მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება მთავარ პროკურორად პაატა შავაძის არჩევა იუსტიციის მინისტრის ისტორიული შანსია

მთავარ პროკურორად პაატა შავაძის არჩევა იუსტიციის მინისტრის ისტორიული შანსია

3717
0

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ ქვეყნის მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი დაასახელა: სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, რომელმაც დღეს შეთავაზებაზე უარი განაცხადა და მოხსნა კანდიდატურა,  მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ბათუმელი კანდიდატი, საქართველოს ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი, პროფესორი პაატა შავაძე. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების მიერ წარმოდგენილ კანდიდატთა სპექტრში არც ერთი ქალი არ არის, მას 13 ნოემბრამდე აქვს ვადა, რა პერიოდშიც საჯარო კონსულტაციები გრძელდება და 14 ნოემბერს კანდიდატთა საბოლოო სიას გამოაქვეყნებს.

პაატა შავაძის მხარდამჭერთა შორისაა მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“, რადგან მიგვაჩნია, რომ იგი, როგორც საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე, ჩვენი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი და ძალზედ საინტერესო გადაცემა „ზღვარის“ წამყვანი, თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით, ადამიანობითა და შეუპოვრობით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ამ ისტორიული გარდატეხის ჟამს, ნამდვილად იმსახურებს ქართულ იურისპრუდენციაში მნიშვნელოვან ადგილს. ამ რამდენიმე დღის წინ, ვიდრე ჩვენ პაატა შავაძეს მთავარი პროკურორის პოსტზე აჭარის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად ნდობას გამოვუცხადებდით, მკითხველს შევთავაზეთ მისი საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ, სადაც მან წარმოადგინა თავისი სამოქმედო პროგრამის მცირედი ნაწილი, რომელშიც ნათლად ჩანს მისი პროფესიონალური ხედვა და მომავლის ქართული პროკურატურის ყველასთვის მისაღები ფორმა. ჩვენ აბსოლუტურად გვწამს და გვჯერა, რომ ბატონი პაატა, თავისი პირდაპირობითა და შეუპოვრობით შეძლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავარი მესიჯის – სამართლიანობის აღდგენის განხორციელებას.

– მედიასთან მუშაობა ჩემი ჰობია. კვირაში ერთი დღე მედიას დაეთმობა, საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებ და ვეტყვი, თუ რა გავაკეთეთ მთელი კვირის განმავლობაში და რა გვაქვს დაგეგმილი მომავალი კვირისთვის. ჩემი და მთლიანად უწყების მუშაობა იქნება გამჭვირვალე და ყველას ექნება საშუალება მიიღოს ინფორმაცია კანონით ხელმისაწვდომი წესითა და რიგით – აცხადებს მთავარი პროკურორობის კანდიდატი და ჩვენც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ იქნება კაბინეტში გამოკეტილი ჩინოვნიკი, ის შეძლებს მოიპოვოს საზოგადოების სიყვარული და პროკურატურა აქციოს ღია საჯარო უწყებად.

– ვიქნები ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი, და პრინციპული ხელმძღვანელი. წამოვწევ და ჩემი გამწესებიდან 2 თვეში გახსნილად გამოვაცხადებ ყველა გახმაურებულ საქმეს, ეს იქნება ჟვანიას, გირგვლიანის, რობაქიძისა და სხვების. ამ და სხვა საქმეებზე 2 თვის ვადაში ყველა კითხვის ნიშნის არსებობას მოეღება ბოლო. მე შევძლებ ვუთხრა საბოლოოდ საზოგადოებას, რა ვითარებაში დაიღუპა ზურაბ ჟვანია და ვის მიუძღვის ბრალი რეჟიმის ეპოქაში მკვლელობების ჩადენაში – ეს პაატა შავაძის კიდევ ერთი ხმამაღალი სიტყვაა თავის სამოქმედო პროგრამაში და ქართველი ხალხის მოლოდინიც სწორედ ეს არის. ამიტომაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თითოეული ადამიანის მხარდაჭერა მისი კანდიდატურისადმი, ხოლო იუსტიციის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანს ისტორიული შანსი ეძლევა თავისი სწორი გადაწყვეტილებით გზა გაუხსნას პროფესიონალს, რომელიც ამ ურთულეს ეტაპზე ნამდვილად შეძლებს ქართველი ხალხის დაკვეთის პირუთვნელად შესრულებას.

უახლოეს დღეებში ჩვენ შემოგთავაზებთ პირდაპირ ეთერს, სადაც უშუალოდ შეგახვედრებთ ქვეყნის მთავარი პროკურორობის განდიდატს, რომელთანაც ნებისმიერ თქვენგანს გასაუბრების და კითხვის დასმის საშუალება მიეცემა.

მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“, გაზეთების: „აჭარა P.S.“ და „ჩემი ქობულეთის რედაქციები, ტელეკომპანია TV12-ისა და აჭარის პირველი ონლაინმაუწყებლის შემოქმედებითი ჯგუფები.