მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი „სამშობლოს გარეშე“ დარჩენილი დედა – შვილის უმძიმესი აწმყო და უპროგნოზო მომავალი…

„სამშობლოს გარეშე“ დარჩენილი დედა – შვილის უმძიმესი აწმყო და უპროგნოზო მომავალი…

3
0

  აპატრიდი ამიდ მამედოვისა და მისი დედის ამბავი ლამის მსოფლიომ იცის, მაგრამ მათ 9-წლინ ტანჯვას ბოლო არა და არ უჩანს… მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილ დედა – შვილს რამდენიმე წლის წინ „ტვ12-აჭარამ“ სპეციალური გადაცემაც მიუძღვნა, მაგრამ დროის გასვლის მიუხედავად, მათ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა…

  რა პერსპექტივა აქვს „უსამშობლოდ დარჩენილ“ დედა – შვილს საქართველოში, როგორ მოხვდნენ ისინი ჩვენს ქვეყანაში და რატომ იშორებენ მათ ყველა უწყებიდან პასუხის გარეშე?! – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხსაც თავად ამიდ მამედოვი იძლევა თავისსავე წერილში, რომელიც ჩვენმა საინფორმაციო სამსახურმა ქუჩაში მყოფი დედა-შვილისგან მიიღო… სტილის დაცვით გთავაზობთ ამიდ მამედოვის წერილს, რაც ერთგვარი მიმართვაცაა საზოგადოებისადმი:

  -„9 წლის წინ იძულებული გავხდით, საქართველოში ჩამოვსულიყავით. ჩვენ გავიარეთ რეგისტრაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობაში, როგორც იძულებით გადაადგილებულმა პირებმა.

  ბაქოში გაცემულ სამგზავრო პასპორტსა და ბინადრობის მოწმობას ვადა გაუვიდა. ამასთან, ბაქოში UNHCR-ის მინიჭებული სტატუსიც გასრულდა. საქართველოს სახელმწიფომ მოგვიანებით მიგრანტის სტატუსი და ბინადრობის ნებართვა მოგვცა, თუმცა მოქალაქეობის არმქონე პირებად დავრჩით.

  როდესაც პირველად გვინიშნავდნენ სტატუსს, თბილისში, იუსტიციის სახლში, მიგრაციის სამსახურის ორი თანამშრომელი გაგვესაუბრა. მე ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა დედაჩემისთვისაც ბინადრობის ნებართვის მიცემა, რადგან ის ჩემი ღვიძლი დედაა. ორივე თანამშრომელმა უარი მითხრა და მიპასუხა, რომ დედას აზერბაიჯანული პასპორტით უნდა ეცხოვრა.

  ბაქოში გავიცანით ამჟამად ჩვენი დიდი ხნის მეგობარი, ცნობილი მომღერალი – ქალბატონი ნინო ქათამაძე. ის უკვე 16 წელია გვიცნობს და იცის, რა გადავიტანეთ ბაქოში, როგორ გვამცირებდნენ და გვაყენებდნენ შეურაცხყოფას…

  ახლა კი საქართველოშიც უმძიმეს მდგომარეობაში ვართ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მისი მეუღლე მეჰრიბან ალიევა და სოციალური დაცვის სამინისტრო წლების განმავლობაში არ აღიარებენ დედაჩემს საკუთარი ქვეყნის მოქალაქედ, მას პენსიას არ აძლევენ და არც არანაირ დახმარებას უწევენ.

  დედა ხანდაზმული და მძიმედ ავადმყოფია. ჩვენ ბაქოელები ვართ, მაგრამ აზერბაიჯანელები არ გახლავართ, ჩვენ ვართ ირანელები, ჩვენი წინაპრები ირანიდან არიან.

გთხოვთ, გვიშველოთ და დაგვეხმაროთ!

საქართველოში ვკვდებით!

  ამჟამად ბათუმში ვცხოვრობთ და ორივე მძიმედ ვართ ავად. სასწრაფო დახმარების ექიმები ხშირად გვეხმარებიან და გვშველიან, მაგრამ კლინიკაში მისვლას ვერ ვახერხებთ. მკურნალობის გაგრძელების გზას ვერ ვხედავთ. ტკივილისგან გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. მე და დედა წლებია ვიტანჯებით.

ვის მივმართოთ? ვის მივწეროთ?

არავინ გვიცავს და არავინ გვეხმარება.

მე და დედა უკვე 9 წელზე მეტია UNHCR Georgia-ში ვართ რეგისტრირებული. ჩვენი სახელით ყოველთვიურად დახმარების თანხა იხარჯება, მაგრამ რეალურად არავინ გვიცავს და არაფერში გვეხმარება. არც მესამე ქვეყანაში, ევროპაში, გადასახლების საკითხს გვიგვარებენ.

არ გვინდა, რომ საქართველოში დავიხოცოთ.

საქართველო ჩვენთვის აზერბაიჯანს დაემსგავსა

– ვისაც არ უნდა მივმართოთ და სადაც არ უნდა მივწეროთ, არავინ გვეხმარება.

  არსებობს ორი ორგანიზაცია — IOM და UNHCR. ჩვენი აზრით, სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ ჩვენი ევროპაში გადაყვანა, რადგან აქ არავის ვჭირდებით და ჩვენც არ გვინდა საქართველოში სიკვდილი. UNHCR და IOM საქართველოში გვაჩერებენ და გამოსავალს არ გვთავაზობენ.

  გთხოვთ, ნახოთ ჩვენი ვიდეო და გაიგოთ, რა გადაგვხდა თავს. ყველაფერში ამ ორ ორგანიზაციას ვადანაშაულებთ.

 ყველა გვეუბნება: „პარკში დაიძინეთ, ქუჩაში მოკვდითო“...

 წლებია, ვის არ მივმართავთ დახმარებისთვის. ჩამოსული ადამიანები გვიღებენ ვიდეოებს, შემდეგ კი სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა ვებგვერდზე ავრცელებენ.

რა მოხდა თბილისში – საბურთალოზე?..

  თბილისში დიდი უბედურება შეგვემთხვა. ვცხოვრობდით დღიურად ნაქირავებ ბინაში, საბურთალოზე, შალვა ნუცუბიძის ქუჩის 44-ში, მეორე კორპუსის მეორე ბინაში.

  ბინის მეპატრონეები იყვნენ ცოლ-ქმარი – ჯემალი და მედეა. მათგან ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვიტანდით შეურაცხყოფასა და დამცირებას.

  ქმარი უწმაწური სიტყვებით გვაგინებდა. კონდიციონერის პულტი წაგვართვა და ოთახში სიცხისგან ვიხუთებოდით. ოთახს ფანჯარაც კი არ ჰქონდა.

  მეპატრონეებთან 2 820 ლარის დავალიანება დაგვიგროვდა. მე და დედა ვუხსნიდით, რომ თანხას გადავიხდიდით, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემოდა. ისინიც წერდნენ დავალიანების შესახებ, თუმცა მუდმივად გვეუბნებოდნენ, რომ გაცილებით მეტი გვქონდა გადასახდელი… კონდიციონერის გამოყენებისთვის ხან დღეში 20 ლარს გვარიცხინებდნენ, ხან 40-ს, 50-ს ან 60 ლარს.

2025 წლის 3 აგვისტოს ჩვენზე თავდასხმა მოხდა.

  ქმარი და ცოლი თავს დაგვესხნენ ორი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მამაკაცის თანდასწრებით. ისინი, როგორც გავარკვიეთ, „ორი ნაბიჯის“ თანამშრომლები იყვნენ. შემთხვევა მეტრო „დელისთან“, საცეკვაო კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეზობლების თვალწინ მოხდა. ქმარი მცემდა, ყელში მწვდა და იდაყვით მირტყამდა. სხეულის სხვადასხვა ადგილას მაყენებდა დარტყმებს. მოაჯირზე მიმაჯახა, სამზარეულოში შესვლის საშუალებას არ მაძლევდა და ცდილობდა, იქ ძალით შევეყვანე. მისი მეუღლე კი დედას ხელით უბიძგებდა და სახლში შესვლას აიძულებდა.

  მეპატრონემ სახლის გასაღებიც წამართვა. დედას ხელზე ძლიერად უჭერდა. იმ ხელზე, რომელზეც ექიმები ადრე პულსს უსინჯავდნენ. დედა ტკივილისგან ყვიროდა. ჩემი ზურგჩანთა გამომგლიჯა ხელიდან და სამზარეულოს იატაკზე, ფილებზე დააგდო. ჩანთაში მედო ძველი ლეპტოპი და ყველა საჭირო დოკუმენტი. დედას ხელჩანთაც წაგვართვეს. წაიღეს ჩვენი ჩემოდნები და ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა.

  მივირბინე ახლომდებარე პატარა კაფეში, სადაც თანამშრომელმა ტელეფონი მათხოვა. დავრეკე 112-ში და ვთხოვე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის დაუყოვნებლივ გამოგზავნა. ვუთხარი, რომ ბინის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მეპატრონე გვცემდა, გვკლავდა და ყველაფერი წაგვართვა.

  სასწრაფო დახმარება და პოლიცია მოვიდნენ. ექიმებმა დაგვათვალიერეს და დახმარება გაგვიწიეს. ძალიან ცუდად ვიყავით. ექიმებმა ჩვენი სხეულის დაზიანებებისა და ჩალურჯებების ფოტოებიც გადაიღეს.

  თუმცა პოლიციელებმა ჩვენი ჩანთები და დოკუმენტები არ წაიღეს და არც დაგვიბრუნეს. გვითხრეს, მანქანაში ჩასხედით და იქ აგიხსნითო. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში წაგვიყვანეს. იქ ძალიან უხეშად გვესაუბრებოდნენ, ნორმალურად ლაპარაკისა და ჩივილის საშუალებას არ გვაძლევდნენ. გვაწერინებდნენ, რა მოხდა და როგორ განვითარდა მოვლენები.

  საბოლოოდ, დილის დაახლოებით 6:30 საათზე გამოგვიშვეს. გვითხრეს, რომ ფული უნდა გვეშოვა და პოლიციელებთან ერთად მისულიყავით, რათა ნივთები დაგვებრუნებინა. როდესაც მეპატრონე ცოლთან ერთად გვცემდა და ნივთებს გვართმევდა, იქ მყოფი ზოგიერთი მეზობელიც შეურაცხყოფას გვაყენებდა.

  ერთმა მამაკაცმა ხელების ქნევით დამიწყო დაშინება და მეუბნებოდა, რატომ არ იხდით ვალსო. ამართლებდა მეპატრონისა და მისი მეუღლის საქციელს და ამბობდა, რომ ასე უნდა მოქცეოდნენ ჩვენნაირ ადამიანებს.

  მე ვუპასუხე, რომ ჩვენს ჩანთაში მობილური ტელეფონი გვედო, უბრალო ღილაკებიანი ტელეფონი, რომლითაც ნაცნობები გვიკავშირდებოდნენ.

  ის მამაკაცი წავიდა. არ ვიცით, ის იყო თუ არა მეპატრონეებთან დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი ჩანთა გახსნეს და ტელეფონი ამოიღეს. შემდეგ ის მამაკაცი დაბრუნდა და ტელეფონი მოგვიტანა.

  ვის აქვს უფლება სხვისი ჩანთიდან პატრონის პირადი ნივთები ამოიღოს? ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ შესაძლოა, ის მეპატრონის ქალიშვილის ქმარი იყო. მეპატრონის დედაც გვიბიძგებდა და გვთხოვდა, თავი დაგვენებებინა. ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ ავად ვიყავით და სასწრაფო დახმარება გვჭირდებოდა…

  მე ხმამაღლა ვყვიროდი: „გეყოფათ, რატომ გვჩაგრავთ და რატომ სცემთ ჩამოსულ ადამიანებს? ეს დოკუმენტები და ჩვენი ნივთებია! რას აკეთებთ“, მაგრამ არავინ გამოგვესარჩლა.

  მეპატრონეს ადრეც უცდია მეზობლის თანდასწრებით დედაჩემის შეურაცხყოფა. ის ხშირად აგინებდა ჩვენს ნაცნობებსაც… იმავე დღეს, 3 აგვისტოს, თავდაპირველად ცოლ-ქმარი სახლში გვემუქრებოდა. ტელეფონით გვიღებდნენ ფოტოებს და გვაიძულებდნენ, დაგვეწერა, რამდენი ვალი გვქონდა.

  დედამ დაწერა, რომ როგორც კი დახმარებას მივიღებდით, თანხას დავაბრუნებდით. მიუთითა სახელი და გვარი. ჩვენი პასპორტებიც გადაიღეს.

  ამის შემდეგ კი თავს დაგვესხნენ, გვცემეს და ნივთები წაგვართვეს. მე და დედა მუდმივად ვრეკავდით სხვადასხვა უწყებაში და ამ ადამიანების შესახებ ვჩიოდით.

UNHCR-ისა და IOM-ის მიმართ პრეტენზიები

  ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ჩვენ დაგვემართა?

UNHCR-მა მოგვატყუა. თანამშრომელმა, სახელად ამიდმა, გვითხრა, რომ ანკეტა შეგვევსო და დაგვეწერა ჩვენი მდგომარეობის შესახებ. დაგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდნენ, ვალსაც გადავიხდიდით და ორი თვით სხვა ბინაში გადასვლაშიც დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ დაპირებული დახმარება არ მიგვიღია…

  4 აგვისტოს დილით მე და დედა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოვედით და საბურთალოს პოლიციაში, პეკინის ქუჩაზე წავედით. იქ მხოლოდ UNHCR-ში დარეკეს და შეატყობინეს, რომ დახმარება გვჭირდებოდა, რადგან მათთან ვიყავით რეგისტრირებული. UNHCR-მა კი უპასუხა, რომ ჩვენი დახმარება მათი ვალდებულება არ იყო და არ ევალებოდათ ჩვენი დახმარება. მაშინ ჩნდება კითხვა: რისთვის არსებობენ ეს ორგანიზაციები და ვის ემსახურებიან?

გთხოვთ, გვიშველოთ! დაგვეხმარეთ!

  თქვენც ხომ გყავთ დედა და გწამთ ღმერთი?!. ჩვენ აღარ შეგვიძლია ასე ცხოვრება. ორივე ავად ვართ და ყოველდღიურად გვიწევს ტკივილისა და გაჭირვების ატანა.

  გთხოვთ, ყურადღებით ნახოთ ჩვენი ვიდეო და გაიგოთ, რა გადაგვხდა თავს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +995 593 284 150

საბანკო ანგარიში — TBC Bank:

ანგარიშის მფლობელი: ამიდ მამედოვი

SWIFT კოდი: TBCBGE22

IBAN: GE93TB7748645064300027

 Google-ში შეგიძლიათ მოძებნოთ სახელი „ამიდ მამედოვი“ — იხილავთ გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალას, რომლის ქვემოთაც ჩვენი მონაცემები და საბანკო ანგარიშიც არის მითითებული.

გმადლობთ გაგებისთვის. იყავით დალოცვილნი!

  P.S. ბოდიშს გიხდით, ერთი მნიშვნელოვანი გარემოების დაწერა დამავიწყდა: 2025 წლის აგვისტოს თვეში, თბილისში მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მე და დედა ბათუმში ჩამოვედით. გვინდოდა, დახმარება გვეთხოვა მთავარი მუფთისთვის, ჯუმა პარასკევს, რათა მუსლიმებს ჩვენი მდგომარეობა გაეგოთ... თუმცა მუფთს ჩვენი მოსმენა არ სურდა და გვითხრა, რომ ვერაფრით დაგვეხმარებოდა.

  შემდეგ კლინიკა „ბაუში“ მივედით და მის დირექტორს მივმართეთ. ის გვიცნობს, იცის ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ კლინიკაში მკურნალობისთვის თანხის გადახდაა საჭირო, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ კი ორივე ავად ვართ და მკურნალობა გვჭირდება

  2025 წლის 31 აგვისტოს ბინის მეპატრონემ დაგვირეკა და გვითხრა: „დედა როგორ არის? კარგად არის? ახლა სად იმყოფებით?“

  ჩვენ არ გავუმხილეთ, სად ვიყავით.

  მან გვითხრა, რომ თავისი ხალხი ჰყავდა და ჯერჯერობით არაფერს გვიშავებდა. ასევე გვაცნობა, რომ ჩვენი ჩანთები, დოკუმენტები და ჩემოდნები სარდაფში ჩაყარა. შემდეგ დაგვემუქრა: „თუ 10 დღის განმავლობაში ვალს არ გადაიხდით და თქვენს ნივთებს არ წაიღებთ, ყველაფერს ჩემს ხალხს დავურიგებ“. მათ შორის ჩვენს ჩანთებსაც, რომლებშიც პირადი დოკუმენტები გვქონდა.

  როგორც კი ეს გავიგე, მაშინვე დავრეკე 112-ში. ასევე დავუკავშირდი თბილისში, საბურთალოზე, პეკინის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებას. ამის შემდეგ ბათუმში, ორთა ჯამის მეჩეთის მიმდებარედ პოლიციის განყოფილებაში მივედი და განცხადება დავწერე. პოლიციაში მითხრეს, რომ ბინის მეპატრონეს ყველაფერს შეატყობინებდნენ.