მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა სიახლე ბათუმის ცენტრალურ ბაზარში

სიახლე ბათუმის ცენტრალურ ბაზარში

277
0

28 აპრილს სასტუმრო „შერატონში“ „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ მხარდაჭერით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ბათუმის მერიისა და ბათუმის აგრარული ბაზრისა და მედიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი ბათუმის აგრარული ბაზრის ყველის სექციის პროექტის გაცნობა, სურსათის უვნებლობის კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და მოსალოდნელი შედეგების წარდგინება, ასევე, აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის გასაფორმებელი ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმის განხილვა იყო.
ბათუმის აგრარული ბაზარის ყველის სექციის რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფასილიტაციით მიმდინარეობს, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“.
პროექტის თანახმად ბათუმის ცენტრალური ბაზრის ყველის სექცია აღიჭურვება 40 ახალი დახლ-მაცივრით, ხელსაბანი ონკანებითა და უჟანგავი ინვენტარით. რძის პროდუქტების სექციისთვის გაიხსნება 4 საწყობი, ლაბორატორია, გასახდელები, სველი წერტილები, სასადილო, სამრეცხაო და სასტერილიზაციო. სექციის რეკონსტრუქციის მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. პროექტის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველის სექციაში დაცული იქნება ჰიგიენური ნორმები.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით შესაძლებელი გახდება ბათუმის აგრარულმა ბაზარმა შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა მომხმარებლისთვის სუფთა და უვნებელი ცხოველური პროდუქტების მიწოდებით. მოვაჭრეებმა შესთავაზონ გაუმჯობესებული სერვისი მომხმარებელს, რაც ხელს შეუწყობს მოვაჭრეებს გაზარდონ გაყიდვები, ხოლო ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს ჰქონდეთ მდგრადი გასაღების ბაზარი ბათუმის აგრარული ბაზრის სახით.
მაგრამ არის თუ არა ბათუმის ცენტრალური ბაზარი ბათუმი ან აჭარა? რეგიონის საკურორტო ადგილებში, არა მარტო სეზონზე, არამედ სხვა პერიოდშიც ყოველგვარი შეზღუდვის გარე ხორციელდება რძისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია, ცენტრალურ ბაზარს შენობა მაინც გააჩნია, სხვა ბაზრებში კი პირდაპირ ღია ცის ქვეშ ხდება აღებ-მიცემობა ისე, რომ არავინ იცის არც პროდუქციის წარმომავლობა და არც ხარისხი. შეხვედრის მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა ერთობლივი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ საჭიროა სოციალური კამპანიის დაწყება სახელწოდებით „არ შეიძინო ქუჩაში!“ და ამაში ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა თავიანთი აქტიური წვლილი უნდა შეიტანონ. რაც შეეხება ბათუმის ცენტრალურ ბაზარში განხორციელებულ ცვლილებებს, ყველა სავაჭრო ობიექტისთვის მაგალითად უნდა იქცეს… როგორც „მერსი ქორფსის“ წარმომადგენელმა აღნიშნა, ბათუმის ცენტრალურ ბაზარში მიმდინარე ყველის სექციის მოწესრიგების საქმეში ამ უკანასკნელის წვლილი მინიმალურია, ძირითადი ხარჯები სამუშაოების საწარმოებლად შპს `ბაკურის~ ხელმძღვანელობამ გაიღო.

თამაზ ქობულაძე