საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ექს–პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია ექიმების მიერ.
აღნიშნულთან დაკავშირებით მან ,,Facebook-“ზე პოსტი გამოაქვეყნა.
“ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან. ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია” , – ნათქვამია კვირიკაშვილის განცხადებაში