მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარაში სოფლის ექთნების ხელფასი გაიზარდა

აჭარაში სოფლის ექთნების ხელფასი გაიზარდა

169
0

2018 წლის პირველი იანვრიდან, აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზრაურება გაიზარდა. სახელფასო დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს. უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. დანამატს 110 ექთანი მიიღებს. აქამდე ექთნები ხელფასის სახით ხელზე 455 ლარს ღებულობდნენ.

აღნიშნული სიახლის შესახებ, დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის ექთნებთან გამართა. მინისტრმა სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2018 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო.

სამინისტრო 2014 წლიდან დამატებით შრომის ანაზღაურებას სოფლის ექიმებზეც გასცემს. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის – 150 ლარი გამოიყოფა. დანამატს 107 ექიმი ღებულობს.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

2018 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრება.