2018 წლის შემოდგომაზე საქართველო მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმში უმასპინძლებს. ოლიმპიადის გამართვასთან დაკავშირებით და ინსპექტირების მიზნით დღეს ბათუმში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები კახა კანდელაკი და შალვა გოგოლაძე და ფიდეს (მსოფლიო საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაცია) ოფიციალური დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში სამუშაო ვიზიტით მყოფ სტუმრებს უმასპინძლა. დაათვალიერეს სპორტის სასახლის მიმდინარე მშენებლობა, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იგეგმება. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმში 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 180-ზე მეტი ქვეყნის 4 000-მდე მოჭადრაკე და ოფიციალური პირი. საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად სამთავრობო კომისია, შემდეგ კი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. ოლიმპიადის გამართვის პირველი, ცენტრალური ადგილია ბათუმის ორ დარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის იქნება განკუთვნილი და ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული, ასევე მასობრივი სპორტის განვითარებას რეგიონში. სასახლის ორი დარბაზიდან დიდი 2 500 სტუმარზე, ხოლო პატარა – 600 სტუმარზეა გათვლილი. პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება და 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას ითვალისწინებს. ოლიმპიადის გამართვის მეორე ლოკაციაა ყინულის არენაა. იგი ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ფართობი:17410 კვ.მ) განთავსდება. შენდება დახურული სპორტული კომპლექსი. ყინულის არენა გათვლილია 1500 მაყურებელზე, საერთო ფართობი კი შეადგენს 10 500 კვადრატულ მეტრს. დელეგაციას ფიდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი გეორგიუს მარკოპულოსი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე, არიან ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი და ფიდეს აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ბორგი. ასევე, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი. დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ფიდეს დელეგატებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართება.