მთავარი სხვადასხვა ვაშინგტონში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავი აღინიშნა

ვაშინგტონში ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავი აღინიშნა

37
0

27 სექტემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა “ქართულმა ასოციაციამ”, ქ. ვაშინგტონის “კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში” 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა სახელწოდებით “უტეხი სული: 1924 წლის ქართველთა აჯანყებიდან ერთი საუკუნე” (An Unbroken Spirit: A Century Since the 1924 Georgian Uprising). “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასა” და “ჰარვარდის დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამასთან” თანამშრომლობით ჩატარებული ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს უახლესი ისტორიის საკვანძო მოვლენის გახსენებასა და პატივის მიგებას იმ გმირებისთვის, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყნის რუსეთისგან დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დოკუმენტური გამოფენა, რომელიც აჯანყებულთა ისტორიებს ეხებოდა. სიტყვით გამოვიდნენ ჰარვარდის უნივერსიტეტის დეივისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამის დამფუძნებელი სტივენ ჯონსი, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” წარმომადგენლები გიორგი კანდელაკი და ირაკლი ხვადაგიანი, „მეხსიერების კვლევების ცენტრი კავკასიაშის” დირექტორი მალხაზ თორია. მომხსენებლებმა ისაუბრეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლასა და დაუმორჩილებლობაზე საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ, 1924 წლის აჯანყების წინაპირობებსა და მის შედეგებზე. დრო დაეთმო სტალინის კულტის ფენომენის განხილვასა და საბჭოთა მეხსიერების გავლენის ხაზგასმას საქართველოს დემოკრატიულ პროცესებზე.
ღონისძიებას ასზე მეტი ქართველი და ამერიკელი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის აჯანყების მონაწილეთა შთამომავლები, აკადემიური სფეროსა და მედიის, ბიზნესისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. სტუმართა შორის იყვნენ CNN-ს გამოჩენილი ჟურნალისტი და საბჭოთა კავშირის მკვლევარი დევიდ სეთერი; სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების დირექტორი კრისტოფერ ანდერსონი; ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი; ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიული, რუსული და აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის (CERES) პროფესორი ჯილ დოჰერთი და სხვა.
საღამო დასრულდა სოხუმის დაცემის დღის ხსოვნის და უკრაინის ომისადმი მიძღვნილი მუსიკალური შესრულებით. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი ვეტერანთა საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.