2020 წლიდან პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტებში” ფარგლებში ფოთისა და აბაშის მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფოთში სულ 23 პროექტი დაფინანსდა, რაც ჯამში 80 000 ევროს შეადგენს.
ქეთევან ბოჭორიშვილი ერთერთია, რომელმაც საკუთარი იდეის განსახორციელებლად ევროკავშირის გრანტი მოიპოვა. ფინანსური დახმარების შედეგად დაფუძნდა ორგანიზაცია „Vitae – სიცოცხლისთვის“, რომელმაც ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალების საჭიროებებზე მორგებული აქტივობების განხორციელება დაიწყო.
„2018 წელს სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინდა. დიაგნოზის გაგების დღიდან ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო – დიაგნოზამდე და დიაგნოზის შემდეგ. ამ დაავადებისთვის თვალის გასწორება იმდენად დიდი სტრესი აღმოჩნდა, ძალიან გამიჭირდა, დამეწყო ბრძოლა. ჩემ გვერდით იდგნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, მედიკოსები, მაგრამ ამ ბრძოლისას მხარდაჭერას მაინც იმ ადამიანებისგან ვეძებდი, ვინც ეს გზა უკვე გაიარეს. როგორ ებრძოლო სიმსივნეს, იმაზე უკეთ არავინ იცის, როგორც ამ დაავადება გადალახულმა. სწორედ ამის გააზრებამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ თავად გავმხდარიყავი ის, ვინც სხვა ქალებს დაეხმარებოდა, გაამხნევებდა, ურჩევდა, გააძლიერებდა მათ და დაუბრუნებდა ძალას საბრძოლველად“ – გვიყვება ქეთევან ბოჭორიშვილი, რომელმაც შეძლო და სიმსივნე ორი წლის წინ დაამარცხა.
დღეს ქეთევანი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია და საინფორმაციო თუ თერაპიულ აქტივობებს 20-მდე ქალთან ერთად ახორციელებს. ეს ქალები ერთმანეთს სიმსივნის დიაგნოზმა დააკავშირა და ახლა ერთად ცდილობენ ფოთში სხვა ქალების დახმარებას:
„ფოთში ამ მიმართულებით არც მედიკოსები, არც ფსიქოლოგები თუ ფსიქიატრები არ მუშაობენ, არა და საჭიროება ნამდვილად გვაქვს. ამ გრანტმა მომცა შესაძლებლობა, ამეღო პასუხისმგებლობა და ონკოპაციენტებს დავხმარებოდი ფსიქოლოსოციალური მომსახურების მიღებაში. პროექტის ფარგლებში ძალიან საჭირო ღონისძიებები განვახორციელეთ მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად როგორც თავად დაავადების, ასევე პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე. პაციენტებისთვის დისტანციურად ხორციელდებოდა ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიული კურსები. რამდენჯერმე, თერაპევტის ფოთში ჩამოყვანაც შევძელით. ჩავატარეთ ვებინარი ჯანდაცვის ექსპერტების ჩართულობით, თუ როგორ უნდა გავმკლავებოდით სიმსივნისგან გამოწვეულ სტრესს COVID-19 პანდემიის პირობებში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ისეთი რისკ ჯგუფისთვის, როგორიც ონკოპაციენტები არიან.“ – ამბობს ქეთევანი.
ინგა უბერია 45 წლისაა. მკერდის ავთვისებიანი სიმსივნის მეორე სტადია ერთი წლის წინ დაამარცხა. ქეთევანის არსებობის შესახებ სრულიად უცხო ადამიანისგან შეიტყო და ამბობს, რომ მასთან ურთიერთობა ძალიან დაეხმარა დაავადებასთან ბრძოლისას:
„როცა დიაგნოზი გავიგე, არაფერი ვიცოდი. შემდეგ ქეთი აღმოვაჩინე. მივყევი რჩევებს, ჩავიტარე ყველა საჭირო კურსი და დაავადება რვა თვეში დავამარცხე. ამის შემდეგ, მეც აქტიურად ჩავერთე ქეთისთან ერთად პროექტში, დავყვებოდით ქალებს გამოკვლევებზე, ვამხნევებდით და ვცილობდით მათ მხარდაჭერას. ფოთში თითქმის არავის ჰქონდა ინფორმაცია, როგორ უნდა გამკლავებოდა ამ დაავადებას და როგორ მოეხდინა პრევენცია. ერთად მოვამზადეთ რამდენიმე საინფორმაციო ბროშურა და ვიდეორგოლი, რის შემდეგაც კიდევ შემოგვემატნენ ქალები და ახლა საკმაოდ დიდი წრე ვართ, რომელიც ნელ-ნელა იზრდება. უამრავი ადამიანი მოგვმართავს. დათრგუნულ ადამიანს უჭირს დაავადებასთან ბრძოლა, სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ, რომ გავამხნევოთ და დავეხმაროთ.“ – ამბობს ინგა უბერია.
კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტი, რომელსაც ფოთში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ჩაეყარა საფუძველი, ონლაინ მედია – „თავისუფალი პლატფორმაა“. ამჟამად, მედია არხი ადგილობრივ ტელევიზიად ყალიბდება. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, გადასაღები და ხმის ჩამწერი სტუდიები მზადების პროცესშია და ფოთში ძალიან მალე ახალი ტელევიზია დაიწყებს მაუწყებლობას.
პროექტი 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და ონლაინ სივრცეში ტელევიზია ამავე წლის ოქტომბერში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად ონლაინ რეჟიმში მაუწყებლობს, მცირე, მაგრამ ერთგული მაყურებელი უკვე ჰყავს. ბაქარი ერაგია „თავისუფალი პლატფორმის“ შემეცნებითი მიმართულების ხელმძღვანელია და გვიყვება, თუ რა გზა გაიარეს მათ იდეის გაჩენიდან მის განხორციელებამდე:
„იდეა, შექმნილიყო შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათის პლატფორმა ფოთში, რომელიც ახალგაზრდებსა და სხვა ადგილობრივ აქტიურ ჯგუფებს ტრიბუნას დაუთმობდა, დიდი ხნის მანძილზე არსებობდა. იდეის ავტორებმა ფოთის მუნიციპალიტეტს იქამდე მიმართეს, სანამ ევროკავშირის საგრანტო კონკურსი გამოცხადდებოდა, თუმცა მის განსახორციელებლად ბიუჯეტში საჭირო ფინანსური რესურსი არ აღმოჩნდა. უკვე მას შემდეგ, რაც ფოთის მერიამ ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის ევროკავშირის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, შესაძლებელი გახდა, იდეა განგვეხორციელებინა. „თავისუფალი პლატფორმა“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ფოთისთვის. ეს სივრცე ყველას აძლევს თვითდამკვიდრების საშუალებას. ჩვენ ღია ვართ ადამიანებისთვის, რომლებსაც საინტერესო გადაცემის იდეა აქვთ“, – ამბობს ბაქარ ერაგია.
გიორგი კოკაია ონლაინ მედიის პროდიუსერია.