მთავარი სტატიები წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა… ანუ ბათუმს ქათქათას… და არა მარტო ბათუმს…

წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა… ანუ ბათუმს ქათქათას… და არა მარტო ბათუმს…

360
0

აჭარის სანაპირო ზოლი ზღვასმოწყურებული დამსვენებლებით ივსება. მართალია, ჯერ კურორტისათვის სადაგი ამინდებით მაინც და მაინც ვერ დავიტრაბახებთ, მაგრამ რეგიონის პლაჟები ჭრელა-ჭრულა ფერებით უკვე შეიმოსა. ნაზამთრალი აჭარის სანაპიროსა თუ ქალაქების ქუჩებში სეზონის წინ, უცხო თვალისთვის ყველაზე შესამჩნევი ნაგვის გროვებია, რომელთა გატანასაც დასუფთავების სამსახურის მუშაკები პრაქტიკულად ვერ ასწრებენ. გარდა ამისა, პრობლემებია ბათუმისა და ქობულეთის გარე უბნებში, ზღვასთან, მდინარეების შესართავებთან, სასოფლო გზებზე… როგორც მოსახლეობა აცხადებს, სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენები ძირითადად მდინარეებთან ახლოს იყრება, რადგან ბევრ სოფელში სანაგვე ურნები ან არ არსებობს ან არასაკმარისია, შემდეგ კი როცა მდინარე დიდდება, ნარჩენები ქალაქში ჩამოაქვს.
სად არის გამოსავალი? ამ კითხვით შპს «სანდასუფთავების» ხელმძღვანელობას მივმართეთ, სადაც პრობლემის რეალობა დაგვიდასტურეს და აგვიხსნეს, რომ სანაპირო ზოლის დასუფთავება ტენდერის მოთხოვნების მიხედვით მხოლოდ 4 თვის (ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი) განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, სადაც დაახლოებით
2 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ურნებს, სანდასუფთავების სამსახურის მესვეურთა განმარტებით, დადგმულია მხოლოდ იქ, სადაც გზა იძლევა ამის საშუალებას. ბევრი სოფელი ურნების გარეშე დარჩა ცუდი გზების გამო, ხოლო იქ, სადაც ურნები
არის დადგმული, ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს იწმინდება.
პრობლემასთან გამკლავებას ბათუმის მერიის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურებიც ცდილობენ, თუმცა პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია. დანაგვიანებულია ქობულეთის ზღვისპირა ზოლი, რომელიც არსებული ბიუჯეტის სიმწირის გამო სამწუხაროდ, მხოლოდ ზაფხულში ლაგდება. როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურის სანსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ამაღლობელმა განგვიცხადა, ურნების ყველა სოფელში დადგმის შემთხვევაში ნაგავი აღარ გადაიყრება მდინარეში და შესაბამისად ზღვისპირა ზოლი აღარ დანაგვიანდება. თუმცა ამ საკითხის გადაწყვეტა ჯერ ჯერობით შეუძლებელია, რადგან ბევრ სოფელში ცუდი გზების გამო სანდასუფთავების სატვირთო მანქანები ვერ ადიან. პრაქტიკულად იმავე მიზეზს ასახელებენ ბათუმის მერიასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც, ხშირად ადიდებულ ჭოროხსა თუ ყოროლისწყალს, ათეულობით სოფლის საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბათუმში ჩამოაქვს, რაც შემდეგ ზღვის სანაპიროზე იფანტება.
3ბათუმის უნივერსიტეტის ბიოლოგიის კათედრის თანამშრომელთა აზრით, ყველაზე მეტად სავალალოა ზღვისპირა ზოლში გადაყრილი ათასობით პლასტმასის ბოთლი, რომლებიც ასი წლის განმავლობაში იქნება ჩვენი შვილების და შვილიშვილების პრობლემა, იმიტომ რომ პლასტმასი უხრწნელია. ამასთან, არავითარ შემთხვევაში ცხოველს არ უნდა მიეცეს ნაგავთან მიახლოების საშუალება, რადგან შემდეგ მისი ნაწველი ან ხორცი საზიანო იქნება ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
დავრწმუნდით რა პრობლემის სიცხადეში და იმაშიც, რომ ჯერჯერობით ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მისი გადაჭრა ვერ ხერხდება, ჩავთვალეთ, რომ ქალაქის მოვლა – პატრონობა თითოეული ჩვენგანის ვალია, ამიტომ წუწუნს კონკრეტული საქმე ვამჯობინეთ და სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ასოციაცია ,,ღირსეული სიბერის” ბენეფიციარებთან ერთად ინიციატივით გამოვდივართ – ერთობლივად დავასუფთაოთ გარემო! სწორედ ამ მიზნით, ,,ხანდაზმულთა რესურს ცენტრის” ბენეფიციარებმა და გაზეთ ,,აჭარა P.S.”- ის ახალგაზრდა ჟურნალისტებმა, ასევე კლუბის ,,ქობულეთი ნარჩენების გარეშე” წევრებმა (ხელმძღვანელი ერეკლე ნოღაიდელი) ზღვის სანაპირო დავალაგეთ. დასუფთავების აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ის შემდგომშიც გაგრძელდება.
4წერილის ბოლოს იმ ორი სასიამოვნო სიახლის შესახებაც გვინდა შევახსენოთ მკითხველს, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ დაინერგა ბათუმში. ქალაქში მიწისქვეშა ნაგვავშემკრები ურნები დამონტაჟდა. პირველი ექვსი ასეთი ურნა ესენინის ქუჩაზე დაიდგა. თითოეული ურნა 2-დან 3 კუბურ მეტრამდე ნარჩენს იტევს. სამონტაჟო სამუშაოები შპს – „ზიმო 7“-მა შეასრულა. თითოეული ურნის დასამონტაჟებლად ბიუჯეტიდან 8 000 ლარი დაიხარჯა. კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, ურნა ჰერმენტულია და ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისაგან დაცულია. მიუხედავად ტევადობისა, ნარჩენის გატანა ყოველდღიურად ხდება. მერიის თანამშრომელ თენგიზ კორძაძის თქმით, მომდევნო ეტაპზე კიდევ 6 ურნა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე დაიდგმება.
10200_nბათუმის ბულვარი კი ევროპულ სტანდარტებზე გადადის, აქ ევრსტანდარტების შესაბამისი 200 ახალი სამგანყოფილებიანი ურნა განთავსდა. სანაგვე ურნები პოლიეთილენის, ქაღალდისა და მინის ნარჩენებისთვის არის გათვალისწინებული. მოქალაქეები ნარჩენებს ურნებზე დატანილი წარწერების მიხედვით ჩაყრიან.
მოკლედ, როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს, მუნიციპალური ხელისუფლება ყველა ძალისხმევას იყენებს სუფთა ქალაქისა და სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად, ბათუმს ხომ ქათქათას სახელი ტრადიციად მოსდგანს და ახლა, როცა ამ ზღვისპირა მარგალიტს უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმარი სტუმრობს, მისი სისუფთავე არა მარტო ქალაქის სილამაზის წინაპირობაა, არამედ, ჩვენი, როგორც მასპინძლების კულტურაზეც მეტყველებს.

რუსუდან თხილაიშვილი

logo_n