მთავარი პოლიტიკა რაზე შეთანხმდნენ შეხვედრისას ზელენსკი და ტრამპი?

რაზე შეთანხმდნენ შეხვედრისას ზელენსკი და ტრამპი?

32
0


მიხედავად იმისა, რომ შეხვედრა 27 სექტემბერს ნიუ-იორკში შედგა, ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ასაჯაროვებს ინფორმაციას, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მხარეებმა. შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომელიც დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, მხოლოდ ის განაცხადეს, რომ ორივე ომის დასრულების ალბათობაზე თანხმდება, თუმცა როგორ, ამაზე კონკრეტულად არც ერთ მათგანს არ უსაუბრია.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის „სამართლიან მშვიდობას“ ემხრობა. თუმცა თავი შეიკავა დაკონკრეტებისგან, თუ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ როგორ შეთანხმებას მიიჩნევს სამართლიანად. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საჭიროა ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე.

არც ტრამპს და არც ზელენსკის საჯაროდ არ განუმარტავთ პოტენციური შეთანხმების დეტალები.

ბოლო დღეებში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგებზე ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა, რომ მაშინაც კი, როცა უკრაინის ქალაქები განადგურებულია, უარს ამბობს შეთანხმების მიღწევაზე და „დედამიწაზე უდიდესი ვაჭარია“, რადგან აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი.

მოგვიანებით, 26 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის დილით შეხვდებოდა თავის ცათამბჯენ Trump Tower-ში.

დონალდ ტრამპი ამერიკელებს ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანას უკრაინის ომიდან გაიყვანს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, 24 სექტემბერს ჯორჯიის შტატში გამართულ საარჩევნო შეხვედრაზე, ტრამპმა დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა, რომ მათ აშშ უკრაინის ომში შეიყვანეს და ვეღარ გამოჰყავთ. დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ამას გაუმკლავდება და მოლაპარაკებებს მიაღწევს.

ზელენსკის ვიზიტს აშშ-ში თან ახლდა სკანდალიც. კერძოდ, რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 22 სექტემბერს პენსილვანიის შტატში მდებარე საბრძოლო ჭურვების მწარმოებელ ქარხანაში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობისას იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და არც ერთი რესპუბლიკელი არ მიუწვევიათ. ამის გამო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ეჭვი შეიტანა შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას „პატიოსნებაში“ და დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში“ დაადანაშაულა. მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც ზელენსკის გაუგზავნა. ჯონსონი ზელენსკისგან მოითხოვს ელჩის თანამდებობიდან მარკაროვას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.