მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმში

გაეროს ბავშვთა ფონდი ბათუმში

206
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გაეროს ბავშვთა ფონდის“ ( UNICEF ) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ: პიერ ფერრი – გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამების ხელმძღვანელი და ჯაბა ნაჭყებია – გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის და სოციალური კეთილდღეობის სპეციალისტი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შშმ ბავშვების დაცვის რეფორმას, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2005 წლიდან ახორციელებს. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა მიზნად ისახავს ოჯახში ზრუნვის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარებას.

ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის შედეგად დაიხურა 50-მდე დიდი ზომის ბავშვთა სახლი. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში ზრუნვის ალტერნატიული მომსახურება მიეწოდა 5 000-მდე ბავშვს, რომელთა ნაწილი დაბრუნდა საკუთარ ოჯახში, ნაწილი განთავსდა მინდობით აღზრდაში (რეგულარული, ნათესური ან სპეციალიზებული მინდობითი აღზრდა) ან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში.

საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი კოჯრის ბავშვთა სახლი და თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, სადაც ცხოვრობს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და განვითარების შეფერხების მქონე 78 ბავშვი. ჩვილ ბავშვთა სახლში იმყოფება 0-7 წლის ასაკის 54 ბავშვი, ხოლო კოჯრის ბავშვთა სახლში 6-18 წლის ასაკის 24 ბავშვი.

შშმ ბავშვების კეთილდღეობის, მათი ინტერესების დაცვის და ბავშვზე ზრუნვის სისტემის სრული რეფორმის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ალტერნატიული მომსახურების განვითარება და ოჯახის მხარდამჭერი სერვისების გაფართოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით იწყება შშმ ჩვილების და ბავშვებისთვის მცირე ზომის ალტერნატიული მომსახურების განვითარება და მათი სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. ამ მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი მართავს შეხვედრებს ადგილობრივ მთვარობებთან.