ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 19 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს უცოდინარი უწოდა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებზე პასუხების ყიდვაში დაადანაშაულა.
– „ბათუმში ჩააბარეთ თქვენ გამოცდები, გასაგებია, როგორ ჩააბარეთ, არაფერი თქვენ არ იცით, თქვენ ხართ არაკვალიფიციური, ჩაბარებული გაქვთ გამოცდა ბათუმში 2000 წლების დასაწყისში, რაც ნიშნავდა იმას, რომ ყველას ნაყიდი ჰქონდა გამოცდაზე პასუხები“… – გვარამიას ამ განცხადებას 2000 წლის მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ერთ ერთი ხელმძღვანელი, აჭარის იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი, სამართლის ექსპერტი როსტომ გუნთაიშვილი ეხმაურება, მისი განცხადებით, „როდესაც გვარამია აცხადებს, რომ 2002 წელს ბათუმში ასეთი რამ მოხდა, ის ვალდებულია მტკიცებულება წარმოადგინოს“. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს როსტომ გუნთაიშვილთან.
– არავითარი სურვილი არ მაქვს, ნიკა გვარამიასთან რაიმე პოლემიკაში შევიდე, მაგრამ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და დაფიქსირებული ე.წ. ჭეშმარიტება, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის იმ ნაწილებში, რომელიც პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, როგორც ტელემაყურებელსა და პოლიტიკური უფლებებით აღჭურვილ პირს (რომლითაც არ ვსარგებლობ და მხოლოდ ამომრჩეველი ვარ) მეხება. საქმე კი შემდეგშია: – პირველივე მოსამზადებელ სხდომაზე გვარამიამ, ჩემთვის, როგორც პროფესიონალი იურისტისათვის, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს. არავითარი განწყობა არ მაქვს ვიყო თამაზ ურთმელიძის ადვოკატი, მას ეყოფა თავისი ინტელექტი, განათლება და პროფესიონალიზმი, რომ თავი დაიცვას, მაგრამ იქ რაც მოხდა, ძალიან ცუდი მაგალითია.
– კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?
– გვარამიას ეს მიმართვა სატელევიზიო ჩანაწერით მოვისმინე, მან მოსამართლეს ასე მიმართა: „ვწუხვარ, რომ თქვენს დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული, ეს ყველაზე უფრო ცინიკური და ირონიული შეცდომაა, რაც დამიშვია. ჩემი ხმა, თქვენ რომ მოსამართლე გამხდარიყავით, იყო გადამწყვეტი, ეს იყო მძიმე შეცდომა“… 2005 წელს საქართველოს იუსტიციის საბჭოს განცხადებით მიმართა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ და მაშინ მოქმედი კანონის შესაბამისად მისი განცხადება დაკმაყოფილდა და მიეცა უფლებამოსილება დაეჭირა საქართველოში მოსამართლის თანამდებობა. კენჭიყრისას თუ ხმები თანაბრად გაიყოფოდა, მაშინ ის ვერ გადალახავდა ბარიერს, მაგრამ ნიკა გვარამია იუსტიციის საბჭოს წევრი იყო და მან მხარი დაუჭირა ურთმელიძის კანდიდატურას, ესე იგი ცნო მოსამართლე თამაზ ურთმელიძის პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია და ის კრიტერიუმები, რაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისათვის იყო კანონით დადგენილი. მიუხედავად ამისა, გვარამიას თავხედობა ამით არ გაჩერებულა, ის პირდაპირ ეუბნება მოსამართლეს: „ბათუმში ჩააბარეთ თქვენ გამოცდები, გასაგებია, როგორ ჩააბარეთ, არაფერი თქვენ არ იცით, თქვენ ხართ არაკვალიფიციური, ჩაბარებული გაქვთ გამოცდა ბათუმში 2000 წლების დასაწყისში, რაც ნიშნავდა იმას, რომ ყველას ნაყიდი ჰქონდა გამოცდაზე პასუხები“… როგორ გავიგოთ? მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები ნამდვილად 2002 წლის ზაფხულში ჩატარდა ბათუმში, მაშინ მე ვიყავი იუსტიციის საბჭოს მდივანი და ეს გამოცდები მე ჩავატარე, მახსოვს, ასზე მეტ მოსამართლეს მივანიჭეთ კვალიფიკაცია, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და მაშინ პრეტენზია არავის ჰქონია. ამ აბსურდის გამო შეიძლება შინაგანად არც კი გავნაწყენებულიყავი, მაგრამ წერითი და ზეპირი გამოცდების შედეგებს ამოწმებდნენ ჩემი აწგარდაცვლილი კოლეგები: ბატონები – ამირან ნაკაშიძე, რეზო მხატვარი, ქალბატონი ლეილა შეწირული და მათში ეჭვი არავის შეუტანია. დღეს კი ვიღაც ნიკა გვარამია ასეთი შეურაცხმყოფელი პოზიციის წინაშე გვაყენებს. თამაზ ურთმელიძე საკვალიფიკაციო გამოცდების პასუხებს ვერც მაღაზიაში შეიძენდა და ვერც სადმე არქივში ნახავდა, რადგან ყველა გამოცდაზე პერსონიფიცირებული, ცალკ-ცალკე ბილეთები იბეჭდება და გამოდის, რომ იგი ჩემგან შეიძინა, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია. 2005 წელს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მას არ ჰქონია გამოცდები ჩაბარებული კანონის დარღვევით და ათი წლის შემდეგ გვარამიამ აღმოაჩინა, რომ მას გამოცდის პასუხები უყიდია. ეს ჩემთვის, როგორც მაშინდელი იუსტიციის საბჭოს მდივნისთვის, ძალიან შეურაცხმყოფელია.
– გასაგებია ბატონო როსტომ და დარწმუნებული ვარ, თქვენს პატიოსნებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს, მაგრამ თქვენს გარდა ხომ იყვნენ იქ სხვებიც… შეიძლება აქვს კიდეც რაიმე საფუძველი გვარამიას ამ განცხადებას?
– ამ საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას კანონით დადგენილი წესით მე ვუძღვებოდი, ხოლო საერთო ზედამხედველობას ეწეოდა ბატონი ზურაბ აბაშიძე, რომელიც იმ მომენტისთვის გახლდათ საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი, ხოლო საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე იყო მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ეს გამოცდები ჩვენ მაშინ ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარეთ და არავითარი შენიშვნა არც ერთი მხრიდან არავის გამოუთქვამს. უფრო მეტიც, რაიმე დარღვევა რომ გვქონოდა, აჭარაში (2004 წლის 6 მაისი) „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ, რომელმაც პრაქტიკულად არ დატოვა სამართლის არც ერთი ნორმა – გააუქმა აჭარის კონსტიტუცია, კანონი აჭარის უმაღლესი საბჭოს შესახებ ანუ ყველა სამართლებრივი ნორმა რაც კი არსებობდა, ძალადაკარგულად გამოაცხადა და დაიწყო მუშაობა დროებითი მართვის საბჭომ, მათ ჰქონდათ საკმაო დრო იმისთვის, ემსჯელათ ამ საკითხზე. მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შემდეგ, ბათუმში პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდებიც ჩავატარეთ, რომლის საფუძველზე პროკურორთა 80 პტოცენტი დღესაც მუშაობს საქართვრლოს პროკურატურაში, ჩვენთან ჩატარებული საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასული მოსამართლეების ორი მესამედი დღესაც სასამართლო სისტემაშია, როგორ ფიქრობთ, რაიმე დარღვევა რომ გვქონოდა, რაზე შეეშლებოდათ ხელი? თუკი ნიკა გვარამიამ იცოდა იმის შესახებ, რომ ურთმელიძემ გამოცდის პასუხები „იყიდა“, აქამდე რატომ მალავდა ამ „დანაშაულს“? მიმაჩნია, რომ მკითხველმა თვითონ უნდა განსაჯოს ამ ტყუილი ბრალდებების მიღმა რამდენად შინაგანი, ადამიანური ღირსებებით აღსავსე ადამიანი დგას…
– გვარამიამ მოსამართლეს არა ერთხელ უთხრა, რომ ის აზრის გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობს…
– გამოხატვის თავისუფლება ნამდვილად არის კონსტიტუციით და კონვენციით დაცული, მაგრამ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს განმარტებული აქვს გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი გაგება. ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება ატარებდეს მხოლოდ შეფასებით ხასიათს, თუმცა, თუ ამ შეფასებით ხასიათში არსებობს რაიმე გონივრული ეჭვის ფარგლებში, მან აუცილებლად უნდა განაცხადოს, რომ ეს მისი გონივრული ეჭვია. ის არ შეიძლება გავრცელდეს წარსულზე ანუ როცა 2015 წლის 19 ოქტომბერს გვარამია აცხადებს, რომ 2002 წელს ბათუმში ასეთი რამ მოხდა, ის ვალდებულია მტკიცებულება წარმოადგინოს. მას შეუძლია შეფასებით ხასიათზე იმსჯელოს, მაგრამ მხოლოდ აწმყოსა და მომავალზე. გონივრული ეჭვი წარსულზე არ გამოიყენება – ასეთი განმარტება აქვს სტრასბურგის სასამართლოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გამოხატვის თავისუფლებამ არ შეიძლება ყველაფერი გადაფაროს. თუ წარსულზეა მსჯელობა და მასში დევს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ნიშნებს ატარებს და ამ შემთხვევაში კლასიკური დანაშაულის ნიშნებია, ამას მტკიცება სჭირდება და მას ეს მტკიცება არ გააჩნია. მისი კონვენციური უფლებაა შეფასება მისცეს, მაგრამ საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, დღე და ღამ მის მიერ იმის მტკიცების მიუხედავად, რომ ის არის დემოკრატიის დამცველი და სიმართლის ერთადერთი მთქმელი საქართველოში, დღეს ის ამ საქმესთან დაკავშირებით შეგნებულად ცრუობს, ვინაიდან მან ძალიან კარგად იცის ყველა ის საკითხი, რაც მე უკვე ავუხსენი თქვენს მკითხველს.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ „აჭარა P.S.“-ის ხვალინდელ ნომერში!