუსი და საკუთარი სადისტრიბუციო სამსახური, რომლის წყალობით იგი ქობულეთის თითქმის ყველა მეორე ოჯახში მიდიოდა, მისი გამოცემა შეჩერდა პანდემიის გამო. გაზეთ ,,ჩემი ქობულეთის“განახლებული გამოცემა დაედო საფუძვლად მედიაჯგუფის შექმნას, რომელმაც გააერთიანა ოთხი გამოცემა გაზეთები: ,,აჭარა P.S.“ და ,,ჩემი ქობულეთი“, ავამოქმედეთ მთიანი აჭარის ბიურო, შევქმენით მედიასკოლის ანალოგი-შემოქმედებითი ცენტრი, რომელიც ზრდის ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში შერჩეულ ათეულობით ახალგაზრდა ჟურნალისტს. ჩვენი მსმენელები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში, უცხოური გამოცდილების გასაცნობად იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც გაეცნენ ბეჭდური და ელექტრონული მედიის ჟურნალისტთა საქმიანობას. 2002 წლიდან გაზეთი ,,აჭარა P.S.“ გახდა საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი და სრულუფლებიანი წევრი. 1998 წლიდან გაზეთის ჟურნალისტები და ტექნიკური პერსონალი სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს -,,IREX“- ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგ-სემინარებში, რაც დადებითად აისახება ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე. სწორედ ამ ტრენინგ-სემინარების მეშვეობით შევძელით აგვეთვისებინა ახალი მედიის ტექნოლოგიები, შეგვექმნა საკუთარი ვებგვერდი: adjaraps.com, რომელიც ყოველდღიურად ახლდება და განახლებული ინფორმაციების, ტელე და რადიოსიუჟეტების გავრცელება ხდება სოციალური ქსელების მეშვეობით. ონლაინ რეჟიმში სისტემატურად ვატარებთ სხვადასხვა სახის კონკურსებს სხვადასხვა ასაკის მკითხველისათვის, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვებგვერდის ყოველდღიურ მომხმარებელთა რაოდენობა.
2015 წელს მერსი ქორპორეიშენის მიერ მხარდაჭერილი საგრანტო პროექტის დახმატებით განვაახლეთ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შევიძინეთ თანამედროვე ტექნიკური საშუალებები და დავიწყეთ აგრარული მიმართულებით მუშაობა, კერძოდ, გაზეთ „აჭარა P.S.“-ს დაემატა აგრარული ჩანართი „ფერმერი და მომხმარებელი“, რამაც ერთი ორად გაზარდა გაზეთზე ხელმომწერთა რიცხვი, პარალელურ რეჟიმში საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია მაუწყებლობაზე და მივიღეთ მაუწყებლობის ლიცენზია, ხოლო 2018 წელს ხელახალი ავტორიზაციის შედეგად მოვიპოვეთ საერთო მაუწყებლის სტატუსი და წარმატებით ვმაუწყებლობთ ტელეკომპანია ტვ12-აჭარას საფირმო ნიშნით, გვაქვს 10-ზე მეტი სხვადასხვა თემატიკის საავტორო გადაცემა, სატელევიზიო მაუწყებლობის არეალი დღითი დღე იზრდება, პარალელურად იზრდება ტელემაყურებელთა აუდიტორიაც, არხი სულ უფრო პოპულარული ხდება არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით.