დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომა მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სასიამოვნო სიახლით გახსნა. ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
-„გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება, რომლის საფუძველზეც 2023 წელს, ჩვენი რეგიონი, აჭარა და კერძოდ ბათუმი მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ, ტურიზმის ოსკარის გალა ღონისძიებას World Travel Awards-ს უმასპინძლებს. ჩვენ ამ ღონისძიებით, კიდევ უფრო მეტად დავაჩქარებთ როგორც ეკონომიკის, ასევე ტურიზმის აღდგენის პროცესს“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა 2023 წელს უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა ბათუმის ცენტრალური პარკია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაამუშავა ბათუმის ცენტრალური პარკის პროექტი, რომელიც გაშენდება ქალაქის შიდა ნაწილში არანაკლებ 22 ჰა ტერიტორიაზე. ,, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ ტურიზმის ხელშეწყობას, განვითარებას, საზოგადოებისთვის და ქალაქისთვის ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნას. ურეხის და ე.წ. სტეფანოვკის დასახლებაში გაშენდება ახალი რეკრეაცია, ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, ეს ახალი პარკი შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრს ტურისტული თვალსაზრისით, ამასთან ჩვენს თანაქალაქელებს ექნებათ გართობისთვის და დასვენებისთვის ახალი, ძალიან მიმზიდველი სივრცე’’ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, რომლის მიხედვითაც ტერიტორიაზე აშენდება საბაგირო და დაუკავშირდება არგოს მთას, რითაც შეიკვრება ერთგვარი სამკუთხედი და საბაგიროს მეშვეობით ტერიტორია დაუკავშირდება ბულვარს. პროექტის ფარგლებში ბათუმში შეიქმნება მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის სწორი ურბანული განვითარებისთვის. სახელმწიფო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობაში არანაკლებ 14 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
თორნიკე რიჟვაძემ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა. მოქალაქეებს მოუწოდა გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ასევე მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი პროფესია შრომისმოყვარეობასა და თავდადებასთან ასოცირდება.