მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს – საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს,...

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს – საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს მისთვის გამარჯვების დღეა

176
0

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით საზოგადოება გრძნობს, რომ ეს გამარჯვების დღეა.

როგორც ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ შეთანხმებამ პოლიტიკური შედეგები უკვე მოიტანა.

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალისხმევისთვის, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. დღეს დილიდან კიდევ ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ის დინამიკა, რომელიც გუშინ დაიწყო, გრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ მომავალ დღეებში გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს იქნება და არის უკვე ნამდვილად ყველას გამარჯვება, პირველ რიგში ამ ქვეყნისთვის. ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა და რომელიც არის თქვენი, თქვენი წარმომადგენლის და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით მიღწეული, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. პირველ რიგში ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. რამეთუ ეს საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილ ვიტყოდი – გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, ასევე, შეურაცხყოფილიც, რადგან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველამ ვიცით, რომ იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები. ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს მისთვის გამარჯვების დღეა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმებით გაძლიერდა როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი.

პოლიტიკურმა შეთანხმებამ გამოიტანა უკვე შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება, პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება. რამეთუ, დღევანდელი დღიდან ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი. პარლამენტი, როემლესაც უკვე შეუძლია, რომ იყოს არა დაპირისპირების, ერთმანეთის სიძულვილის და ლანძღვის ადგილი, არამედ, მთავარი გამოწვევების გადალახვის ადგილი და ჩვენ მართლა წინსვლით გამოვირჩეოდეთ არა უკუსვლით. ის ადგილი და უფლებები, რაც დღეს ოპოზიციას ენიჭება საქართველოს პარლამენტში, რაც ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპელ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. ბევრი ქვეყანაა, სადაც ასეთი უფლებები ნამდვილად არ მიენიჭება ოპოზიციას. [პარლამენტი] გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები. ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ და საერთაშორისო სივრცეში. ამდენად, ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია ხელმოწერისთვის აქ შეიკრიბა, ეს უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. მეტიც, შეუძლია რომ გააკეთოს და თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედი მაქვს საჭირო აღარ იქნება, მედიაცია შეასრულოს, რომ აღარ იყოს მუდმივად თქვენი შეწუხება საჭირო“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს.

სოფიო პაქსაძე