მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და… ომი არ იქნება!“ – ქართველი ბავშვების ტრიუმფი...

„აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და… ომი არ იქნება!“ – ქართველი ბავშვების ტრიუმფი სომხეთში

1426
0

7 ივნისს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქმა – ერევანმა, სტანისლავსკის სახელობის დრამატულ თეატრში, საქართველო – სომხეთის ერთობლივ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა.

ერევანში გამართულ საქართველო – სომხეთის ერთობლივ საერთაშორისო ფესტივალზე სომეხი მაყურებლის წინაშე წარმატებით გამოვიდნენ საქართველოდან მიწვეული ბავშვთა ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, კერძოდ:  ქ. ქუთაისის სკოლა „მერმისის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერმისი“ /ხელმძღვანელები ეთერ ჩაკვეტაძე და ლაშა აბაზაძე/; ქ. კასპის ცეკვის აკადემია „დიდგორი“ /სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთევან მონასელიძე, მთავარი ქორეოგრაფი მარინა რუსიშვილი/; ქ. გორის ვოკალური სტუდია „ფანტაზია“ და ს/ხიდისთავის ხელოვნების სკოლის სოლისტები /ხელმძღვანელები ნანა პავლიაშვილი და ხათუნა ოგიაშვილი/; ქ. ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი „პირიმზე“ /ხელმძღვანელი ნინო სილაგაძე/ და ქ. თბილისის ფოლკლორული ანსამბლი „თორდა“ /ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი/.

მათ ღირსეულად წარადგინეს ქართული ხელოვნება და კულტურა მთელი სრულყოფილებით, მთელი ბრწყინვალებით, რის გამოც სომხეთის ხელოვანთა და ქორეოგრაფიული კავშირების სახელით ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები დაიმსახურეს…

გაგიკ მხითარიანი, სომსეთის რესპუბლიკის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე: – ქართული სიმღერა თუ ცეკვა საოცრებაა და რამდენჯერაც ვეზიარები ამ საოცრებას აქ, ერევანში თუ თქვენთან, საქართველოში გამართულ ფესტივალებზე, მუდამ რაღაც ახალსა და საინტერესოს ვპოულობ, ხოლმე… ასეა ამჯერადაც, დღეს ისევ მომეცა საშუალება მოვხიბლულიყავი საქართველო – სომხეთის ერთობლივ საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოსული ქართული ანსამბლების შემოქმედებით, ამ პატარა გოგო – ბიჭების არტისტიზმით, დახვეწილი მანერით, არაჩვეულებრივი პლასტიკითა და ქართული სიდარბაისლით… მადლობა ამ შესაძლებლობისთვის! ზედმეტი არ იქნება, თუ გავიმეორებ წლების წინანდელ ფრთიან ფრაზას: „აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და… ომი არ იქნება!“

კარენ ნერსისიანი, სომსეთის რესპუბლიკის ქორეოგრაფთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი: – ქართველების ჩვენს ქვეყანაში სტუმრობა, ჩემთვის ყოველთვის დიდი ზეიმია, ამჟამადაც ასეა, ქართველი ბავშვები მოწოდების სიმაღლეზე დგანან. გილოცავთ ამ წარმატებას! ვიმედოვნებ, რომ ორ ქვეყანას შორის ასეთი მდიდარი კულტურული ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება, მადლობა თქვენ, ჩემო კოლეგებო, ამ სილამაზისთვის!

ნატო ბერია