ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მდებარე ჰესის „აჭარა ენერჯი 2007“-ის შესასვლელი მოსახლეობამ გადაკეტა. მოთხოვნა დაპირებული კომპენსაციის მიღება გახლდათ. შეკრებილების განცხადებით ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და პირველ მაისს მთელი დღით მოაწყობენ პიკეტირებას, თუკი მათ მოთხოვნას ჰესის მშენებელი კომპანია არ გაითვალისწინებს. -„7 თვის წინ უნდა გარკვეულიყო კომპენსაციის საკითხი და ისევ არ გველაპარაკება კომპანია. პოლიცია ადგილზე არ მოსულა, რა უნდა ეთქვათ, რომ მოსულიყვნენ? ჩვენი სურვილით დავიშალეთ და ისევ მოვალთ, თუ არ მოგვისმენენ,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზვიად ჯიხაძემ. მისი თქმით, კომპენსაციის საკითხი კირნათისა და აჭარისწყლის თემებში დაახლოებით 210 ოჯახს ეხება.