მთავარი სტატიები სუფთა ქალაქის უმთავრესი პირობა მოქალაქეთა თვითშეგნებაა!

სუფთა ქალაქის უმთავრესი პირობა მოქალაქეთა თვითშეგნებაა!

321
0

საკურორტო სეზონი თანდათან ძალას იკრებს, ასეთ დროს განსაკუთრებული საზრუნავი დასუფთავების სამსახურს უჩნდება, როცა ქალაქში ადამიანთა რაოდენობა ასტრონომიულად იზრდება და მისი თანამშრომლები თუ ტექნიკა თითქმის ყველა უბანზე სამცვლიანი მუშაობის მიუხედავად ნარჩენების გატანას ვერ უთავდება.

3_nმეეზოვეები, რომელთაც დღის განმავლობაში დაახლოებით ერთ ჰექტარ ტერიტორიას უნდა მოუარონ, როგორც ადგილობრივებს, ისე დამსვენებელს სისუფთავისკენ მოუწოდებენ, როგორც მეეზოვე ინდირა გოგოლაურმა გვითხრა, თუ კურორტის სისუფთავისთვის ყველამ ერთად არ ვიზრუნეთ, მარტო ერთეულების ძალისხმევა საკმარისი არ არის. გოგოლაურის განცხადებით, მას საქმიანობა ქალაქის ერთ ერთ ურთულეს უბანზე – ბაზრის ტერიტორიასა და რუსთაველის ქუჩაზე უხდება, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ნარჩენებია და ვიდრე ერთი ბოლოდან მეორემდე მიდის, უკან ტერიტორია ისევ დასაგველია. გოგოლაურის განმარტებით, საქმეს განსაკუთრებით ამ ტერიტორიაზე არსებული ე.წ. საბითუმო სავაჭრო ობიექყები ართულებენ, რომელთაც დიდი რაოდენობით ნარჩენები გამოაქვთ და პირდაპირ ქუჩაში ყრიან…

2_nშპს „სანდასუფთავების“ ქობულეთის სერვისცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ანზორ ქათამაძის განცხადებით, სიტუაციას სავაჭრო ობიექტების დაუდევრობა ნამდვილად ართულებს, მათ ქუჩაში გამოაქვთ ნარჩენები და ნაგავშემკრებ კონტეინერებში რომ აღარ ეტევა, პირდაპირ მიწაზე ყრიან. როგორც ქათამაძე ამბობს, მდგომარეობას მხოლოდ სანქციების გამკაცრება თუ გამოასწორებს, შესაბამისმა სამსახურებმა მეტად უნდა იაქტიურონ და როცა ქალაქში დაჯარიმების რამდენიმე პრეცენდენტი შეიქმნება, სხვებისთვის ეს კარგი გაფრთხილება იქნება…

– ყველას ეგონა, რომ ქართველი კაცი მანქანაზე ღვედს არ გაიკეთებდა, მაგრამ კანონმა რომ იკანონა, დღეს ყველა ღვედით დადის, ასე იქნება ეკოსანქციების ამუშავების შემთხვევაშიც. ადამიანს რომ ეცოდინება, ნარჩენის ქუჩაში გადაგდებისთვის მას დააჯარიმებენ, ის ამას აღარ გააკეთებს. სამწუხაროდ ჩვენს ორგანიზაციას არ გააჩნია ისეთი სამსახური, რომელსაც დამრღვევი მოქალაქეების დაჯარიმების უფლება-მოსილება ექნება, ამიტომ ის უწყებები უნდა გააქტიურდნენ, რომელთაც ამის ვალდებულება სახელმწიფოს მიერ აქვთ მინიჭებული… – ამბობს ანზორ ქათამაძე.

საკურორტო სეზონის პერიოდში, ქალაქში დამსვენებლის მატებასთან ერთად, მატულობს სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებიც, მათი უმრავლესობა ცდილობს თავადვე მოუაროს თავის წინამდებარე ტერიტორიას, დაგავოს, მოაწესრიგოს, მეეზოვეს ცოტათი შეეხიდოს, მაგრამ ნარჩენები იმდენად ბევრია, „სანდასუფთავების“ სამსახურის სპეცავტომანქანებს ნაგავსაყრელამდე დღის განმავლობაში რამდენიმე რეისის გაკეთება უხდებათ. განსაკუთრებით პრობლემურია პლაჟის სისუფთავე, სადაც ხშირად შეხვდებით ცარიელ ბოთლებს, სიმინდის ტაროებს, სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს… მართალია, შესაბამისი სამსახურები პრობლემას მოქალაქეთა დაბალ თვითშეგნებაში ხედავენ, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ამაზე თვით საზოგადოების წარმომადგენლებიც მიუთითებენ, აი, მაგალითად, სომეხმა დამსვენებელმა აშოტ აკოპიანმა გვითხრა, რომ მას არ სურს პლაჟის დანაგვიანება, ცდილობს ნარჩენები ერთ პარკში მოაგროვოს და ზღვიდან ამოსვლის შემდეგ კონტეინერში გადააგდოს, მაგრამ როცა ქუჩაშია, ნაგვის ურნების არქონის გამო, იძულებულია ნარჩენისგან ხელი სადმე მოფარებულ ადგილას გაინთავისუფლოს.

ქალაქი მართლაც განიცდის ურნების ნაკლებობას, ამ ფონზე ძალიან სასიხარულოა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დამატებით 30 ათასი ლარის ღირებულების დეკორატიული ურნების შეძენის შესახებ. ბეჟი ფერის ჩამოსხმული ქვა გაპრიალებული და გალაქული, ზედაპირი დაფარული მაღალი სიმკვრივის EPL ყავისფერი ძელაკებით  – აი, ამ მახასიათების გათვალისწინებით ქობულეთის გამგეობამ ურნების შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, შეძენილი ურნები სკვერებში განთავსდება.

გამგეობის კომუნალური განყოფილების უფროსი მაია ბეჟანიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ დასუფთავების სამსახურის მომსახურებას მუნიციპალიტეტი ტენდერის წესით ყოველი წლის დასაწყისში ერთ მილიონ ლარად იძენს. ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ყოველდღიურად ხდება შესრულებული სამუშაოების გაკონტროლება, თუმცა კომუნალური განყოფილების უფროსიც ეთანხმება იმ აზრს, რომ თუ მოქალაქეები არ დაიცავენ სისუფთავეს, მარტი დასუფთავების სამსახურის ძალისხმევა საკმარისი არ არის. ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მგალობლიშვილი თვლის, რომ მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლებაში განსაკუთრებული როლი მედიას ეკისრება და ადგილობრივ გაზეთს ამ კუთხით დიდი როლის შესრულება შეუძლია.

როგორც დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ქათამაძე აღნიშნავს, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გარდა, ქალაქში, განსაკუთრებით საკურორტო სეზონის წინ, ძალიან დიდ პრობლემად იქცა სამშენებლო ნარჩენების საკითხიც. დასუფთავების სამსახურს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის ვალდებულება, თუმცა სეზონის წინ, როცა თითქმის ყველა მეორე ოჯახსა თუ ობიექტზე სარემონტო თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ნაგავშემკრები კონტეინერები სამშენებლო ნარჩენებით ივსება, რისი გატანაც დასუფთავების სამსახურისგან დამატებით ხარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს.

რუსუდან თხილაიშვილი

logo_n