„დიასამიძის ქუჩაზე პირველი ფენა ასფალტის საფარის დაგება დღეს დასრულდება“ – ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბარცხანის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების დროს მოსახლეობასთან განაცხადა. ,,დღეს ჩვენ ვიმყოფებით ბარცხანის დასახლებაში, დიასამიძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს ასფალტის დაგების სამუშაოები, მოგეხსენებათ, ბარცხანის დასახლებაში დაგეგმილია 18 ქუჩისა და ჩიხის რეაბილიტაცია. ამავე დროს, შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით დამატებით 15 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2018 წელსაც გაგრძელდება დასახული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას ბოდიში მოვუხადო გადაადგილებასთან დაკავშირებული შეფერხების გამო“. – აღნიშნა ლაშა კომახიძემ. ბარცხანის დასახლებაში უკვე დასრულდა წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის, ასფალტის საფარის, ბაზალტის ბორდიურებისა და ტროტუარებზე ორშრიანი დეკორატიული ფილების მოწყობა. ამ დროისთვის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა 10 ქუჩაზე. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ნონეშვილისა და ქათამაძის ქუჩების რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო და 2018 წლის ივნისში დასრულდება. ბარცხანის ქუჩების პროექტის ღირებულება 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს.