მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება რეზო ხარაზის ბრიფინგი

რეზო ხარაზის ბრიფინგი

143
0

” ბიუჯეტის ფაროსანა ” – ასე უწოდა რეზო ხარაზმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროებს დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში აჭარის მთავრობის აპარატსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამინისტროებში გაცემულ პრემიებსა და დანამატებთან დაკავშირებით ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის და ოთხი მინისტრის დანამატების შესახებ ხუთი თვის მონაცემები ნაციონალური მოძრაობის  აჭარის ორგანიზაციამ გამოითხოვა და გაასაჯაროვა. რეზო ხარაზის განცხადებით,, ზურაბ პატარაძეს ხუთ თვეში 28 960 ლარი, ეკონომიკის მინისტრს 28 300 ლარი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს 19 140, ხოლო შრომის,  ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრსა და ასევე განათლების მინისტრს შესაბამისად 23 800 – 23 8 00 ლარი დაერიცხათ.

რეზო ხარაზის განცხადებას პასუხი გასცეს მთავრობაში.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა კვლავ ახდენს ციფრებით მანიპულირებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მათ მიერ მიმდინარე წელს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება აღნიშნულ თემაზე, მაშინ როცა მოცემულობა არ შეცვლილა. აჭარის ა.რ მთავრობის უწყებებში გასულ წელთან შედარებით შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები. რაც შეეხება სახელფასო ფონდს, პრემიები არ მიუღიათ აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს და მინისტრებს, ასევე მინისტრის მოადგილეებს და დეპარტამენტების უფროსებს. ზურაბ პატარაძეს არა მხოლოდ ბოლო 5 თვის მანძილზე, მას შემდეგ რაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილებას შეუდგა, არც ერთხელ უსარგებლია პრემიით. დანამატების გაცემა სამართლებრივად, წინასწარ არის გაწერილი და დადგენილი ყველა რანგის საჯარო მოსამსახურისთვის და ის შრომის ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია. იგი გაიცემა საჯარო სამსახურებში არსებული დაბალი სახელფასო ანაზღაურების გამო და პროფესიონალი კადრების შენარჩუნების მიზნით. საკითხი 2018 წლიდან დარეგულირდება, როდესაც ძალაში შევა საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ რომელიც საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების წესს და პირობებს განსაზღვრავს.