მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი გიორგი მასალკინი: “შენ თუ გია ტუღუში ხარ, შეიძლება…”

გიორგი მასალკინი: “შენ თუ გია ტუღუში ხარ, შეიძლება…”

11
0

ავტორმა, გია ტუღუშმა, თავის ახალ წიგნს „მიმოზების ყვითელ თოვლში“ რომანი უწოდა (პრეზენტაცია ძალიან ბათუმურ კაფე „დელირიაში“, ძალიან „ბათუმურ“, ექსცენტრულობისა და შერეკილობის და, ამავე დროს, საოცარი სიღრმის ატმოსფეროში ჩატარდა). ცოტათი გამიკვირდა – „გემრიელი“ შრიფტით დაწერილი „სულ“ 128 გვერდია, რომელიც ერთ საღამოში ჩავათავე. მეორე დღეს, როდესაც განთიადისას გაღვიძებული, წიგნზე ვფიქრობდი, მგონი მივხდი – ეს არის კიდევ ერთი ისტორია სახლში დაბრუნებაზე, “ოდისეას” კიდევ ერთი ინტერპრეტაცია, ხოლო ოდისეადები, მიუხედავად თავისი მოცულობისა, რომანის ჟანრს განეკუთვნებიან… აქვე – შესაძლოა საქმე ერთგვარ “ანტიოდისეასთან” გვქონდეს –

წარსულის სინანულისგან გათავისუფლება, ყოველგვარი მეტაიდეებისა და მეტაინტენციების გადალახვა, როდესაც ყველაფერი სავარძელში ტელევიზორის წინ ყავის ფინჯნით კომფორტულად მოკალათებით სრულდება …

გია ტუღუში მაძიებელი ავტორია, მისი შემოქმედება ფილოსოფიური და ტკივილიანია. ის უსვამს კითხვებს საკუთარ თავს, გვისვამს კითხვებს ჩვენ. ზოგიერთ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ არჩევანი, რომელზეც, მოგეხსენებათ, განწირულნი ვართ. არჩევანის გაკეთებაზე ფიქრობს რომანის ბოლოს მთავარი გმირი „სკანდინავიური შესახედაობის მამაკაცი“ („უცხოტომელი“). ან იქნებ არჩევანი, თავისთავად, ილუზიაა?

„როგორ უნდა იცხოვრო სამყაროში, როცა რწმუნდები, რომ მასში არანაირი საზრისი, არანაირი უზენაესი აზრი არ არსებობს?“ „შესაძლებელია, რომ თავად ჭეშმარიტების ძიება ამპარტავნებად იქცეს? ისევე, როგორც მარტოობის სურვილი? როგორ მივიდეთ იმ უზენაეს სიმშვიდემდე (მორჩილებამდე?), რომელიც ამ სამყაროში საკუთარი ღირსების შეულახავად ცხოვრების საშუალებას მოგვცემს? როგორ პასუხობს ამ კითხვებს მთავარი გმირი, რომელიც ზოგჯერ ასე ძალიან მოგვაგონებს მერსოს?

„რა არის ადამიანი“ – ერნსტ კასირერის სწორედ ამ წიგნს აღმოაჩენს ის ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში…

არ შევჩერდები რომანის მხატვრულ (ენობრივ) მხარეზე, ჩემთვის ეს არც ისე მნიშვნელოვანი იყო, თან, ამ მხრივ, არც ისე კომპეტენტური ვარ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რომანში, ისევე, როგორც ავტორის მთელ შემოქმედებაში, მრავლადაა მიმოფანტული ერთდროულად მარტივი და ღრმა მეტაფორები: „იგი თავს ცუდ-კარგად გრძნობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას“.

შენ თუ გია ტუღუში ხარ, შეიძლება…