უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 20 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფართო მასშტაბიანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა მიხეილ უკლებამ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უვიზო მიმოსვლის პროცესში არსებული შედეგები და სტატისტიკური მონაცემები გააცნეს. საუბარი შეეხო აგრეთვე იმ რისკებსა და საფრთხეებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან. შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, რომელმაც საკითხის აქტუალობასა და ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ევროინტეგრაციის პროცესის ცნობადობის ამაღლების მიზნით ბევრი პროგრამა და პროექტი ხორციელდება. საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმადგენელმა ირმა გაბინაშვილმა კი სანფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ მომდევნო ღონისძიებებზე ისაუბრა და ამ აქტივობებში სტუდენტების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასასრულს სპიკერებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს.
საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორცილდება.
კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, 160 შეხვედრა გაიმართა.