ვინც ტელეკომპანია ტვ12-აჭარას რეგულარული მაყურებელია, ყველამ იცის, რომ ქობულეთში, კერძოდ კი #5 საჯარო სკოლაში მოქმედებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცისკარი“, რომელიც უკვე 30 – წლიან ისტორიას ითვლის და ამ ხნის განმავლობაში მრავალ თაობას გაუკვალა გზა ცხოვრებისაკენ…
ანსამბლს ქორეოგრაფი დავით ქამადაძე ხელმძღვანელობს და იგი არა მარტო ქართული ცეკვის ილეთებს ასწავლის მომავალ თაობებს, არამედ აწრთობს და აყალიბებს მათში ქართულ სულს, ვაჟკაცობას, გაუტეხლობას, ისტორიის, წინაპართა პატივისცემასა და სიყვარულს, სათნოებასა და ქალურ კდემამოსილებას… და ეს ონავრებიც მთელი გულმოდგინებით სწავლობენ ყოველივეს დათო მასწავლებლისაგან.
ანსამბლი „ცისკარი“ წარმატებით გამოდის როგორც ქართულ, ისე უცხოურ ფესტივალ-კონკურსებზე და ყოველ ჯერზე განსაკუთრებული ჯილდოებით უბრუნდება მშობლიურ ქობულეთს…
და აი, 2026 წლის 1 ივნისს, ნინოობის დღესასწაულსა და ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეზე, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, ქართული საცეკვაო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში ანსამბლ „ცისკარის“ „ბრინჯაოს ბარელიეფი“ გაიხსნა.
ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ამ მაღალი ჯილდოს გადაცემა საზეიმო ვითარებაში გაიმართა, ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სკოლის დირექციისა და პედკოლექტივის წარმომადგენლები, ასევე ანსამბლის თითქმის ყველა თაობის წევრები, მათი მშობლები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ.
საზეიმო ღონისძიება ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა – ზაზა მჟავანაძემ გახსნა და ასპარეზი დედაქალაქიდან სპეციალურად ამ ღონისძიებაზე ჩამობრძანებულ სტუმრებს: მსახიობ გივი სიხარულიძეს, პოეტ ერეკლე საღლიანს, სუხიშვილების „ოქროს თაობის“ მოცეკვავეებს ნუგზარ ჯიქურსა და თამაზ ათანელს დაუთმო, რომლებმაც ანსამბლის მოცეკვავეებს დამსახურებული ჯილდო მიულოცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს, ზეიმი კი ანსამბლ ცისკარის მიერ შესრულებული განდაგანით დაგვირგვინდა.
როგორც ღონისძიებაზე გაჟღერდა, მრავალი კრეატიული იდეის ავტორი და კეთილი საქმის ინიციატორი – ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი, მსგავსი ჯილდოებით, სამომავლოდ, წარმატებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების წახალისებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
ჯემალ მეგრელიძე, ზურაბ კაციტაძე










