აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მედეა ვასაძის მოთხოვნას, რომ ანგარიში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ წარადგინოს და არა მისმა მოადგილემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განცხადებით პასუხობს, რომელშიც ნათქვამია: „აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ამა წლის 18 აპრილამდე ოფიციალური ვიზიტით, აჭარის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, კანადის მთავრობის მიწვევით, მონრეალში, კანადაში იმყოფება. მინისტრი კანადაში კვებეკის პროვინციის სამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაცია „Invest in Quebec“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ესწრება.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ უარი განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიერ ანგარიშის წარდგენაზე, შესაბამისად საქართველოში დაბრუნებისთანავე, დეპუტატების სურვილის შემთხვევაში, დავით ბალაძე მზადაა 2014 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში თავად წარადგინოს უმაღლეს საბჭოში. აქვე აღვნიშნავთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი არაერთხელ წარმდგარა საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით და ეს საკითხი პრობლემატური არასოდეს გამხდარა. სამინისტრო მოუწოდებს დეპუტატ მედეა ვასაძეს გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური კულტურა და პირადი ინტერესებისთვის არ მოახდინოს საკითხის ხელოვნური პროვოცირება“-ნათქვამია განცხადებაში.