ბოლო დღეებში ტელეკომპანია „ტვ12-აჭარას“ სოციალურ გვერდზე გახშირდა რიგითი მომხმარებლების შეტყობინებები, რომლებითაც ჩვენი თანამოქალაქეები ინტერესდებიან არის თუ არა „ფეისბუქზე“ ვინმე თენგო სუხაშვილის სახელით რეგისტრირებული მომხმარებელი „ტვ12-აჭარას“ თანამშრომელი. როგორც გზავნილების ავტორებმა გვაუწყეს, აღნიშნულ მომხმარებელს თავის სამუშაო ადგილად ტელეკომპანია „ტვ12“ აქვს მითითებული, პარალელურად კი „ფეისბუქში“ რეგისტრირებულ ადამიანებს დაბალბიუჯეტიან ავიაბილეთებსა და იაფ ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს. უფრო მეტიც, როგორც შეტყობინებებიდან ირკვევა, მან მოახერხა კიდეც რამდენიმე მომხმარებლის მოტყუება და მსხვერპლს ავიაბილეთების მიყიდვის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდური თანხებიც გამოსძალა.
გთავაზობთ რამდენიმე პოსტის შინაარსს:
ფეისბუქის ერთ ერთი მომხმარებელი თორნიკე ტატიშვილი ვიდეომიმართვასაც კი ავრცელებს.
როგორც გადამოწმებისას დადასტურდა, თენგო სუხაშვილს სამუშაო ადგილად ნამდვილად ტელეკომპანია „ტვ12“ აქვს მითითებული, უფრო მეტიც, იგი არხის გენერალური დირექტორის 5 ათასამდე მეგობარს შორისაც აღმოჩნდა, სადაც დამატებაზე არც ერთ მსურველს უარს არ ვეუბნებით, თუმცა მსგავსი სახელისა და გვარის პიროვნება ჩვენი თანამშრომელი არ არის და არც არასდროს ყოფილა!
ტელეკომპანია „ტვ12-აჭარას“ ყველა თანამშრომელის სახელ-გვარი და საჯარო მონაცემები განთავსებულია არხის ოფიციალურ ვებ.გვერდზე: www.tv12.info და დაცულია QR კოდით, რომლის სკანირებისთანავე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება. როგორც ხედავთ ამ სიაში თენგო სუხაშვილის სახელი და გვარი არსად გვხვდება.
ჩვენ, ბუნებრივია სუხაშვილთან დაკავშირება და დეტალებში გარკვევა ვცადეთ, თუმცა ამაოდ, ამ დრომდე ის არ გამოხმაურებია ჩვენს ტექსტურ შეტყობინებას, მითითებული ტელეფონის ნომერი კი მუდმივად გამორთულია.
არხის იურიდიულმა სამსახურმა სამართლებრივი წარმოება უკვე დაიწყო და ველოდებით სახელმწიფო სამართალდამცველი სტრუქტურების რეაგირებას!