ყოველი არჩევნებისადმი მოსახლეობის გულგრილი დამოკიდებულების მიუხედავად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ქობულეთელთა განსაკუთრებული აქტიურობა შეინიშნება. ამის მიზეზი ის არის, რომ საზოგადოებაში დიდია ინტერესი თუ ვის უნდა ანდონ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი მუნიციპალიტეტის მმართველობა… და რადგან ეპოქებს ადამიანები ქმნიან, არანაკლებ მნიშვნელოვანია შემოთავაზებულ კანდიდატთა სპექტრიც, რომელშიც, როგორც ამბობენ, მართლაც მრავალფეროვანი, საინტერესო და გულანთებული ქობულეთელებია წარმოდგენილი… მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული“ საქართველოსა და მისი მერობის კანდიდატის – მირიან ქათამაძის ხედვა ქობულეთისა და ქობულეთელთა შემდგომი ოთხწლიანი წინსვლისა თუ მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით.
მინი დოსიე: დაიბადაა1977 წლის 30 მარტს ქობულეთში წარმატებული აგრონომისა და პედაგოგის ოჯახში. პროფესიით იურისტია, მუშაობდაასაპასუხისმგებლო თანამდებობებზე „აჭარის ენერგოკომპანიაში“, „ბათუმის საზღვაო ნავსადგურში“, ბათუმის ნავთობტერმინალში, „ნიუ ოილ ტრანს კომპანიაში“; იყო ბათუმის საზღვაო – სავაჭრო ნავსადგურის გენერალური დირექტორი; ეწეოდააკერძო საადვოკატო პრაქტიკას; ასევე გახლავთ ბათუმის შ. რუსთაველის სახ. უნივრსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი.
ქობულეთის მერად წარდგენამდე იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.
– ბატონო მირიან, დღეს, როცა „ქართული ოცნების“ მისამართით ამდენი საყვედური ისმის, რატომ გადაწყვიტეთ, რომ უშუალოდ ამ პარტიიდან გეყარათ კენჭი?
– ვხვდები რისი თქმაც გინდათ და მესმის კიდეც თქვენი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს საყვედურები სამართლიანია, ის ხშირად ოპოზიციის მხრიდან გაისმის და ხალხის განწყობაზეა მომართული, ხალხი კი ბრძენია, ის კარგად აანალიზებს შავსა და თეთრს, იმას, რომ დღეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ქვეყნის განვითარება. ჩემ გვერდით გაბედული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი დგას, სრულად ვაცნობიერებ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რასაც მერის თანამდებობა ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩემთვის, თუმცა ჩემი პოლიტიკური გუნდის თანადგომა და საკუთარ კუთხეზე ზრუნვის უდიდესი სურვილი მმატებს რწმენას, რომ შევძლებ, ღირსეულად ვემსახურო ხალხს და საკუთარი ცოდნა-გამოცდილება მათ კეთილდღეობასა და ქობულეთის გაძლიერებას მოვახმარო.
– ე.ი. გინდათ მითხრათ, რომ თქვენი გუნდი იმსახურებს ნდობას, რათა `ქართულ ოცნებას~ მეორედ ჩაგაბაროთ მუნიციპალიტეტის სადავეები?
– გასულ წლებში ქობულეთში ბევრი რამ გაკეთდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დაიწყო არნახული ინფრასტრუქტურული პროექტები, მოწესრიგდა გზები, ქუჩები, სანიაღვრე არხები, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელიც.
– მაშინ გვითხარით რა არის #1 პრობლემა მუნიციპალიტეტში?
– მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უმნიშვნელოვანესია ნაპირსამაგრი სამუშაოები. მუშავდება ქობულეთის ბულვარის განაშენიანების ძალიან საინტერესო პროექტი, რაც ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა შეუზღუდავი წყალმომარაგება.
ძალიან დიდი პრობლემაა იპოთეკარების თემა, ტურისტული ბიზნესით დაკავებული ის ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალდნენ და აღებული სესხები ვერ გადაიხადეს, დღემდე იბრძვიან საკუთარი ოჯახების გადასარჩენად.
სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრირება მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა.
თითქმის ყველა სოფელში დგას შიდა გზების კეთილმოწყობის საკითხი, რომელიც ერთ ერთიი პრიორიტეტი იქნება 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.
– ეს პრობლემათა კასკადია, საკმაოდ რთული და შრომატევადი… რადგან ამ პრობლემებს ასიგრძეგანებთ, მათი გადაჭრის გზებზეც ხომ არ გაქვთ ნაფიქრი?
– რა თქმა უნდა, თუ საშუალებას მომცემთ თქვენს მკითხველს ძალიან მოკლედ მოვუყვები თუ როგორ ვფიქრობ ამ პრობლემებთან გამკლავებას.
– გისმენთ.
– დავიწყოთ წყალმომარაგებით, ამ მიმართულებით ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, 2016 წლიდან კი შეიქმნა ორგანიზაცია „აჭარის წყლის ალიანსი“, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩაერთო პრობლემის სრულ მოგვარებაში და ამისათვის ქობულეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 22 ათასი ლარი იქნება საწევრო გადასახადი. რაც შეეხება იპოთეკარების თემას, მე, როგორც იურისტი, ჩემს გუნდთან ერთად ვეცდები სამართლებრივ დონეზე მოხდეს ამ პრობლემის შესწავლა და შეძლებისდაგვარად მისი გადაწყვეტა. ასევე გითხარით სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრირების პრობლემაზეც, რომლის გადაჭრის მექანიზმის შესამუშავებლად და შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად ვიმუშავებ მუნიციპალიტეტში ჩემს გუნდთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მათ შორის, არ გამოვრიცხავ რომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც კი წარვადგინოთ.
– დიდი ამბიციები გქონიათ, მაგრამ როგორ დამაჯერებთ, რომ ეს ყოველივე ოცნება არ არის და ჩანაფიქრის ფრთაშესხმას შეძლებთ, რა ბერკეტები გაქვთ საამისოდ?
– საქართველოს ხელისუფლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2018-2021 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, დაახლოებით, 66,4 მლნ ლარს გამოყოფს. ასე რომ, ერთიანი ძალისხმევით უფრო მიმზიდველს გავხდით ქობულეთსა და მთელ მუნიციპალიტეტს. თვითმმართველობის სისტემა საშუალებას გვაძლევს, ჩვენვე განვსაზღვროთ პრიორიტეტები და ადგილობრივი ბიუჯეტი მოსახლეობისა და ჩვენი კუთხის საჭიროებების შესაბამისად გამოვიყენოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქობულეთი იქცეს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად, უფრო განვითარდეს საზღვაო, კულტურული, სამედიცინო, სპორტული, სამთო ტურიზმი. გაუმჯობესდება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, ამ მიმართულებით გაგრძელდება დაწყებული და საჭიროებისამებრ დაიგეგმება ახალი პროექტები.
– სოფელს რას უპირებთ, აქ ყველაზე მეტად უჭირს მოსახლეობას…
– ამაზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ, თავად სოფელში ვარ გაზრდილი და კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რაც რიგით ადამიანებს აწუხებთ, ამიტომ ხელს შევუწყობთ სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას. გაგრძელდება ყველა სახელმწიფო პროექტი, რომელიც გააუმჯობესებს და გააიოლებს ქობულეთის სოფლებში სასოფლო საქმიანობას და სოფლად მოყვანილი პროდუქტის სრულფასოვან რეალიზაციას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქობულეთი იყოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე ადგილი. ყველა შესაძლებლობას თითოეული ოჯახის საკეთილდღეოდ გამოვიყენებთ. მე მჯერა საკუთარი შესაძლებლობების. მაქვს გამოწვევებთან გამკლავების, სირთულეების დაძლევის გამოცდილება, კარგად ვიცი წარმატების ფასი.
– ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენი საქმიანობა, ძირითადად, მიმართული იქნება ტურიზმის განვითარებისკენ და ამისთვის შესაბამის უწყებებთან აქტიურად ვითანამშრომლებთ. ქობულეთი მხოლოდ საზღვაო კურორტი არ არის. აქ რამდენიმე საოცარი ხეობა, 4 დაცული ტერიტორიაა, რომლებიც მიმზიდველია ტურისტებისთვის; მათ ასევე განსაკუთრებით მოსწონთ პეტრას ციხე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, ვგეგმავთ აქ მოეწყოს ვიზიტორთა ცენტრი. კულტურული მემკვიდრეობის ძალიან ბევრი ძეგლია. მისასვლელები უნდა გაკეთდეს, ინფრასტრუქტურა სათანადოდ მოწესრიგდეს. უდიდესი რესურსია სამედიცინო თუ კულტურული ტურიზმის განვითარებისა. ქობულეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ შავი ზღვისპირეთში მიმზიდველ მუნიციპალიტეტად უნდა ვაქციოთ და, ვფიქრობ, სწორი საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად, აჭარის მთავრობასთან ერთად, ამას შევძლებთ.
– ქობულეთის საკურორტო ზონაში „ნაციონალების“ მიერ ანგაჟირებული ე.წ. ყაზახური ინვესტიციების წყალობით წლების წინ აფეთქებული მრავალსართულიანი კორპუსების ადგილას ორმოები და ეკალ-ბარდებად ქცეული ადგილები შეგვრჩა. მოუწყობელია პლაჟზე გადასასვლელები, არ არის საპირფარეშოები და ა. შ. გაქვთ თუ არა რაიმე კონკრეტული გეგმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად?
– როგორც უკვე გითხარით, ჩემი პროგრამის მთავარი პრიორიტეტია ტურიზმის ხელშეწყობა, ხოლო 2018 წელს მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი სანაპიროს კეთილმოწყობა იქნება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სანაპიროზე ინფრასტუქტურის კეთილმოწყობა გასული წლიდან დაიწყო. მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მალე კი სანაპიროს 2 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება, ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ყოველწლიურად ხორციელდება ზღვაზე პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანა. დაწყებული პროექტები გაგრძელდება, მაქსიმალურად ვეცდებით ტურისტებისთვის კომფორტული დასვენების გარემო შევქმნათ.
– წლებია ველოდებით სასპორტო სკოლის მშენებლობის დაწყებას, არის თუ არა ის თქვენს პრიორიტეტებში?
– ამ საკითხზე ჯერ კიდევ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეობისას დავინტერესდი. ის, რომ ქობულეთს დღეს არ აქვს სპორტული კომპლექსი, უპირველესად წინა ხელისუფლების ანუ `ნაციონალების~ მმართველობის `დამსახურებაა~, შეძენილი გახლდათ ისეთი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი, რომელიც ჩანასახშივე განწირული იყო. ჩემი ერთ ერთი უმთავრესი დაპირება იქნება ქობულეთში რაც შეიძლება მალე აშენდეს ახალი სასპორტო სკოლა, რადგან ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
– ქობულეთში მუსლიმი მრევლისთვის პანსიონის გახსნის თემასაც მინდა შევეხოთ. გაქვთ რაიმე გეგმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
– თემა ჩემთვის კარგად ნაცნობია, თუმცა საჭიროებს ძირეულ შესწავლას, რადგან ძალიან სენსიტიურია და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია დაინტერესებული პირების პოზიციები, რათა გადადგმული ნაბიჯები მისაღები იყოს ყველასათვის. რელიგიის თავისუფლება საზოგადოების ერთ-ერთი დიდი მონაპოვარია, ჩემთვის მნიშვნელოვანი ეს ღირებულება საქმიანობის პრინციპი იქნება მომავალშიც.
– ვის მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტად?
– ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე პატივს ვცემდი ოპონენტებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა კანდიდატი ღირსეული კონკურენტია და რომელიმეს ვერ გამოვყოფდი მათ შორის. თუმცა ვთვლი, რომ„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივო ძალაა, რომელმაც შეცვალა ქვეყნის უახლესი ისტორია, დიდი ნდობით სარგებლობს მოსახლეობაში და მჯერა, 21 ოქტომბერს მოსული ამომრჩეველი, რომელიც მიცნობს, იცნობს ჩემს განვლილ გზას, გამომიცხადებს ნდობას.
– და ბოლოს, გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– ორი ვაჟი მყავს – ანდრია და საბა, მეუღლე – მირანდა მაჭავარიანი პროფესიით ფინანსისტია და საკმაოდ წარმატებულიც, თუმცა 6 წლის წინ, მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა კარიერაზე და შვილების აღზრდისთვის მიეხედა. ეს მისი, როგორც დედის გადაწყვეტილება იყო და ამის გამო მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.
– თუ კი თქვენ გახდებით მუნიციპალიტეტის მერი, როგორ ფიქრობთ, ოთხი წლის შემდეგაც ასეთივე გულწრფელ მირიან ქათამაძედ დარჩებით?
– თუკი, ქობულეთის მოსახლეობა ჩემი ვადის ამოწურვის შემდეგ კმაყოფილი იქნება, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები და ჩავთვლი, რომ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამოცანა შევასრულე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამაზე დიდი ბედნიერება, შესაძლებლობა, პატივი, უფლის წყალობა არ არსებობს, იზრუნო იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც გაიზარდე. მე მქონია ბევრი გამოწვევა, გამარჯვებებიც და ამ ახალი გამოწვევის ნამდვილად არ მეშინია. მთელი შეგნებით, გააზრებული გადაწყვეტილებით ვერთვები ამ შრომაში, მშობლიური მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. გულწრფელად მინდა, ბოლომდე დავიხარჯო და ყველაფერი გავაკეთო, რომ ქობულეთის ისტორიაში ჩემი საქმიანობა შევიდეს, როგორც საქმის კეთების პერიოდი.
ჯემალ მეგრელიძე