მთავარი ინტერვიუ ქართულ-უკრაინული მეგობრობის არაჩვეულებრივი ისტორია

ქართულ-უკრაინული მეგობრობის არაჩვეულებრივი ისტორია

651
0

სასტუმრო „სანაპირომ“ ამ დღეებში უკრაინის ქალაქ კიროვოგრადიდან არაჩვეულებრივ სტუმრებს უმასპინძლა, ესენი გახლდათ ქ. კიროვოგრადის ეროვნულ-ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორები, დოქტორები ევგენი სოლოვიხი, ნიკალაი სვირინი და რექტორი მიხეილ ჩერნოვოლი.
ბატონი მიხეილი ქობულეთის ყოფილი მერის ზურაბ ბეჟანიძის სტუდენტობის მეგობარია და ოჯახთან ერთად, ჩვენს ქალაქში ცხოვრების დიდი ნაწილი აქვს გატარებული, მას განსაკუთრებით უყვარს ქობულეთი და ქობულეთელები, ამიტომ ჩვენი გაზეთისათვის ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

– ქობულეთი ჩემთვის „მშობლიური“ ქალაქია, ჯერ კიდევ მეცხრე კლასის მოსწავლე ვიყავი, როცა აქ მშობლებთან ერთად ვისვენებდი, შემდეგ ბედმა ისე ინება, რომ ზურაბ ბეჟანიძე ჩამოვიდა კიროვოგრადში და ჩვენ ერთად ვსწავლობდით იმ უმაღლეს სასწავლებელში, რომლის რექტორიც ამჟამად მე გახლავართ. როცა სწავლა დავასრულეთ, სტუდენტობის მეგობრობა ოჯახურ მეგობრობაში გადაიზარდა, ჩამოვდიოდი ზურაბთან ოჯახით, მეუღლეები მეგობრობდნენ, ჩემი ბავშვები აქ დაიზარდნენ, ცურვა ისწავლეს, მერე ზურაბი ქობულეთის მერი გახდა და საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად, კომერციული თუ სახელმწიფო საკითხების მოსაგვარებლად თავად ჩამოდიოდა ჩვენთან, მე, გარკვეული პერიოდის მანძილზე კიროვოგრადის ოლქის გუბერნატორიც გახლდით და გვქონდა სამსახურებრივი ურთიერთობებიც… მას შემდეგ პრაქტიკულად წელიწადი არ გავა, ერთი კვირით მაინც რომ არ ვესტუმრო თქვენს ქალაქს. რა გითხრათ, ჩვენი მეგობრობა გრძელდება და ერთმანეთს არ ვკარგავთ…
– მაგრამ ბევრი ასეთი მეგობრობა დაიკარგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თქვენ როგორ შეძელით ძველი ურთიერთობების შენარჩუნება?
ukraina 1   – მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს პირველკურსელ სტუდენტებს და თქვენთანაც იმავეს გავიმეორებ, სტუდენტობის დროინდელი მეგობრობა წარუშლელია, ეს ის წლებია, როცა მეგობრობაში არავითარი ხინჯი, არავითარი მერკანტილური ინტერესები არ არსებობს, ამ დროს არავინ იცის, ვინ იქნება ხვალ, გამოადგება თუ არა მიღებული ცოდნა და ა.შ. მოეწონათ ერთმანეთთან ურთიერთობა? ურთიერთობენ და მუდმივ მეგობრებად რჩებიან… საქართველოსა და უკრაინის ასეთი მძიმე ბედი კი კიდევ უფრო განამტკიცებს ამ მეგობრობას, რადგან ჩვენ ყველაზე უკეთ ვუგებთ ერთმანეთს თუ რა რთულია ამ მძიმე პერიოდის გადალახვა. თქვენ გადაიტანეთ ომი, ახლა ეს უბედურება უკრაინას დაატყდა თავს და ვფიქრობ, ძალიან მძიმეა ყველაფერ ამის გადატანა ერთმანეთისთვის მხარდაჭერის გარეშე. მითუმეტეს, ჩვენ უკვე სამოც წელს გადავაბიჯეთ, ბავშვები აღარა ვართ და ამ ასაკში მეგობრობის სიმტკიცე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია…
– გვიამბეთ თქვენი სასწავლებლის შესახებ, როგორი იყო ის თქვენი სტუდენტობის დროს და როგორია ის თქვენი რექტორობის პერიოდში?
– მაშინ ჩვენი სასწავლებელი იწოდებოდა როგორც სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის კიროვოგრადის ინსტიტუტი, ჩემი რექტორობის პერიოდში გადაკეთდა უნივერსიტეტად. იყო ვიწრო სპეციალიზირებული ინსტიტუტი, ასეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მხოლოდ ორი არსებობდა – როსტოვსა და კიროვოგრადში. სპეციალობებიც ცოტა იყო, დაახლოებით ათამდე, დღეს უკვე ოცდაათამდე სხვადასხვა საუნივერსიტეტო მიმართულების სპეციალობა გვაქვს. მივიღეთ ნაციონალური უნივერსიტეტის სტატუსი, რამაც საშუალება მოგვცა ფართოდ გაგვეშალა სამეცნიერო მუშაობა, დღეს უკვე გვაქვს ასპირანტურა, დოქტორანტურა და სადოქტორო საბჭო დისერტაციების დაცვისათვის. ჩვენს ლექტორებს შორის არიან აკადემიკოსები, რაც მაშინ ძალიან დიდი იშვიათობა იყო, გვაქვს ძალიან ძლიერი საერთაშორისო კავშირები, ყოველწლიურად 150-200 სტუდენტი ევროპაში, კანადასა და ამერიკაში გადის პრაქტიკულ მომზადებას, ანუ დღეს უკვე სულ სხვა დონეზე ვართ. ამასთან, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთანაც, ბოლო დროის მოვლენებმა ცოტათი შეაფერხა ეს ურთიერთობები, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ აქაც დავიწყებთ სტუდენტთა გაცვლას.
– ქართველები თუ სწავლობენ თქვენს უნივერსიტეტში?
– არიან, მაგრამ ძალიან ცოტა, მე, მათ სულ ყველას კარგად ვიცნობ და სისტემატურად ვინტერესდები მათი წარმატებით.
– როგორ ხდება მოწყობა თქვენს უნივერსიტეტში, ჩვენთან, მაგალითად, აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდებს აბარებს…
– ჩვენთანაც დაახლოებით იგივე სისტემა მუშაობს, ოღონდ აბიტურიენტს მისაღები გამოცდების ჩაბარება არ სჭირდება. არსებობს სერტიფიცირების დამოუკიდებელი ცენტრი, სადაც ახალგაზრდები გადიან ტესტირებას და იღებენ სერტიფიკატს, რომლითაც კომპიუტერი განსაზღვრავს უკრაინის ხუთი უნივერსიტეტიდან რომელში შეიძლება ჩაირიცხოს და გააგრძელოს სწავლა.
– ამ გადასახედიდან, ანუ რექტორის თვალით, როგორი სტუდენტი იყო თქვენი მეგობარი ზურაბ ბეჟანიძე?
ukraina 4– ახალგაზრდობა იცვლება, რა თქმა უნდა, შეიცვალნენ სტუდენტებიც და ლექტორ-მასწავლებლებიც, რადგან თვით ცხოვრება შეიცვალა და თანამედროვეობა სულ სხვა მოთხოვნებს გვიყენებს. გეტყვით, რომ მაშინ სტუდენტები უფრო მეტი მონდომებით უდგებოდნენ სწავლას, პასუხისმგებლობაც გაცილებით მაღალი იყო, გვქონდა სტიპენდიის დაკარგვის შიში, ანგარიშვალდებულები ვიყავით კომკავშირულ ორგანიზაციასთან… დღეს კი სულ სხვა მიდგომებია, სტუდენტი თუ აბარებს სესიას, ვეღარ შეეხები, რომც არ იაროს უნივერსიტეტში, მეორე სესიამდე ანუ მთელი სემესტრი სტიპენდიას იღებს. დღევანდელი თაობა გაცილებით თავისუფალია, მათ კარგად იციან უცხო ენები, კომპიუტერი, შეუძლიათ თავადვე დაგეგმონ საკუთარი მომავალი, იმუშაონ თუ არა სპეციალობით ან სულაც ბიზნესში წავიდნენ.
– ბატონო მიხეილ, მოდით, ისევ ქობულეთს დავუბრუნდეთ, ამბობთ, რომ ის თქვენი მეორე ქალაქია… როგორც ტურისტი და არა, როგორც მეგობარი, რას იტყვით კურორტის შესახებ?
– ზურაბიც ამბობს, რომ კიროვოგრადი მისი მეორე სამშობლოა, ჩემთვის კი ქობულეთია მეორე ქალაქი… უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენს ქალაქში სიმშვიდეა, ეს უკრაინის ცენტრია და რაიმე გამოვლინებებს ადგილი არ აქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გვყავს დევნილები, მაგრამ სული მაინც დამძიმებული გვაქვს, დიდი სტრესია, როცა ყოველდღიურად ტელევიზიით საშინელებებს გადმოსცემენ, მაგრამ მე ვიცი, რომ მაქვს არაჩვეულებრივი წამალი – მივდივარ ქობულეთში, სადაც ვმშვიდდები, არაფერზე აღარ ვფიქრობ და ზღვასთან ვმარტოვდები… მსოფლიოს 51 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მათ შორის ძალიან ბევრ კურორტზე ვისვენებდი, მართალია, ქობულეთი და მისი ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შორსაა მსოფლიო სტანდარტებისგან, მაგრამ ის თავისებური ქართული კურორტია შესანიშნავი კლიმატით, ზღვით, ქართული სამზარეულოთი, უსაფრთხოებითა და რაც მთავარია, ქართველი ხალხით. ამ ქალაქის წინსვლა და განვითარება საკუთარივით მახარებს…
– არანაირად არ მსურს ჩვენი ამ საუბრის პოლიტიზირება, მაგრამ გვერდს მაინც ვერ ავუვლი რუსულ-უკრაინული ურთიერთობების თემას… იქნებ ძალიან მოკლედ შეგვიფასოთ, რა ხდება?
– რუსეთი, როგორც იმპერია, გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, საკუთარ ინტერესებს იცავს, ცდილობს ხელში ეჭიროს მეზობლები, ეს მისი სახელმწიფო პოლიტიკაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაიგივდეს უბრალო რუს ხალხთან. მე, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები მოსკოვში დავიცავი, იქ მყავს ძალიან ბევრი ნათესავი თუ მეგობარი და ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი, ისინი არაფერ შუაში არიან, მაგრამ სახელმწიფო ასე იქცევა და თანაც ყველგან ერთი და იმავე სცენარით… ჩვენ უკვე ავირჩიეთ ევროპული გზა და ამ პროცესს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რომ რუსეთთან კავშირი გუშინდელი დღეა და წინ ევროპაა, ვერაფერს გააწყობ, ან უნდა გყავდეს პრორუსული ხელისუფლება, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში იყო ან უნდა შეიქმნას ასეთი დაძაბულობა და გაყინული კონფლიქტები. აი, ასე მიდის ეს ყველაფერი, ცრემლებამდე საწყენია, მაგრამ სიმართლე ეს არის… ვიმედოვნებ, ხალხის ძალა და მსოფლიოს მხარდაჭერა რაღაც დადებითს მაინც მოგვცემს, ყოველ შემთხვევაში თუნდაც ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისავის, თორემ ჩვენს თაობაზე საუბარი აღარ არის…
 – რას ეტყვით ქობულეთელებს, ჩვენი გაზეთის მკითხველს?
– ძვირფასო ქობულეთელებო, ძალიან გაფასებთ და მიყვარხართ, აქ ყველაფერი კარგი და ლამაზია, ვისურვებდი, ქობულეთს, აჭარას და სრულიად საქართველოს საუკეთესო მომავალი ჰქონდეს.

ukraina 2P.S. ბატონმა ალექსანდრემ ერთი საინტერესო ამბავიც გვიამბო, შარშან კიროვოგრადის ეროვნულ – ტექნიკურ უნივერსიტეტს (ყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ინსტიტუტი) დაარსებიდან 80 წელი შესრულებია. საიუბილეოდ უნივერსიტეტში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებთან ერთად, სასწავლებლის 40 ათასზე მეტი კურსდამთავრებულიდან საუკეთესოები შეარჩიეს და ფოტოებით საპატიო სტენდზე გამოფინეს, ერთეულებს შორის სტენდზე თურმე ქობულეთელი ზურაბ ბეჟანიძის სურთიც მოხვდა. დაბადებიდან 60 წლის იუბილეზე კი ბატონ ზურაბს, როგორც ამავე ინსტიტუტის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭეს და სპეციალური ორდენით დააჯილდოვეს.

ჯემალ მეგრელიძე