რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება თბილისში კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია. მმართველმა გუნდმა რუსეთის პირველი დიპლომატის განცხადებასთან დაკავშირებით საჯაროდ ნათქვამის კონკრეტული ქმედებებით გამყარება მოითხოვა. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ, მინიმუმ, უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა და მსჯელობის საგანი დეოკუპაცია და ჯარების გაყვანა გახდეს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის ნორმალიზებისა და შერიგებისთვის მათი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია.
მათი თქმით, შერიგების ინიციატივას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლოებში ქართველი სამხედროების დადანაშაულების საფრთხე მოიხსნა. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ ამ პროცესში რუსეთის პოზიციაც საქართველოს ინტერესების შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული.
საქართველოსა და მის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვმა განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ მოსკოვი მზად არის მხარეებს ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს.
სერგეი ლავროვის გზავნილი და ადრესატების პასუხი ოპოზიციისთვის მორიგი კრიტიკის მიზეზი გახდა. მათი ნაწილი თვლის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის ნორმალიზება მხოლოდ დასავლელი მოკავშირეების საშუალებით უნდა განხორციელდეს. მეორე ნაწილი ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივაზე მეტ ინფორმაციას ითხოვს