(სამსონ ფირცხალავას ეროვნულ – პოლიტიკური შეხედულებანი)
,,ქართველი ერის ბედის მჭედელი ყოვლის უპირველესად თვითონ ქართველი ერია, თვითონ მან უნდა ამოიღოს ხმა, თვითონ უნდა გამოხატოს თავისი ეროვნული ნებისყოფა.
…ნუღარ ვიქნებით გულუბრყვილონი, ნუ დავეყრდნობით გარეშეს ნურც ვისმე, ნურც რასმე – დავემყარნეთ მხოლოდ საკუთარს ძალღონეს, საკუთარს შეგნებას და მოქმედებას.“
სამსონ ფირცხალავა
გამოჩენილ ქართველ მამულიშვილთა შორის თავისი სიტყვითა და საქმით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დიდ პატრიოტს, შორსმჭვრეტელ მოაზროვნეს, პუბლიცისტს, მკვლევარს, ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს სამსონ გიორგისძე ფირცხალავას (1872 – 1952 წ წ.).
სამსონ ფირცხალავა გახლდათ საქართველოს ეროვნული ერთიანობის დიდი იდეოლოგი, რასაც ცხადყოფს მისი, როგორც პუბლიცისტის ნაყოფიერი შემოქმედება, ცხოვრება და მოღვაწეობა. ის იყო პიროვნება, ვისთვისაც უპირველესი თავისი სამშობლო – საქართველო იყო. სამშობლო და მისი მომავალი იყო თავისი საფიქრალი ყოველ ჟამს, როცა იგი თავისუფალი იყო, მსახურობდა, თუ როცა მეფის რუსეთის ან საბჭოთა რეჟიმის რეპრესიებს განიცდიდა, სამშობლოში იყო თუ უცხოეთში. ის იყო პიროვნება, ვისაც ერის წყლული აჩნდა წყლულად. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან ილია ჭავჭავაძესთან და აკაკი წერეთელთან, რომელთა უდიდეს თაყვანისმცემლად დარჩა სიკვდილის ბოლომდე და იყო მათი ეროვნული გზის გამგრძელებელი. თავის მოგონებებში იგი წერდა: ,,ილიამ აკაკისთან ერთად აღგვზარდა ქართველ მამულიშვილებად, თავისუფლებისა და საზოგადოებრივი სიმართლის მოტრფიალედ. ჩვენს ყურს მუდამ ესმოდა მისი ჰიმნები თავისუფლების და შრომის სუფევის, მისმა მოხევემ მოგვცა ეროვნული დროშა, რომ ჩვენ ჩვენს თავს უნდა ვეკუთვნოდეთ, მან გვამცნო ჩვენი ვინაობა და შეგვაყვარა ქართველი ხალხი ცოცხლად დახატული ტიპებით“.
სამსონ ფირცხალავამ 1898 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. მსახურობდა ქუთაისსა და ჭიათურაში. მალე პუბლიცისტურ საქმიანობას შეუდგა. 1901 წელს თბილისში გადავიდა და მთელი წელი ,,ივერიის“ რედაქციაში იმუშავა. 1902 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ,,ცნობის ფურცელში“. 1906 წელს დაარდა გაზეთი ,,გლეხი“, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი ს. ფირცხალავა გახლდათ. მომდევნო წლებში გამოვიდა ახალი პერიოდული ორგანოები – ,,მიწა“, ,,მზე“ და ,,ფასკუნჯი“, რომლის რედაქტორი ასევე ს. ფირცხალავა იყო. 1917-1921 წლებში ხელმძღვანელობდა გაზეთ ,,სახალხო საქმეს“.
1902 წლიდან ს. ფირცხალავა არის დიდი ეროვნული და კულტურულ საგანმანათლებლო ორგანიზაციის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მისი მდივანი და საქმეთა მმართველი 1910 წლამდე, ამ ეროვნულ მოღვაწთა ორგანიზაციასთან შემდგომ წლებშიც იგი აქტიურად თანამშრომლობდა.
სამსონ ფირცხალავა სხვებთან ერთად გახლდათ 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოიკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელის მომწერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი (1917 წ.), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. იგი აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს აღმშენებლობასა და მის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
სამსონ ფირცხალავა თანაავტორია კრებულისა ილია ჭავჭავაძის სიკვდილი და დასაფლავება, რომელიც ქართველი ერის დიდი მამულიშვილის ილიას მოკვლის წელს, -1907 წელს გამოიცა. მასში გადმოცემულია ქართველი ხალხის დიდი გულისტკივილი და მწუხარება ილიას მოკვლის გამო და დიდი სიყვარული მისდამი. წიგნის წინასიტყვაობაში ს. ფირცხალავა წერს: ,,ქართველი ერი მწარე ცრემლებით მოსთქვამდა ილიას სიკვდილის გამო; საქართველოს ყოველი კუთხიდან მოსული შვილები ეამბორეს მის წმინდა გვამს და ყვავილებით და დიდებით შეამკეს მისი უკანასკნელი განსასვენებელი ადგილი, არამც თუ საქართველოს, რუსეთსაც არ უნახავს ასეთი ბრწყინვალე დასაფლავება მამულიშვილისა“. თავისი პოლიტიკური და ეროვნული შეხედულებებით მეტად საინტერესოა მისი ავტორობით გამოცემული ისეთი წიგნები, როგორიცაა ,,სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი“, ,,ეროვნება და ეროვნული თავისუფლება“, ,,ამბავთა და საქმეთა მოლოდინში“, ,,თამარ მეფე“, ,,ქართველთა წინაპრები და მათი მონათესავე ტომები“ , ,,მოგონებათა ფურცლები“, ,,ისტორიული ლანდები“ და სხვა..
სამსონ ფირცხალავა, როგორც ცნობილია, საბჭოეთის რეჟიმის დროს 15 წელი (1922 – 1947 წ წ.) იმოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც იგი ნაყოფიერ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ, პუბლიცისტურ საქმიანობას აგრძელებდა, ზრდიდა სამშობლოდან სხვა ქვეყანაში მყოფ ქართველ მოსწავლე-ახალგაზრდობას დიდი ეროვნული სულისკვეთებით, ამასთან იგი თანამშრომლობდა პარიზში გამომავალ ქართულ გაზეთებში, როგორიცაა ,,სახალხო საქმე“, ,,დამოუკიდებელი საქართველო“ და სხვა, რომლებშიც იბეჭდებოდა დიდი ეროვნული და პოლიტიკური ღირებულებების მქონე წერილები. სამსონ ფირცხალავა სამშობლოში 1948 წელს დაბრუნდა, გარდაიცვალა 1952 წელს.
საყურადღებოა სამსონ ფირცხალავას ცხოვრება და მოღვაწეობა, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, – საფრანგეთში, ლევილში. ამასთან შეუძლებელია მისი მრავალმხრივი მოღვაწეობისა და შემოქმედების ერთ სამეცნიერო სტატიაში სრულყოფილად წარმოჩენა. ამიტომ ამჯერად მკითხველს უნდა მივაწოდოთ ამ შორსმჭვრეტელი და საღი მოაზროვნის ეროვნულ – პოლიტიკური შეხედულებანი სამშობლოს ერთიანობით და საკუთარ თავზე დაყრდნობით მართვის თაობაზე, რაც დღევანდელ, რთულ პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოსა და მისი ხელისუფლებისა თუ მოქალაქეებისათვის მეტად აქტუალურია.
სამსონ ფირცხალავა თავის ნაშრომში ,,ეროვნება და ეროვნული თავისუფლება“ ეხება ქართველი ერის ბედის საკითხს, დემოკრატიის პირობებში ერების მდგომარეობას და აცხადებს: ,,ქართველი ერის ბედის მჭედელი ყოვლის უპირველესად თვითონ ქართველი ერია, თვითონ მან უნდა ამოიღოს ხმა, თვითონ უნდა გამოხატოს თავისი ეროვნული ნებისყოფა. …ცხოვრებას ტონს და მიმართულებას აძლევს ყველგან დემოკრატია. ეროვნული საკითხის გადაჭრაში პირველობა დემოკრატიას ეკუთვნის. ერების განთავისუფლება და თავისუფალ ერებს შორის თავისუფალი კავშირის დამყარება, მათი თანხმობის და ძმობის დამკვიდრება – მხოლოდ დემოკრატიას შეუძლიან“.
ბატონ სამსონ ფირცხალავას მიაჩნია, რომ ერი სხვას კი არა საკუთარ თავს, საკუთარ ნიჭს, საკუთარ შესაძლებლობებს უნდა ემყარებოდეს და არ იყოს სხვისი იარაღი, სხვისი მიზნის მსახური, რომ თავის ბედნიერებას თვითონ უნდა სჭედდეს. ის თავის მეტად საინტერესო ნაშრომში ,,სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი“, რომელიც 1915 წელს გამოსცა, წერს: ,,დეე, ამიერიდგან გამოვიჩინოთ სიფხიზლე ეროვნულ საქმეებში და მხნედ გულმაგრად გავიკაფოთ გზა უკეთესი მერმისისაკენ, ნუღარ ვიქნებით გულუბრყვილონი, ნუ დავეყრდნობით გარეშეს ნურც ვისმე, ნურც რასმე – დავემყარნეთ მხოლოდ საკუთარს ძალღონეს, საკუთარს შეგნებას და მოქმედებას. ყოველ ერს თავისი მიზანი და მისწრაფება აქვს, რომელსაც ახორციელებს საკუთარის ნიჭითა და შემოქმედებით. ვაი იმ ერს, რომელიც სხვის მიზანს ემსახურება, სხვისი იარაღი გამხდარა, ვინც თავის გაბედნიერებას სხვისგან გამოელის“.
სტატიაში ,,ისტორია მეორდება“ სამსონ ფირცხალავა მიუთითებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მეზობელი ქვეყნების საქართველოსთან ურთიერთობაზე და იმ სიფხიზლესა და ეროვნულ ერთობაზე, რაც ქართველებმა უნდა გამოიჩინონ. ,,საქართველო ლამაზი და საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა და ეს მისი ,,უბედურებაა“, რადგან ამიტომ სხვების საწადელი ხდება. ხოლო ეს არაა მთავარი. მეტი მნიშვნელობა იმასა აქვს, რომ იგი მდებარეობს ისეთ გზაზე, სადაც წარსულშიაც ხვდებოდნენ და დღესაც ხვდებიან ერთმანეთს დიდ სახელმწიფოთა და მრავალრიცხოვან ერთა მისწრაფებანი. … კავკასიაში ერთიმეორის წინააღმდეგ დგას დაპირისპირება რუსეთის და თურქეთის, ირანის ინტერესებისა“ . ამიტომ ,,საჭიროა დიდი სიფხიზლე, ღრმა დაკვირვება, მთელი ძალღონის დაჭიმვა და უპირველესად კი ეროვნული ერთობა“ – მიუთითებს სამსონ ფირცხალავა .
სრული ეროვნული ერთობის აუცილებლობაზე და მის დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს სამსონ ფირცხალავა სტატიაში ,,ერთობა და დისციპლინა“. ,,ერთობა უმთავრესი და უპირველესი პირობაა გამარჯვების. თუ ერთად ვიქნებით და ერთად ვიმოქმედებთ, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, ჯეროვნად წინ აღვუდგებით მოპირდაპირეს, სათანადოდ გამოვიყენებთ ხელშემწყობ ვითარებას შინაურს და გარეშეს.
დღეს ისეთი დრო დგება, თუ არ დადგა უკვე დიდი სახელმწიფონი და ერებიც ეროვნულ ძალთა გაერთიანების ძებნაში არიან, თავისი არსებობის უზრუნველსაყოფად. … შევიცნოთ და თვალიც მიმოვავლოთ ახლანდელ ვითარებას და ვსთქვათ მტკიცედ, გადაჭრით: შორს ჩვენგან ყოველი განმაცალკევებელი და დამარღვეველი! – ასეთია შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსის და მოაზროვნის კარნახი, რაც ჩვენი ქვეყნის ხალხისა და ხელისუფლებისათვის დღესაც მეტად საჭიროა.
სამშობლოს დიდმა სიყვარულმა იმაზე უნდა მიუთითოს ყველას, რომ წარმატება, ხსნა, გამარჯვება მხოლოდ გაერთიანებაშია, გაერთიანებაში სულით და გულით, მკლავით და ღონით, ბრძოლით, – გვასწავლის სამსონ ფირცხალავა, რაც დღევანდელმა ქართველებმა და მომავალმა თაობებმაც კარგად უნდა გავიაზროთ.
სამსონ ფირცხალავა ეხება თითოეული ქართველის მოვალეობას და აღნიშნავს, რომ ,,თვითეული ქართველი, დღიდან დაწყებული მცირე მუშაკამდე უნდა გამსჭვალულ იქნეს იმ მისწრაფებებით, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ერთი პირველთაგანი ცხოვრების ყოველ დარგში – სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნაში, გონებრივ ამაღლებაში, ჰუმანიური ზნეობის შეთვისებაში, მხატვრულ მიღწევებში“ .
სამსონ ფირცხალავას პუბლიცისტურ წერილებში და ნაშრომებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ტერიტორიული და ეროვნული მთლიანობის აქტუალურ საკითხებს, ქართველ ქრისტიანთა და ქართველ მაჰმადიანთა ერთობის აუცილებლობას. მას დიდად ახარებდა, რომ ოსმალეთის მიერ მე- 16 საუკუნეში მიტაცებული მეხეთის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი (სამცხე, ჯავახეთი, აჭარა, შავშეთი, იმერხევი, კოლა, არტაანი, ტაო, კლარჯეთი, ნიგალი, ჭანეთის მცირე ნაწილი) რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 და 1877-1878 წლების ომებში რუსეთის გამარჯვების შედეგად, რაშიც ქართველთა დიდი წვლილიც იყო, დედა-საქართველოს დაუბრუნდა. ს. ფირცხალავა წერს: ,,ეს დიდი საქმეა. მაჰმადიან ქართველთა აღორძინება, გამოფხიზლება და საერთო ცხოვრებაში ჩაბმა დიდი ეროვნული საკითხია, რომლის სასწრაფო გადაჭრას მონდომებული უნდა იყოს ყოველი შეგნებული ქართველი.
სასურველია, რომ ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეს მთელი ქართველობის ყურადღება მივაქციოთ, ეს უნდა გავხადოთ ნამდვილ სახალხო საქმედ, ამის აზრი უნდა მოეფინოს ფართო წრეებს და საქართველოს ყოველი კუთხიდან უნდა გამოეხმაურონ ამას. ჩვენი ერის თითქმის ერთი ნახევარი იღვიძებს, უბრუნდება დაკარგულს სამშობლოს, უერთდება დავიწყებულს ეროვნებას, მოდის საყვარელ დედასთან და სწყურიან მასთან ერთად ჩაებას უღელში საერთო ცხოვრების წინ წასაწევად, მშობელი ქვეყნის დასაცავად, დაცემული ვინაობის აღსადგენად“ . ამის თაობაზე იგი უფრო მკვეთრად ამახვილებს ყურადღებას თავის არგუმენტირებულ ნაშრომში ,,სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი, რომელშიც ხაზგასმით ამბობს: ,,ეხლა მაინც შევუდგედ მხნედ და მტკიცედ საქრისტიანო და სამაჰმადიანო საქართველოს გაერთიანებას, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ჩვენი უკეთესი მომავალი“. ,,საქრისტიანო და სამაჰმადიანო საქართველო უნდა შეიქმნეს ერთ საქართველოდ სულით, გულით, ეროვნულის შეგნებით, – ასკვნის სამსონ ფირცხალავა .
სამსონ ფირცხალავა ნარკვევში ,,მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ“ დიდი გულისტკივილით გადმოგვცემს ცნობებს სამშობლოს მოწყვეტილი, ოსმალეთში გადასახლებული მაჰმადიანი ქართველებისა და მათი მოსალოდნელი გადაგვარების თაობაზე. იგი აღნიშნავს, რომ ,,ოსმალების საბინადროზე სხვა და სხვა ალაგას ორასი ათასი თუ მეტი ქართველია, მათ ჯერჯერობით ქართული ენა და და ეროვნული ელფერი შერჩენილი აქვთ და როგორც სჩანს დიდს უნარს იჩენენ ცხოვრების ბრძოლაში და სჯობნიან კიდეც ადგილობრივ მკვიდრთ – თავის მეურნეობით, ოჯახობით, გამრჯელობით და მოქმედებით. თავის თავს ქართველებად აღიარებენ და არ ითქვიფებიან უცხო ელემენტებში.
ასეა დღეს. მაგრამ ასე იქნება ხვალ? შეძლებს ეს გადახვეწილი მაჰმადიანი ქართველობა დიდხანს შეინარჩუნოს თავისი ეროვნული სახე, განსაკუთრებით, როცა იგი სრულიად მოკლებულია ქართულს წერა-კითხვას, ქართულს წიგნს, სკოლას, დაშორებულია ქართული კულტურის წყაროს, არავითარი მისვლა – მოსვლა და სულიერი დამოკიდებულება არა აქვს თავის სამშობლოსთან? ძალიან საეჭვოა, რომ გადაურჩეს გადაგვარებას და სრულს ეროვნულს მოსპობას“ . ამას წერდა ავტორი 1915 წელს. მას შემდგომ განვლილმა დრომ სრულად დაადასტურა მისი ეჭვების ჭეშმარიტება, გადასახლებულმა მაჰმადიანმა ქართველებმა, თურქეთის ანტიქართული პოლიტიკიდან გამომდინარე, მართლაც ვეღარ შეინარჩუნეს ეროვნული სახე და გადაგვარდნენ, სრულად წაიშალა მათი ქართული გვარები, რომ ახლა თურქეთში ქართველობა ნატამალობს.
ძველი ქართული ცივილიზაციის კერის, – მესხეთის ტრაგიკული ბედი არ ასვენებდა საფრანგეთში, ლევილში გახიზნულ სამსონ ფირცხალავას. ცნობილია, რომ 1921 წლის ყარსის ხელშეკრულებით თურქეთმა კვლავ უსაფუძვლოდ მიიტაცა მესხეთის მხარეები შავშეთი, იმერხევი, კოლა, არტაანი, ტაო, კლარჯეთი, ნიგალი და ყველა ღონისძიებას მიმართა აქაური ქართველი მოსახლეობის გადაგვარება – გათურქებისათვის. პარიზში გამომავალი ეროვნული ერთობის ორგანოს – გაზეთ ,,დამოუკიდებელი საქართველოს“ 1939 წლის N 156 და N 157 -ში დაიბეჭდა სამსონ ფირცხალავას ვრცელი სტატია ,,მესხეთი (გეოგრაფიულ – ისტორიული მიმოხილვა)“ , რომელშიც ავტორი გადმოგვცემს საქართველოს ამ ძირძველი ისტორიული და მაღალი ქართული კულტურის მქონე მხარის ისტორიას, მის დაპყრობას ოსმალების მიერ XVI საუკუნეში, მათი ძალადობით გამაჰმადიანებისა და გაოსმალების მძიმე პროცესს.
სამსონ ფირცხალავა დიდი გულისტკივილით წერს, რომ ,,მესხეთი დღეს ხომ მიწაზე დანარცხებულია, აოხრებული, განადგურებული, დანგრეული, დაბეჩავებული, შერყვნილი, მეტწილად დანარჩენ საქართველოს მოგლეჯილი, უპატრონო და უმზრუნველო, – და რასაკვირველია, პატივაყრილია, არავის ყურადღებას იპყრობს. …იგი დამსხვრეულია . ამასთან სტატიის ავტორი იმაზეც მიუთითებს თუ კვლავაც რა დიდი ადგილი უჭირავს მესხეთს ქართველი ერის სულსა და გონებაში. ,,ხოლო მთელი თავისი დიდებით და შარავანდედობით, თავის სიავით და დაცემითაც მესხეთი სამარადისოდ შეუხებელი დამკვიდრებულია ქართველი ერის სულში. რა არის ქართველი ერი? …ქართველი ერი ქართული სულია, ამოსუნთქმული, მისი ცეცხლის და ჯოჯოხეთის, მისი ყვავილნარის და სამოთხის, მისი ლხინის და ვაების, მისი ცრემლის და ღიმილის. სული წარმოშობილი მისი ისტორიის, მისი ბრძოლების, აღმშენებლობის, ყოველი მისი მკლავის მოქნევის, გულის ამოძრავების, ძარღვების დაჭიმვის, ტვინის შერხევის. ქართველის სული – ეს მთელი ჩვენის წარსულის დაგროვილი და შედუღებული ნამცეცებია ყოველი კუთხის, ყოველი ტომის, ყოველი პერიოდის. და მესხეთს აქ ეკუთვნის უდიდესი ადგილი, იგი ერთი მთავარი შემქნელთაგანია ქართული სულის. მესხეთი ჩაქსოვილია ამ სულში. იგი აღბეჭდილია ჩვენც ფიზიკურ სახეზე, მით გაჟღენთილია ჩვენი სისხლი, ჩვენი სხეული მისი ნაწილია და ჩვენი გული, ჩვენი გრძნობები და აზრები მესხურ განცდებისა, გავლენისა და დაღისაგან ვერასოდეს განთავისუფლდება“.
დიდი იყო სამსონ ფირცხალავას ინტერესი სპარსეთში, ფერეიდანში მცხოვრები ქართველებისადმი. თავის ნარკვევში ,,მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ“ ამ საკითხს საგანგებოდ ეხება და გადმოგვცემს, რომ ,,დაწვრილებით აღწერა სპარსეთის ქართველების მდგომარეობა ლადო აღნიაშვილმა 1896 წელს, რომელიც პირადად გაემგზავრა ფერეიდანში და საკუთარის თვალითა და ყურით შეისწავლა იქაურობა. იგი ასე აგვიწერს ფერეიდნის ქართველებს: … ხალხს ტიპი და იერი ქართველისა საკმაოდ აქვს შერჩენილი. ბევრი ისეთი წმინდა ქართული სახის პატრონია, რომ გასაშტერებელია. ჩვეულება ქართული ცოტაღა შერჩენიათ. სახლებს იშენებენ ისე, როგორც ქართლში იციან, ხშირად შეგხვდებათ ძველებური ჩვენი დარბაზები რამდენიმე სვეტით. აქვთ აგრეთვე ქართული ურემი. წინად ფერეიდანელი ქართველები თავის ქალებს სხვა ტომის ხალხს არ აძლევდნენ და არც თვითონ მოჰყავდათ ცოლებად სხვა ქალები. დღეს სამწუხაროდ ამას მხოლოდ ზოგიერთი სოფელიღა მისდევს, დანარჩენებს დაურღვევიათ ეს ჩვეულება და ესაა მიზეზი ენის გარყვნისა და დავიწყებისა იქა აქ.
სპარსეთში გვარებს არ ხმარობენ, ქართველებს კი წმინდად შეუნახავთ თავისი ძველი გვარები: აღიაშვილი, ბასილაშვილი, ვარდიაშვილი, სამადაშვილი, ფოცხვერაშვილი, დარისპანაშვილი, ხუციშვილი, ონიკაშვილი, შოშიაშვილი, მამუკაშვილი, მართიაშვილი და სხვ. გვარებს ამბობენ, როგორც ჩვენმა გლეხებმა იციან ქართლ-კახეთში – ხოდარამ ხან ონიკაანთ, ასუდალა ქურდაანთ, მაჰმუდ სუკაანთ და სხვა. სჯული ყველას მაჰმადისა აქვთ, შიიტები არიან და დიდს სიმტკიცეს იჩენენ სარწმუნოებრივს, სპარსელებსაც კი გადააჭარბებენ ხოლმე ფანატიკოსობით. ჰყავთ თავისი მოლები და ახუნდები, რომლებიც სულითა და გულით ქართველები არიან და ძალიან კარგადაც ლაპარაკობენ ქართულად“ …
სამსონ ფირცხალავას აზრით უცხოეთში მყოფ ემიგრანტ ქართველებს უნდა დაეცვათ ქართველობა, რომ ქართველ მშობლებს თავიანი შვილები აღეზარდათ მშობლიური ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და სამშობლოს სიყვარულის გრძნობით. ამ მხრივ საყურადღებოა მისი სტატია, – მიმართვა ,,ქართველ მშობლებს“, რომელიც 1931 წელს გამოუქვეყნებია გაზეთ ,,დამოუკიდებელ საქართველოში“. იგი ქართველ ემიგანტ მშობლებს აუწყებს, რომ ,,განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ქართველ ემიგრანტების ბავშვების ბედი, რომლებიც სრული გადაგვარების გზაზე იმყოფებიან. არა სჩანს არავითარი პატრონობა, არავითარი მზრუნველობა მათთვის. ისინი იზრდებიან, ასაკდებიან უცხო სკოლაში, უცხო საზოგადოებაში, უცხო ბუნებაში, იმსჭვალებიან უცხო ზნეჩვეულებებით, ეთვისებიან უცხო ფსიხიკას და შეგნებას. მათ არ იციან ქართული ენა, დები და ძმები ერთმანეთში უცხო ენაზე ლაპარაკობენ, ქართულს გაურბიან, გაურბიან ქართველ ტოლამხანაგებსაც და ამჯობინებენ უცხოთა წრეში თამაშს და გართობას. წარმოდგენა არა აქვთ საქართველოზე, მის ისტორიაზე, მის ცხოვრებაზე. შეხვდებით ისეთ ქართველ ბავშვებსაც, რომლებიც უკვე ირონიულად იხსენიებენ საქართველოს და ქართული ენა მიაჩნიათ ჩამორჩენილობის და უკულტურობის ენად. შეიძლება გამოჩნდეს ისეთიც, რომელიც ბედნიერებად სთვლის ქართველობის სრულ დავიწყებას…
ამ საშინელს და ტრაღიკულ მდგომარეობას ჩვენი მშობლები მცირე ყურადღებას აქცევენ. თავის დღე-ხვალიობით და გამქცევი პოლიტიკით ისინი ხელს უწყობენ თავის ნორჩი შვილების გადაგვარებას. ბევრი არ კმაყოფილდება იმას, რომ ბავშვები გარეთ უცხო ენაზე ლაპარაკობენ და საკუთარ სახლშიაც არა ქართულად ესაუბრებიან. ზოგი თავს იმით იმართლებს, რომ საშუალება არ გვაქვსო. ზოგი საქმეს იმით იადვილებს, რომ ბავშვები წამოიზრდებიან და მერე ისწავლიან ქართულსო. ძნელია ამაზე მეტი სიბეცის წარმოდგენა! ჩვენი მშობლების საქციელი პირდაპირ შეუწყნარებელია, შეუძლებელია მათი გამართლება, მათი მოქმედება პირდაპირ კრიმინალური დანაშაულია! ბევრი ჩვენი დღევანდელი დაუდევრობის გამოსწორება შეიძლება; ბევრი რამ, რასაც დღეს აქ არ ვაკეთებთ, შეიძლება მერე გამოკეთდეს, ხოლო ქართველი ემიგრანტული მოზარდ თავობის მერმე გამოკეთება არასოდეს მოხერხდება. ფიზიკური სიმახინჯე გამოსასწორებელია, მაგრამ სულიერად, მორალურად დამახინჯებული ბავშვი არასოდეს გამომთელდება! და თუ ადამიანის დამახინჯება არავის ეპატიება, მით უფრო არ ეპატიება მის მშობლებს.
ქართველო მშობლებო, ნუ ასახიჩრებთ თქვენს შვილებს, დროზე იფიქრეთ მათთვის! იფიქრეთ ვის ჩაუყვანთ სამშობლოს მომავალ მოქალაქეებად! ‘’
დიდი მოაზროვნის და პედაგოგის ს. ფირცხალავას ეს სიტყვები ძვირფასი რჩევაა ქართველი მშობლებისათვის, როგორც ემიგრაციაში მყოფთათვის, ისე იმათთვისაც, ვინც საქართველოში ცხოვრობენ.
სამსონ ფირცხალავას მოსაზრებით და შეხედულებით დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა – ჩამოყალიბებას, რათა მათი გული საქართველოსთვის სცემდეს, მათი ნიჭი საქართველოს ემსახურებოდეს, რომ მუდამ ქართველები იყვნენ. როგორც აკადემიკოსი გურამ შარაძე აღნიშნავს ემიგრაციაში ყოფნის წლებში სამსონ ფირცხალავა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა: იგი თავის ერთგულ ამხანაგთან – ფილიპე შარაძესთან ერთად, ქართულ ენასა და ლიტერატურას, მშობლიურ ისტორიას ასწავლიდა და აყვარებდა საფრანგეთში დაბადებულ ახალ ქართულ თაობას. შეუძლებელია აუღელვებლად წაიკითხოთ სამშობლოში დაბრუნების წინ, 1948 წლის იანვარში დაწერილი სამსონ ფირცხალავას მიმართვა ,,ჩემს მოწაფეებს !’’ , რომელიც მიმართულია უცხო მხარეში დარჩენილი ახალგაზრდობისადმი:
,,ჩემო საყვარელო მოწაფეებო, სამშობლოს დაშორებულო პატარა ქართველებო! გტოვებთ – მივდივარ, ვბრუნდები საქართველოში, და გული მეწვის, ცრემლები მადგება თვალებზე, რომ თქვენ გშორდებით, ჩემს საუკეთესო მეგობრებს, რომლებიც იმდენს გამახარებდით და მასიამოვნებდით თქვენის მადლით და სიკეთით…
მშობლიური, მზრუნველი გულით გადევნებთით თვალ-ყურს და ხალისით გასწავლიდით ქართულის წერა-კითხვას, გიამბობდით საქართველოს ამბებს, აგიწერდით მის სილამაზეს, თავგადასავალს, ჩაგინერგავდით მის სიყვარულს და პატივისცემას.
ვუცქერდი თქვენს შექცევას – თამაშს, ცელქობას, ვარჯიშობას, ცეკვას, სიმღერას; და თვალწინ გადამეშლებოდა საქართველოს სიტურფე და სიდიადე. თქვენს მიხვრა-მოხვრაში, გამომეტყველებაში ვხედავდი ქართველ ხალხს ძლიერი სულით და კეთილი გულით, მუდამ მხნეს, გაუტეხელს, ერთგულს; თქვენი ხმა – ეს შორი საქართველოდან მოსული ხმა იყო, თქვენი ღიმილი – ჩვენი მშობლიური ქვეყნის სიხარული, თქვენი დუმილი და დაფიქრება – მისი, საქართველოს, მრავალჭირნახულის, ნაღველი; თქვენს სახეზე იხატებოდა მთელი საქართველოს ბუნება – მქუხარე მდინარეები, მაღალი კლდოვანი მთები, დაბურული ტყეები, ამწვანებული, ვარდ-ყვავილებით მოქარგული ველები, ბაღ-ვენახები, ყანები.
და თქვენს შემყურეს მომძლავრებულად ამიტოკდებოდა გული, თქვენით გამხნევებულს მავიწყდებოდა ჩემი ჭირი და სიმწარე და იმედით შევყურებდი მომავალს…
ფხიზლად ვუკვირდებოდი ყველაფერს, რაც ჰბორკავდა თქვენს ქართულს სულს, ქართულს შეგნებას და ვამხილებდი იმ მშობლებს, რომლებიც არ ცდილობდნენ შვილების ქართველებად აღზრდას.
გამახარებდა იმ ქართველ ოჯახში მისვლა, სადაც შეგხვდებოდით თქვენ, ქართველ ბავშვებს, ქართულად გაზრდილებს, ტკბილი ქართულით მოლაპარაკეებს…
ასე ვიყავი მუდამ თქვენი მოსიყვარულე, თქვენი მასწავლებელი, თქვენზე ვიქრობდი, გავიხარებდი მუშაობით თქვენთვის.
და დღეს გტოვებთ, გშორდებით, მეტად მწარეა ეს ჩემთვის და ჩემი გული სანახევროდ თქვენთან რჩება.
ჩემო საყვარელო, საიმედო რამინ, თამაზ, გოგი, თამარ, გურამ და ჯიბო, ნუცა, შალიკო და ეთერ, ციალა და თეო, კუკური – ვასო, როსტომ და ელიკო, ეთერ და კიდევ ეთერ, დიკა და ზურაბ, რეზიკო და ნათელა, რუსუდან და კიდევ რუსუდან, თინა, ტიტი, ანდრო, თამი, ინეს, მიშელ და დომინიკ, და თქვენც პატარა ჩიტუნებო – გივი, გუნანა, გულიკო, და ოთარ, რომლებიც ემზადებოდით ქართული წერა-კითხვის სასწავლებლად და ხშირად მეჭიკჭიკებოდით: ,,დედა ენა უნდა ვისწავლოთო“ და თქვენც სხვებო, რომელთაც ხანდახან შეგხვდებოდით, ყველას, ყველას გემუდარებოდით: იყავით მუდამ ქართველები, ისწავლეთ კარგად ქართული, გაიცანით ფართოდ საქართველო, მისი ისტორია, მწერლობა, ხელოვნება; გიყვარდეთ ძლიერ ქართველი ხალხი, მისი ათას და ათას წლების ცხოვრება გმირული ბრძოლაა თავისუფლებისა და ეროვნული ღირსებისათვის, იგი ვერ გატეხა ვერავითარმა ჭირმა და განსაცდელმა და დღემდის ცოცხლობს მხნედ და მაგრად. თქვენი გული მუდამ საქართველოსთვის უნდა სცემდეს, თქვენი თვალები სულ საქართველოსკენ უნდა იცქირებოდენ: თქვენი ბედნიერება იქაა მხოლოდ. რაც უნდა დაწინაურდეთ აქ, უცხოეთში, არასოდეს იქნებით ბედნიერები. აქაური ცხოვრება არ შეგითვისებთ. უნდა დაუბრუნდეთ სამშობლოს ადრე თუ გვიან. იგი მიგიღებთ სიყვარულით, გულით და ალერსით.
იმუშავეთ ბეჯითად. გახდით კარგი ადამიანები, მცოდნენი, სხვა და სხვა საქმის სპეციალისტები, მეცნიერებიც და მთელი თქვენი ცოდნა, გამოცდილება, ნიჭი და ძალა მოუტანეთ სამშობლოს და თავდადებით ემსახურეთ მის ამაღლებას, განათლებას, გამდიდრებას…
ჩაიბეჭდეთ თქვენს წმინდა გულში ეს ჩემი ვედრება – ანდერძი და ნუ დაივიწყებთ ,,ბიძია სამსონს“. მშვიდობით! ჩაგიკრავთ ყველას გულში და მხურვალედ გაკოცებთ.
იყავით მუდამ ქართველები, გიყვარდეთ საქართველო, საქართველო – ჩვენი სამშობლო!
სამსონ ფირცხალავა,1948 წლის იანვარი“.
ასე უქადაგებდა სამსონ ფირცხალავა სამშობლოს სიყვარულს საქართველოსა და მის გარეთ მყოფ მამებსა და შვილებს, ახალგაზრდობას და თავადაც სამშობლოს მგზნებარე სიყვარულის დიდი მაგალითი იყო. მისი გული საქართველოს დიდი სიყვარულით ძგერდა. 1948 წელს საქართველოში დაბრუნებული სამსონ ფირცხალავა სიხარულით წერდა:
,,კვლავ შენთან ვარ, ჩემო სამშობლოვ! სალამი ჩემო მშვენიერო, მრავალფერად მოხატულო, ყოველი სიმდიდრით შემკულო, გულით კეთილშობილო, გმირულო ქვეყანავ, სალამი შენ!
ჩემი გული შენი სიყვარულის ცეცხლით ძგერს, გონებას შენი ფიქრი წარმართავს, ჩემს არსებას მხოლოდ შენ ფლობ, ვსუნთქვ შენს ჰაერს, ვჭრეტ შენს დიდებულ აწმყოს და შენ მიღიმი, მეალერსები, შენს მადლს გადმოაფრქვევ ჩემზე.
მიყვარხარ, მიყვარხარ, ჩემო ქვეყანავ“…
სწორედ სამშობლოს დიდ სიყვარულსა და საქმეში გალია თავისი სიცოცხლის 80 წელი ამ დიდმა მოაზროვნემ.
ასეთია მჭევრმეტყველის და დიდი მოაზროვნის სამსონ ფირცხალავას პატრიოტული პათოსი, მომავალი თაობის სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობით, ქართველებად აღზრდის თაობაზე და საერთოდ, მისი ეროვნულ – პოლიტიკური შეხედულებანი ქართველთა ერთიანობისა და საკუთარ თავზე დაყრდნობით ქვეყნის მშენებლობის შესახებ, რომელიც ყველა ქართველისათვის ძვიფას განძს წარმოადგენს.
ავთანდილ დიასამიძე,
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი პოლიტიკის მიმართულებით, საქართველოს საპატრიარქოს
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა
აკადემიის აკადემიკოსი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო და
საეთნოგრაფიო საზოგადოების საპატიო წევრი. მობ: 571773343








