19 ოქტომბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის დასსა და ბრიტანელ რეჟისორს მატარეკ ისკანდერს აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდა. მან ბრიტანეთის საბჭოს წარმომდგენლებს გაუზიარა ხედვა მომავალი თანამშრომლობის შესახებ. ,,ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შორის კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა და საშემსრულებლო ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამაც წარმატებით ხორციელდება“ – აღნიშნა საუბრისას ნათია სირაბიძემ.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი ძალისხმევით, ბრიტანული ახალგაზრდული თეატრი ‘Unicorn Theatre’ და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ქმნის ერთობლივ პროდუქციას, რომელიც მოზარდ მაყურებელზეა გათვლილი და მიზნად ისახავს თეატრში ახალგაზრდების მოზიდვასა და მათი თეატრისადმი ინტერესის გაზრდას.
ბრიტანელმა რეჟისორმა მატარეკ ისკანდერმა დაიწყო მუშაობა სპექტაკლზე „ზამთრის ზღაპარი“. იგნას კორნელსენის ეს პიესა მოგვითხრობს, თუროგორ დგამენ ახალგაზრდები შექსპირის „ზამთრის ზღაპარს“ და სწორედ მოქმედების ეს პარალელურობა ანიჭებს აღნიშნული პიესას უნიკალურობას. ამ პროექტის მეშვეობით შედგება კიდევ ერთი თანამშრომლობა ბრიტანულ და ქართულ თეატრებს შორის.
ერთობლივი სპექტაკლის ,,ზამთრის ზღაპარი“ პრემიერა ,,ახალ სცენაზე“ 20 ნოემბრისთვის იგეგმება.