ინტერვიუ პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან.
– ჯერ იყო და დეპუტატების ერთმა ჯგუფმა სუბარის თაოსნობით, გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან, აშშ–სა და ევროკავშირის საელჩოები დგას. შემდეგ, „ოცნებიდან“ ამ ჯგუფზე კიდევ რამოდენიმე დეპუტატის მიერთება მოხდა. რასაც, სახალხო მოძრაობა “ხალხის ძალა“-ს ჩამოყალიბება მოჰყვა. რომელმაც არც აცივა, არც აცხელა, კელი დეგნანს შემდეგი მიახალა; “ვერც იმ შეკითხვაზე მივიღეთ პასუხი, რატომ დაიხარჯა საქართველოზე ორჯერ მეტი თანხა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, ვიდრე 2012 წლის შემდეგ. მთლიანობაში, “ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე ამერიკელებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შედეგები იყო: ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, რეპრესიული მანქანის სამსახურში ჩაყენებული სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონოპოლიზებული მედია, ადამიანების დამახინჯებული ფსიქიკა და მრავალი სხვა მანკიერება, რომლის მძიმე დაღი ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღემდე ამჩნევია. ამ უმძიმესი ზიანის მატერიალური ღირებულება ამერიკული მხარის მიერ დახარჯულ 3,5 მილიარდზე ათჯერ და ოცჯერ მეტიც კი შეიძლება იყოს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანასა და შენარჩუნებაზე დახარჯულ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელია“. საქმე იქამდეც მივიდა, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი ჯენკინსი გამოეხმაურა ბრალდებებს და განაცხადა რომ, აშშ–ის ელჩზე საქართველოში და ასევე საელჩოზე თავდასხმები არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა. თქვენ როგორ შეაფასებდით მაგ განცხადებებს და აშშ-ს უმაღლესი რანგის ჩინოსნის გამოსარჩლებას ელჩზე. მერედა, ასევე თვლით რომ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, სრულიად მიუღებელია?
– რაა იმაში შოკისმომგვრელი, რაც ისედაც გასაგები იყო ყველასთვის, ვინც კი პოლიტიკას ემოციების ავლით, რეალიზმის და არა პროპაგანდის ჭრილში უყურებს. თუმცაღა ერთია, იცოდე რა და როგორაა კულუარებს მიღმა, თან მეინსტრიმს აყოლილი, სხვას გაიძახოდე სახარებისეული სიხარულის გამომეტყველებით, რომ დიპლომატიურ რაუტებზე ან მეინსტრიმულ თოქ-შოუებში იკეკლუცო თავისუფლად. მეორე, გაგაჩანდეს ვაჟკაცობა და სამშობლოს სიყვარული იმ დოზით, რომ ხმამაღლა ახალო უძლიერესი ქვეყნის ელჩს სიმართლე. რაც ამ ჯგუფს აღმოაჩნდა და რასაც ნამვილად ვერ დაუკარგავ. აქ ახლა საკითხავი უფრო ისაა, რამდენად შორს არიან ისინი წამსველელები ამ კრიტიკაში. შემოიფარგლებიან ფასადზე დარტყმებით, თუ ფუნდამენტს მიადგებიან. შემოიფარგლებიან ტოტებზე რტყმით, ეს ერთი ისტორიაა – ღეროს დაარტყამენ მოსაჭრელად, ეს მეორე და არსებითად სხვა ისტორიაა. რომელიც თავის მხვრივ, უკვე სხვა, უფრო დიდი, მეტაისტორიის ნაწილია და რაც აღარ მისცემს მათ, რაიმე ტიპის ტაქტიკური უკანდახევის საშუალებასაც კი. როგორც ეს მაგალითად დროგამოშვებით მმართველი პარტიის ლიდერშიპის შემთხვევაში გვხვდება. შესაბამისად, დადგება საკითხიც, თუ რამდენად მზად არიან ისინი აღმოჩნდენ სამოქალაქო ფრონტის ისეთ მონაკვეთზე სადაც მათ წინააღმდეგ ამუშავდება პროპაგანდის და ზეწოლის ყველა ის მექანიზმი, რომელსაც შეერთებული შტატები იმ ძალების მიმართ ახორციელებს, ვინც მათ სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მოგეხსენებათ, რომ დანდობა აშშ-მ არ იცის, როცა ეს მათ ეროვნულ ინტერესებს ეხება და ზეწოლა მით უფრო ძლიერი იქნება, რაც უფრო შორს წავლენ ისინი ფუნდამენტური საკითხების კრიტიკაში. მოკლედ, თუ არ დაყაბულდებიან ტექნიკურ საკითხებს, მიიღებენ უსასტიკეს პასუხს და იმედია გაცნობიერებული აქვთ, თუ რაზე მიდიან საერთოდ. აქ კი, ცხოვრება მათ ან გმირებად აქცევს, ანდა მივიწყებას მიეცემიან. რადგანაც ისტორიას, მოგეხსენებათ, გამარჯვებული წერს. ჯერ-ჯერობით კი 70 / 30 _ზეა, და არავინ იცის, ხვალ რა გეოპოლიტიკური ამინდი დადგება რეგიონში დანამდვილებით.
– მით უფრო რთულადაა საქმე, რომ ამ მოძრაობის წინააღმდეგ აქ მთელი არმადაა მომზადებული; იმ ქართული პოლიტ & მედია ისტებლიშმენტის სახით, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი წლებია ზრდის.
– გეთანხმებით, და საჭიროების შემთხევაში, გამოცდილი შულერის დარი ოსტატობით, ევრო-ატლანტიკური პარტიის სახით ხან ერთ კოზირს გამოაძრობს, ხან მეორეს. ეს, როდესაც საქმე რთულდება და მათ რეალურ საქმიანობაზე ფარდის ახდის საშიშროება დგება. რეალპოლიტიკის ანბანური ჭეშმარიტებაა; გაძლევენ ფულს არა ლამაზი თვალებისთის, არამედ იმისთვის, რომ გარკვეული ფუნქცია შეასრულო საჭირო მიმართულებით. მაგალითისთვის იმ სამხდრო-პოლიტიკურ სფეროებში; რასაც „ნაციონალები“ ზედმიწევნით ასრულებდნენ, „ოცნებამ“ კი უარი თქვა საქართველოს ინტერესების მომიზეზებით.
– მოკლედ, აშშ-ს „დახმარება“ ისე იყო შეფუთული და იმდენი დამცველი ჰყავდა; არასამთავრობოების, მეინსტრიმული ტელევიზიებისა თუ პარტიების სახით, ასევე უბრალოდ ტვინგამორეცხილი ვესტერნიზირებული ხუვეიბინების ეგზალტაციით და ა.შ., რომ ეს ტყუილი, ქართული ყოფიერების ისეთ ორგანულ ნაწილად იქცა, მაგის რევიზიაც კი, ფართო ფენებში იწვევს კოგნიტიური დისონანსის შეტევებს.
– ნათელია; მაგრამ დღეს რომ ამ ყველაფერს ბოლომდე დაარქვა მისი სახელი. მიკიბ-მოკიბვის გარეშე-მეთქი თქვა სათქმელი, იგივეა ლამის, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში ვინმეს ეთქვა ბრბოსთვის ბაზრის მოედანზე, „მიწა მრგვალიაო“, ანდა „მზე ერთ-ერთი ვარსკვლავიაო მრავალთაგან“. დღეს, კოცონზე არავინ დაწვავს ამათ და არც მე, მაგრამ რეფლექსიების დონეზე იგივეა და რთულია „ხეიტერობის“ მასობრივი შემოტევების ატანა. ამიტომაც, არანაკლები აგრესია წამოვა მათ მიმართაც, თუნდაც იმ კონტიგენტის მხრიდან, ვისთვისაც შტატები დემოკრატიის შუქურაა და წმიდათა-წმიდა ცნება კვლავაც. იმის გათვალისწინებით კი, რომ ამ ფსიქოტიპის და რწმენის ხალხით სავსეა ჟურნალისტური კორპუსი, ე.წ. ექსპერტობა, აკადემიური წრეები, სახელმწიფო აპარატი და თავად „ოცნებაც“, მათ ოსტრაკიზმი გარანტირებული აქვთ. თუ, რა თქმა უნდა რაღაც უფრო, შტატებზე არანაკლებ ძლიერი ხელი, პერსონა, ძალის ცენტრი არ დაუდგა ზურგად. უბრალოდ წალეკავენ-მეთქი!
– მაგრამ, ეს მხარეც რომ მოგვარებული ჰქონდეთ; ასე, მესიჯების იმედად – სწორი, მწყობრი, დასაბუთებული თეორიის გარეშე უბრალოდ ვერ გახდებიან ამ ბრძოლაში რამე სერიოზულს, არა?
– რა თქმა უნდა, ჩვენ კი რას ვხედავთ; აბა დააკვირდით მათ მიერ გაცხადებულ პრეტენზიათა სიას. აი, თეგების სახით, მათ კვალდაკვალ რომ გავაჟღეროთ თუნდაც. რაზე პედალირებენ ისინი; ავტორიტარული რეჟიმი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, პატიმრებით გადავსებული ციხეები, წამება და არაადამიანური მოპყრობა, მონოპოლიზებული მედია, ადამიანების დამახინჯებული ფსიქიკა და ა.შ.
ამ ნუსხით ამერიკელების გაკვირვება სურთ თუ იმ ქართული „ბაბლის“, ვინც საერთოდ ჭურში ზის, ანდა შტატები, ყველაფრის მერე მაინც, სსრკ-ს მორალური ანტიპოდი და „აღთქმული მიწა“ ჰგონიათ. იქნებ ასეცაა, მაგრამ ეს ხომ თავად ამერიკელბს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. „აბუ-გრეიბის“ და „გუანტანამოს“ შემქნელებს აკვირვებთ წამებითა და არაადამიანური მოპყრობით, თუ უსასტიკესი არაბული დიქტატურების სტატეგიული პარტნიორები ნამუსზე უნდა ააგდონ იმით, რომ ავტორიტარ სააკაშვილის რეჟიმს მხარს უჭერდენ? პატიმრებით გადავსებულ ციხეებს რაც შეეხება, შტატები აქაც ხომ ლიდერობს პატიმრების რაოდენობით მსოფლიო მასშტაბით. ამ მომენტისთვის მაგალითად, მანდ 2,2 მილიონი ადამიანი გისოსებს მიღმა იმყოფება. ის გაცვეთილი თემაც კიდევ, ბავშვს რომ ბურთის ქურდობის გამო ციხეში უშვებდა მიშა – ვერ იმუშავებს, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ ამ პატიმრებს შორის, დაახლოებით 71 ათასი არასრულწლოვანია.
– ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას რაც შეეხება?
– „ამირანი გულში რას მღეროდა“, იურისპრუდენციაში არ მოსულა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს ფინანსური დანაშაულებისთვის ახდევინებენ სასჯელს და არა იმის გამო, რომ ქარაფშუტობასა, სხვა ქვეყნის ინტერესებს და არაადეკვატურობას გადააყოლა ქვეყანა. ასევე ითქვა, „ადამიანების დამახინჯებული ფსიქიკაო“, – ეს ხომ საერთოდ ლირიკაა იმისთან შეფარდებით, თუ რა სიმძაფრის „კულტურული ომები“ მიმდინარეობს თავად შტატებში. თუ როგორ ანგრევენ საშუალო სტატისტიკური ამერიკელის ფსიქიკას, ნარნაირი გენდერული თეორიებით და „იდენტობის პოლიტიკით“. მერედა, ისიც სათქმელია, თუ არ ექვემდებარებიან შტატების მოქალაქეები ამ, ე.წ. „პროგრესისტულ“, პსევდომეცნიერულ ტრენდს, „call-out culture“-ს მექანიზმები იწყებს მოქმედებას და ამასთან შედარებით, მთელი ეს ქართული „დანგრეული ფსიქიკა“ საბავშვო ბაღად წარმოჩნდება სინამდვილეში. მესმის, ჩვენ ჩვენი გვტკივა. მაგრამ ვგონებ, ჩვენი ქვეყნის დაქცევა-დეგრადაციაში, როდესაც პრეტენზიას უყენებ საქართველოს დაინფიცირების მთავარ წყაროს, სხვა წონის და ტიპის არგუმენტაციით უნდა მიმართო მათ. რა თქმა უნდა, თუ მხოლოდ შიდა აუდიტორიით არ გინდა შემოიფარგლო და ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა დარჩე სამომავლოდ.
– მიხეილ სააკაშვილი რეაქცია ევრპის საბჭოს რეზოლუციაზე შემდეგნაირი იყო; “რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა – სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“. თქვენ როგორ აფასებთ ამ რეზოლუციას?
– როგორ უნდა შეაფასო უტიფრობა? რა ეშველებოდა სააკაშვილს და მის მრევლს, რომ პუტინს არ ეარსება. მათი გუნდის ყველა წარუმატებლობა და დანაშაული, ხომ პუტინის სახელს უკავშირდება. არადა, პუტინი მხოლოდ დემონიზირებული პერსონიფიკაციაა იმ ყველა სისელელესი და ავბედითობის, რაც გადაგხვდა სააკაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში ქართველებს. სინამდვილეში არა პუტინი, არამედ მათი გუნდის შავ-თეთრი აღქმა, დოქტრიონიორობა, გეოგრაფიის, ეთნოფსიქოლოგიის და ისტორიის არცოდნაა მიზეზი. პელევენის „მაქციას წმინდა წიგნის“ ერთი კონცეპტუალური აზრის არ იყოს; ძაღლი ჯოხს უყურებს, ლომი იმას ვინც ეს ჯოხი ესროლაო და როდესაც ხვდები ამას, პრესის კითხვაც გიადვილდება. კონკრეტულად, რაც მაგ განცხადებას შეეხება დავსძენდი ერთსაც; რომ ის მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება; როგორმე მოხდეს ქვეყნის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადაბარება, რათა საქართველოს ტრიგერად გამოყენება მოხერხდეს კავკასიის ასაფეთქებლად.
– როგორც ჩანს, რა მოჰყვება ამას, რამდენ ტერიტორიას დავკარკავთ, თუ რამდენ ახალ ლტოლვილს მივიღებთ, ეს დიდ მოთამაშეებს, ვისი უშუალო გამხმოვანებელია აქ სააკაშვილი, ნაკლებად აღელვებთ?
– მავანმა ვერ გაითავისა ჯერ კიდევ, რომ შტატები აღარაა დომინანტი ქვეყანა. დიახ, დიდი როლი აქვს და ექნება კიდეც, აქაც უამრავი მხარდამჭერი ყავს და ეყოლება იქნებ. მაგრამ ეპოქალური ცვლილებებია მომდგარია კარს; თურქეთი აღარაა ათათურქის თურქეთი, რუსეთი 90-იანი წლების გარდამავალი ეკონომიკა, ნეოლიბერალიზმის გადაფასება მიდის ევროპაში ინსტიტუტების დონეზე, პუტინის ე.წ. მეგობრები ბევრ ევროპულ სახელმწიფოს სათავეში მოექცნენ და ა.შ. მთავრდება ერთი ეპოქა და იწყება მეორე, რისი დანახვა ბევრს უბრალოდ არ სურს, ანდა არ შეუძლია შეზღუდული კოგნიტიური შესაძლებლობების გამო: შიმონ პერეს არ იყოს, ქვის ხანა იმიტომ კი არ დამთავრდა რომ ქვები დასრულდაო, არამედ ქვის საუკუნე დამთავრდაო. ის კი, ვინც ვერ ხვდება ამას, ექაჩება საქართვლოს ქვის ხანაში დასაბრუნებლად, რაც უბრალოდ შეუძლებელია და ისტორიის ჩიხურ მონაკვეთს წარმოადგენს!
დავით ჩხარტიშვილს ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე