მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი 20 წლამდე რაგბის მსოფლიო თასი ბათუმშია

20 წლამდე რაგბის მსოფლიო თასი ბათუმშია

336
0

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველოში 20-წლამდელთა რაგბის მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. სარაგბო სამყაროში კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ სიდიდით მეორე ტურნირია. ტრადიციულად, ტურნირის დაწყებამდე, მასპინძელ ქვეყანაში ტურნირის მთავარი ჯილდოს – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იწყება. საქართველოში თასს რამდენიმე ღირსშესანიშნავ ადგილას ჩაიტანენ, რაც მთელი მსოფლიოსთვის ქართული კულტურის გაცნობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩინების შესანიშნავი საშუალებაა. ჩემპიონატის თასი 20 მაისს, ბათუმში ჩამოიტანეს და რაგბის სტადიონზე განათავსეს. სარაგბო კლუბის ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები თასს თამარის დასახლებაში, ჭადრაკის სასახლესთან დახვდნენ. რაგბის სტადიონზე თასი ალექსანდრე შამილიშვილმა და ვიტალი კირინმა განათავსეს. მსოფლიო თასთან სურათების გადაღება ყველა მსურველს შეეძლო. თასის დახვედრის ცერემონიალს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი ესწრებოდნენ. ჩემპიონატი 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. გამარჯვებისთვის მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იბრძოლებს. 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მსოფლიო რაგბმა საქართველოს 2015 წელს მიანიჭა, რაც, თავის მხრივ, ქართული რაგბის მზარდ განვითარებასა და მაღალ ორგანიზაციულ დონეზე მეტყველებს. ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა. 20-წლამდელთა ჩემპიონატის დევიზია – „მსოფლიო რაგბის მომავალი ვარსკვლავები“ (Future Stars of World Rugby).