1992 წლის 25-26 თებერვლის ღამე შავი ასოებით ჩაიწერა აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიაში. იმ ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა 366 მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის გამოყენებით, რომლებიც საბჭოთა დროიდან ქალაქ ხანკენდში იყო დისლოცირებული და რომლის სამეთაურო და პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვან ნაწილს სომხები შეადგენდნენ, მიწასთან გაასწორეს ქალაქი ხოჯალი. ტრაგედიას 613 ადამიანი შეეწირა, მათ შორის 106 ქალი, 63 ბავშვი და 70 მოხუცი. ერთ ღამეში მთლიანად ამოწყდა 8 ოჯახი, 25 ბავშვი უდედმამოდ დარჩა. ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაიჭრა 487 ადამიანი, 1275 მშვიდობიანი მოსახლე ტყვედ აიყვანეს, 155 ადამიანის ბედი დღემდე უცნობია, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ და მოკლეს 56 ადამიანი, ცოცხლად დაწვეს 3 ადამიანი, სკალპი ახადეს გვამებს, ანაწევრებდნენ სხეულებს, კვეთდნენ თავებს, თხრიდნენ თვალებს, ფეხმძიმე ქალებს კი მუცელში შუბს უყრიდნენ.
საერთაშორისო კომპანიის „სამართლიანობა ხოჯალიზე“ ეგიდით, გამომცემლობა „მერიდიანმა“ დასტამბა მაღალპოლიგრაფიულ დონეზე მომზადებული ნაშრომი „ხოჯალი“ თვითმხილველები დანაშაულის შესახებ სასამართლო სომხეთის წინააღმდეგ“. წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე გამოცემული ფიონა მაკლაჰანისა და იენ პერტის რედაქციით მომზადებული ნაშრომის თარგმანი და შევსებული გამოცემაა, იგი განკუთვნილია აზერბაიჯანის ისტორიის სპეციალისტებისათვის, პოლიტოლოგებისათვის, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებისა და კავკასიის რეგიონის ისტორიული ბედით დაინტერესებული მკითხველისათვის.
წიგნში თავმოყრილია 1992 წლის 25 თებერვალს მომხდარი ხოჯალის ტრაგედიის დროს გადარჩენილთა ჩვენებები, „ცხელ ნაკვალევზე“ შექმნილი საგაზეთო რეპორტაჟები, ოფიციალური დოკუმენტები, სადაც დაგმობილია ის სიმხეცე, რომელიც მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ განხორციელდა. შემდგენლების მიერ სხვადასხვა წყაროდან შერჩეული ფოტომასალები ნაშრომს კიდევ უფრო მეტ უნიკალურიბას სძენენ.
წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე პრეზიდენტს, საერთაშორისო კომპანია „სამართლიანობა ხოჯალის“ ინიციატორს ლეილა ალიევას.
წიგნი ქართულ ენაზე გამოიცა საგამომცემლო სახლის TEAS-PRESS-ის ნებართვით „სამართლიანობა ხოჯალის“ კამპანიის ფარგლებში ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით.
დღეს, კომპანია „სოკარის“ ოფისში გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა რაშად ისმაილოვმა გახსნა. კონსულმა შეკრებილ საზოგადოებას წიგნის შინაარსსა და ზოგადად ხოჯალის ტრაგედიის, როგორც არა მარტო აზერბაიჯანელი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დიდი დანაშაულის შესახებ მოუთხრო და მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც წიგნის ქართულ ენაზე გამოცემაში თავისი წვლილი შეიტანა. პრეზენტაციაზე სიტყვებით გამოვიდნენ წიგნის რედაქტორი, პროფესორი გურამ მარხულია, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი როსტომ გუნთაიშვილი და მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის გენერალური დირექტორი ჯემალ მეგრელიძე. დღესვე, 19 საათზე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ხათუნა ბოლქვაძე, ეკა ბერიძე