მთავარი პოლიტიკა დავით ჩხარტიშვილი: სიმართლისთვის თვალის გასწორებით გავიდეთ სამშვიდობოს

დავით ჩხარტიშვილი: სიმართლისთვის თვალის გასწორებით გავიდეთ სამშვიდობოს

628
0

გთავაზობთ ინტერვიუს პუბლიცისტ დავით ჩხარტიშვილთან, რომელიც საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებზე, პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც დღეს ფესვგადგმულია ქვეყანაში

როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგს?

– როგორც გამაფრთხილებელს მმართველი გუნდისთვის, ფორმალური გამარჯვების მიუხედავად და კატასტროფულს – აჭარის მასშტაბით. სხვათა შორის, არაერთხელ მითქვამს და დელიკატურად მიმინიშნებია კიდეც თქვენი გაზეთითაც, ცენტრალური `ქართული ოცნებისთვის~ იმ სისტემურ ხარვეზებზე და საკადრო გადაცდომებზე, რამაც ამ შედეგამდე მიიყვანა თუნდაც აჭარის რეგიონის `ქართული ოცნება~. მოგეხსენებათ, აქტიური ბრძოლა არ ამირჩევია, საერთოდ განვერიდე პოლიტიკურ ველს, რადგანაც აქეთ `ქართული ოცნება~ იყო, ვისთვისაც ყველა ტექნიკური ნაკლის და შეცდომების კასკადის მიუხედავად, არ მსურდა ხელის შეშლა, იქით კი `ნაციონალები~ და მათთან დაკავშირებული ძალები. არ მინდოდა, ვინმეს დაებრალებინა ჩემთვის, რომ `ნაციონალების~, ან თუნდაც მათზე პარაზიტებად მიტმასნილი ძალების საქმეს ვაკეთებდი. მით უფრო, რომ ესოდენ პოლარიზებულ ატმოსფეროში დიდს ვერაფერს გახდები მარტოკაცი იმ მომენტამდე მაინც, სანამ ასეთი შედეგი დადგებოდა, ყველა თვალნათლივ დაინახავდა ხარვეზებს და მორალურად მზად იქნებოდა ფუნდამენტური ცვლილებებისათვის. სწორად გამიგეთ, არც ვამტყუნებ არავის! რთულია, როცა პროცესში ხარ ჩაბმული, მისი შიგნიდან დანახვა და კორექცია, როდესაც სოციალური მეცნიერებების ელემენტარული საბაზისო ცოდნა არ გაგაჩნია, მით უფრო ჩვენნაირ, უამრავ ნარატივში გახვეულ ერში. სიტუაციას უფრო ართულებს ისიც, რომ ქართველებმა განვვლეთ ურთულესი გზა ნაციონალისტური თრობიდან ლიბერალურ ეიფორიამდე, რის გამოც პრობლემების დანახვა უფრო ჭირს და მხოლოდ ახლა, სავალალო შედეგების დადგომისას, იმედია, მოგვეცემა მეტი გონი, შესაძლებლობა – შეცდომების კეთილსინდისიერი ინვენტარიზაციითა და სიმართლისთვის თვალის გასწორებით გავიდეთ სამშვიდობოს. მოკლედ, ამიტომ ავირჩიე სტრატეგიული ავტონომიის რეჟიმი ამ ეტაპზე. ვთვლი, რომ მოქალაქეობრივი ვალი პირნათლად მოვიხადე, რაც შემეძლო, გავაკეთე, თანაც ისე, რომ საერთო საქმე არ დამეზიანებინა. სამწუხაროა, რომ ყრუ კედელს შევეჯახე. შეიძლებოდა ეს შედეგი არ დამდგარიყო, აჭარაში მაინც რომ გაეთვალისწინებინათ ჩემი პოზიცია. მიიღეს ის, რაც წლებია თესეს – `ნაციონალების~ ელექტორატი გაათმაგებულია 2012 წელთან შედარებით. ეს კატასტროფაა, თუ, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ არ გამოსწორდა მიდგომები. უნდა გადახალისდეს კადრები და დაიდოს ახალი, უნიკალური პროექტები. არც მეტი, არც ნაკლები, `ნაციონალებისთვის~ ხელისუფლების სრული გადაბარების სტარტია არსებული სტატუს-კვო. თუმცაღა ოპტიმისტი ვარ და შესაძლებლობების ფანჯარასაც ვხედავ ბათუმისთვის ამ კონფიგურაციითაც. სწორედ ასეთი მომენტებისთვის მქონდა შემუშავებული თავის დროზე `ბათუმური ქარტია~, რომელიც დღემდე, როგორც იდეის პროფანაცია, ბათუმის მერიის ფოიეში დევს და იმედია, დღეიდან მაინც სრული სიმძლავრით ამუშავდება მისი პოსტულატები, რომლებზეც, სხვათა შორის, თავის დროზე, ანუ 2013 წელს მთელი ბათუმი შეთანხმდა, მათ შორის `ნაცმოძრაობაც~. სამწუხაროა, მაგრამ ასე იცის მართვის ელემენტარული უნარების არქონამ, არსაიდან უმაღლეს თანამდებობებზე და სხვის ნაშრომზე თუ ნაბრძოლზე წამოსკუპებამ მოროდიორის ფსიქოლოგიით. უმაღლეს თანამდებობებზე თუ წარმომადგენლობით ორგანოებში რომ მედროვე, უუნარო, უავტორიტეტო `პლაკატის გამკვრელის~ თვალსაწიერის დონის ხალხი დაინიშნება, ტელევიზიაშიც არ გეყოლება ისეთი ქარიზმატული კადრი, ვინც ღირსეულ ოპონირებას გაუწევს `გენერალ~ ნაცს და მხოლოდ წერა-კითხვის უცოდინარი კოორდინატორების იმედად იქნები, ბუნებრივია, იმ სავალალო შედეგს მიიღებ, რაც აჭარაში დაიდო არჩეული ალგორითმის შესაბამისად.

– კონკრეტულ მიზეზად მაინც რას დაასახელებდით?

– უამრავი შემთხვევითი ფაქტორი: დივერსიები, უვიცობა, ბანალური სიღორე, ნეპოტიზმი და უმაქნისი პიროვნებებია აქ გადახლართული. ასეთ შედეგს, სუბიექტურთან ერთად, თავისი ობიექტური მიზეზებიც გააჩნია. 2012 წელს დიდწილად ეკლექტური მსოფლმხედველობის ტექნოკრატებმა ხომ დაამარცხეს იდეოკრატები? ჰოდა, ამ ტექნოკრატებმა ესენი კი ჩამოაშორეს პოლიტიკურ ველს, მაგრამ სწორედ რომ მათი, ანუ `ნაციონალების~ იდეოლოგიით შეიარაღდნენ. შესაბამისად, `ქართული ოცნების~ კარი ღია დარჩა მიშისტებისთვისაც. მათთან ერთად კი, რადგანაც ფილტრი აღარ არსებობდა, ასეთ ამორფულ წარმონაქმნში ოდიოზური ასლანისტები და ზოგადად, `მიდი-მოდი~ მედროვე მომხვეჭელი ელემენტებიც გამრავლდნენ. ამ რუხმა მასამ მალევე დაჯაბნა აქაური `ქართული ოცნების~ ჯანსაღი ნაწილი, რომელიც ან გადამალეს, ანდა სულაც გააძევეს, ზოგმა კი უბრალოდ, გაჩუმება არჩია – `ვერაფერს შევცვლითო~. მოკლედ, ბირთვი ჩამოყალიბდა ისეთი ადამიანებისგან, ვისთვისაც პრინციპები, სახელი, რაიმე ღირებულის შენება მეასეხარისხოვანი იყო, თავის დროზე მიშასთანაც და ასლანთანაც რომ მლიქვნელობითა და ფულის კეთებით გამოირჩეოდნენ. აქედან გამომდინარე, მაგ ხალხის მიშისტებად და ასლანისტებად მოხსენიება პირობითია, რადგან იქაც კი, წინა ცხოვრებებში, ასეთივე უვარგისი და ჯიბეზე ორიენტირებულები იყვნენ, უბრალოდ სხვა ეტიკეტით გვევლინებოდნენ. მერედა, პროზელიტიზმის ფენომენი კი მოგეხსენებათ, ბევრად უფრო დოგმატიკოსები ხდებიან, როგორც კი სამოსს იცვლიან, ახალი რწმენის ვიწრო და უფრო აგრესიულ დოქტრინიორებად გვევლინებიან, ვიდრე ისინი, ვინც დაიბადნენ მაგ რელიგიის წიაღში. მაქსიმუმი, რაც ასეთი ინგრედიენტებიდან გამოვიდოდა, ისაა, რაც დავინახეთ – დროებითი ხუხულა რაღაცის წინააღმდეგ, მაგრამ არა რამის ასაშენებლად. დრომ და ეროზიამ თავისი გააკეთა ამ 9 წლის განმავლობაში და ხელთ გვაქვს კატასტროფა, განსაკუთრებით კი აჭარაში, რადგანაც აქ ბევრად უფრო მიშვებული იყო სიტუაცია, ვიდრე დანარჩენ სქართველოში. თავიდანვე, აქაც სწორება არ ხდებოდა იდეაზე. ყველა პირველ პირს მოჰყავდა არა თანამებრძოლი, რადგანაც თავად არ უბრძოლია, არა თანამოაზრე, რადგანაც საკუთარი იდეა არ გააჩნდა, არამედ მეგობარი ან ნათესავი, ვისაც იცნობდა თავისი წრიდან და არა საზოგადო ცხოვრებიდან, რადგანაც 2012-ამდე საზოგადოებრივი ცხოვრება არ გააჩნდა, მით უფრო, არც საზოგადო სიკეთეები უთესია. მაშასადამე, როდესაც მიდიოდა ერთი პირველი პირი, რჩებოდა მისი დანიშნული ხალხი უპატრონოდ. მათ ნელ-ნელა ანაცვლებდნენ მომდევნოს კადრებით და აღარავინ კითხულობდა იმ წინარე ეშელონის ბედს. ესენიც ხმას არ იღებდნენ, ან სახლში მიდიოდნენ, ანდა `მიშისტურ~ პარტიებში წევრიანდებოდნენ, რადგანაც თავის დროზე, ანალოგიურად ნეპოტიზმის წყალობით მოვიდნენ და არა ანტიმიშისტური იდეისა თუ ბრძოლის შედეგად, მერე კი, მომდევნოები სარგებლობდნენ `ქართული ოცნების~ მანდატით, შემდეგის მოსვლამდე. ამ დროს კი, როგორც ხვდებით არც პირველები, არც მეორენი, არც მესამენი თუ მეოთხენი, სინამდვილეში `ქართული ოცნებას~ როგორც იდეას, დამსახურებას, ცოდნას და მამულიშვილობას არ წარმოადგენდნენ. ზოგი თავის დროზე უწესობის გამო იყო გაგდებული `ნაციონალებიდან~, ზოგი პროფესიულად შეუსაბამო იყო, ზოგმა კი წერა-კითხვაც არ იცოდა. სწორედ, ამ ფაქტორთა ერთობლიობამ მიგვიყვანა დღეს ასეთ ვითარებამდე. წლებია, ერთი და იგივე ხდება, ერთ წრეზე ვტრიალებთ და ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. სწორედ რომ ასეთმა უმსგავსობამ გამოიწვია ის, რომ `ნაციონალური მოძრაობის~ ელექტორატი 2012 წელთან შედარებით გაათმაგდა, რისი გამოსწორება პირადად ჩემთვის ღირსების საკითხია, რადგანაც ყველაფერი გავწირე თავის დროზე, რომ `მიშიზმი~ როგორც ფენომენი და ზოგადად, სენი ქართული სახელმწიფოსთვის, გამენადგურებინა. წარმოიდგინეთ, იმდენად სძულდათ ბათუმლებს `ნაცები~, რომ ისეთ გროტესკულ პერსონაჟს როგორიც მურმან დუმბაძეა, მისცეს ხმა 2012 წელს – ოღონდ ისინი არაო. . . და დღეს, იგივე ხალხმა უარი უთხრა უკვე `ქართული ოცნებას~. დამეთანხმებით, საოცარი ნიჭი უნდა, რომ აქამდე მიიყვანო საქმე, უფრო სწორად კი უნიჭობა. ხალხი ბევრს გაპატიებს, მაგრამ არა თვალებში ნაცრის შეყრას და მომხვეჭელობას, მით უფრო – ბათუმში, სადაც სხვა რეგიონებთან შედარებით გამართული ინსტიტუტები და აკადემიური მედია არსებობს თუნდაც თქვენი, `აჭარა-პს~-ის და `ბათუმელების~ სახით. ასევე, თვითმმართველობის დიდი ტრადიცია გაგვაჩნია. შოკშია ხალხი იმის გამო, რაც მოხდა. ჯერ დუმს, მაგრამ ვგონებ, მალევე, ამ ყველაფერზე იმაზე მეტი ალაპარაკდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ, განსაკუთრებით, `ქართული ოცნების~ ის წევრები, ვინც უბრალოდ, გადააჩოჩეს. მთელ ამ ცხრაწლიან პერიოდში, ხელწერად იქცა ლამის, ეს მანკიერი საკადრო პოლიტიკა, სადაც წინსვლის მთავარ კრიტერიუმად რეგიონის პირველი პირების სურათების `დაშეარება~, საჯარო მაამებლობა და გულების წერა გახლდათ.

– დათო, ძალიან ამუქებთ ვითარებას, ასეთ ქცევას რა ახსნა აქვს?

– ეს ელემენტარულია წესიერი, პატრიოტი და რაციონალური გონისთვის, ვისაც უნდა ლამაზ ქალაქში და ქვეყანაში ცხოვრება და არა ამ ფსიქოტიპის ხალხისთვის, ქალაქი – საკუთარი ყანა, ქვეყანა კი ბოსელი რომ ჰგონია. თავიდანვე, ივანიშვილმა ქიმერა შექმნა – დეიდეოლოგიზირებული, ეკლექტიკური გაერთიანება – ხაზგასმით აღვნიშნავ, იძულებული იყო იმ ფორსმაჟორულ ვითარებაში; ამით უამრავმა შემთხვევითმა პერსონამ, მომხვეჭელმა, მედროვემ და ლაქიამ ისარგებლა. შემდეგ, როდესაც რეგიონებში და საშუალო რგოლებში ამ ხალხმა ჩაიგდო ხელში სადავეები, დაიწყეს მსგავსი პერსონაჟების მოზიდვაც. მსგავსი მსგავსთან მიდისო, ხომ გაგიგიათ? ასე იკვრება წრეც! თანაც XXI საუკუნეა, პოსტმოდერნისტულ სამყაროში ვართ, რომელშიც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან მედიაჯგუფები. ტელევიზიები და პიარი კი ამათ არ აქვთ. რაც აქვთ, მაგალითად `პოსტვს~ სახით, მას ძალზე მცირე ფინანსური რესურსი გააჩნია და ერთი ციცქნაა, თუმცაღა, უდავოდ, ნიჭიერი კოლექტივი ჰყავთ, `იმედი~ კი, ფორმალური ლოიალურობის მიუხედავად, არსით `ქართული ოცნების~ ნამდვილად არაა. შეადარეთ ახლა ეს `ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა~ მიშისტური ტელევიზიების გუნდს, როგორ სინქრონულად პედალირებენ `ქართული ოცნებისთვის~ წამგებიან თემებს, ზემოქმედების ტექნოლოგიების რა სიღრმისეული ცოდნითა და ნეოლიბერალური იდეოლოგიის აგრესიული ინდოქტრინაციით არიან დაკავებულნი და ნათელი იქნება ყველასათვის, რომ მიდის მონსტრების ბრძოლა მოყვარულთა წინააღმდეგ.

– თავის დროზე ივანიშვილი მალავდა საკუთარ საქველმოქმედო საქმეებს და არ მიაჩნდა გაპიარება ნორმალურ, საღ მოქმედებად. `ქართული ოცნება~ ახლაც ასე თვლის, მიაჩნია, რომ საქმე თავადაა პიარი.

– `ქართული ოცნების~ ე.წ. პიარი საბავშო ბაღია იმასთან შედარებით, თუ რა სიმძლავრეებს აწყდებიან მათგან. დიდწილად ორ-სამ-კვირიან ტრენინგგავლილ გლამურულ გოგონებზეა მინდობილი ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საქმე. ამ კონტინგენტმა არ იცის საერთაშორისო დღის წესრიგი, არც სოციალური კონტექსტი, არც ისტორიული ქვეტექსტი და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რის დასახელებისგანაც თავს შევიკავებდი. პიარი მლიქვნელობა ჰგონიათ და არა სპეციფიკური საგნების ცოდნა. თანაც, ხშირად იქ შეგნებით `მიშისტები~ ხვდებიან, რაც საქმიანობაზეც ისახება. თვალსაწიერი და ერუდიცია ფრიად ვიწრო აქვთ, როგორც წესი, ეს ზოგადქართული პრობლემაცაა. გულწრფელად ჰგონიათ, რომ ფეისბუკის გვერდზე არაპოპულარული, უისტორიო, უავტორიტეტო, უუნარო ჩინოსნების საქმიანობაზე ინფორმაციის ატვირთვით დიდ საქმეს უკეთებენ `ქართული ოცნებას~, ქალაქს, რეგიონს თუ ქვეყანას. არადა, უკუეფექტს აღწევენ. დისკრედიტაცია ხდება უკვე იმის გამო, რომ ესა თუ ის, ნეპოტიზმის შედეგად დანიშნული პირი იგივდება ამა თუ იმ ინსტიტუტთან და `ქართულ ოცნებასთან~ (თუ ბიძინა ივანიშვილთან), რომლის ავტორიტეტი – გამოხრა ამ კონტინგენტმა, მით უფრო აჭარაში, პატარა ბათუმში, სადაც ყველამ ყველაფერი ვიცით, ვინ საიდან და რა სიქველეების, უფრო სწორად კი უქველობის წყალობით მიიღო ესა თუ ის ადგილი.

– რაც პროპაგანდას და ე.წ. პიარს შეეხება, ეს გასაგებია, გინდათ თქვათ, რომ მედიასაშუალებები ვერ გადაიბირეს, თქვენ ამას ხვდებით, ხელისუფლებაში კი ვერა, სად არის პრობლემა?

– მასე მარტივადაც არაა საქმე, `ნაცებმა~ და მასთან დაკავშირებულმა ძალებმა მოახერხეს და `ქართული ოცნება~ იდეოლოგიურ ხაფანგში მოაქციეს, სიტუაციაში, რომელშიც მათ მტკიცება უწევთ იმ საერთაშორისო ძალებისთვის, ვინც პატრონობს და თავის დროზე მოიყვანა ხელისუფლებაში სააკაშვილი, რომ გარკვეულ საკითხებში უფრო მეტად `მიშისტები~ არიან. ესაა მარკერი მაგ ძალებისთვის და თუ რისი, ამის თქმისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ერთსღა აღვნიშნავ, რომ ღარიბაშვილი უშედეგოდ ცდილობს მოჯადოებული წრიდან გამოსვლას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, შიში უნდა დავძლიოთ მთელმა ერმა და ამ `მიშისტური~ კლიშეების მსხვრევა დავიწყოთ. უნდა გავითავისოთ, რომ დღეს 2003 წელი არაა, შეიცვალა საერთაშორისო მდგომარეობა და ამ ყველაფერს ემოციური საფუძველი უდევს, ინერცია შემორჩა და არა რეალური სარჩული. ახლა, როგორც არასოდეს, სჭირდება სტრატეგიული ავტონომია საქართველოს! თუ გააცნობიერებს ამას `ქართული ოცნება~ და საპილოტე პროექტად ჯერ აჭარაში თუ მიხედავს კატასტროფულ საკადრო პოლიტიკას, მაშინ მომავალი მისია. არადა, უკვე შემდეგ არჩევნებზე აჭარის სრულად `ნაცებზე~ გადაბარება მოუწევთ.

– რას გულისხმობთ სტრატეგიულ ავტონომიაში?

– დიდი პოტენციალის, ტრადიციის ქვეყანა ვართ და წინდაუხედავად, დეკადების წინ მოდურ ტრენდებზე მიბაძვით ნეოლიბერალურ ბალაგნად ვაქციეთ ის. სასათბურე პირობები შევუქმენით ყველაფერს, რაც მარადიულ და უნივერსალურ ფასეულობებთან კონფლიქტში მოდის ფუნდამენტურ დონეებზე. გემბლინგი, პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, ნარკომანია – აი, რა ასოციაცია უჩნდება დღეს მსოფლიოს საქართველოს სახელის გაგონებაზე, ესაა ჩვენი პრიორიტეტი დოქტრინის დონეზე და ნუ ვიტყუებთ თავს, რომ სხვანი ვართ. პრესა და ლიტერატურაა სარკე ყოფიერების, მარტივად გადაამოწმებთ და გამკიცხავთ, თუ რამეს ვამატებ, მაგრამ ვერ მოხდება ასე. აიღეთ სულ რამდენიმე დეკადის წინანდელი პრესა თუ ნაწარმოებები ქართველებზე, დღევანდელ უცხოურ პრესასა და ლიტერატურას გადახედეთ, შეადარეთ. თვალშისაცემი დეგრადაციაა ქართველი კაცის სურათ-ხატისა. კი ვიყავით ნამდვილად საქებარნი, მაგრამ წარსულს ჩაბარდა მდიდარი, ამაღლებული, სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ქვეყანა. 700 ათასი სოციალურად დაუცველი გვყავს. მილიონამდე მოქალაქე გასულია ქვეყნიდან. 30-მილიარდიანი ვალის მქონე სახელმწიფოს ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს გამოწვევებს და ტაშ-ფანდურში ხარჯავს საშვილიშვილო სესხს. რაა ეს, თუ არა `ნადიმი შავი ჭირის დროს~?! დღეს `მიშიზმითაა~ გაჟღენთილი საქართველო, რომელსაც იდეოლოგიურ დონეზე `ქართული ოცნება~ ვერაფერს უპირისპირებს.

წყარო: გაზეთი აჭარა