მთავარი სხვადასხვა გაიმართა პატრიარქის ცხოვრების ამსახველი ფილმის ჩვენება /ვიდეო/

გაიმართა პატრიარქის ცხოვრების ამსახველი ფილმის ჩვენება /ვიდეო/

6
0

„მარადიული აწმყო“ – ასე ქვია დოკუმენტური ფილმების სერიალს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმი საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ჯერ კიდევ 2017 წელს, პატრიარქის სიცოცხლეშივე გადაიღო.

 დოკუმენტურ სერიალში წარმოდგენილია ილია მეორის პატრირქის ტახტზე აღსაყდრების პერიპეტიები და შემდეგ გაწეული ღვაწლი. ფილმი დეტალურად გადმოგვცემს უწმინდესისა და უნეტარესის უდიდეს ბრძოლას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

 სერიალის სცენარის ავტორი გახლავთ ნინო ხოფერია, რეჟისორი ზვიად მიქელაძე, ტექსტს კი კითხულობს მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე.

 სიმბოლურია, რომ აღნიშნული ფილმის ჩვენებას პატრიარქის ზეციურ საქართველოში გადანაცვლებიდან თითქმის 40 დღის შემდეგ, საუფლო -სააღდგომო დღეებში, ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა, რითაც დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ერის სულიერი მამის მოწამეობრივი ცხოვრება, რომლითაც მან მართლაც „მარადიულ აწმყოს“ დაუდო საფუძველი.

  საღამო, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ, მიჰყავდა ზურაბ ცინცქილაძეს, ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა მისასალმებელი სიტყვები, სააღდგომო მილოცვები და რამდენიმე საეკლესიო საგალობელი ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვოკალური ანსამბლის „ათძალისა“ და თევდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის მგალობელთა გუნდის შესრულებით.

 ნატო შერვაშიძე, ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი: – „სიმბოლურია, რომ აღნიშნული ფილმის ჩვენება დღეს სწორედ ჩვენთან გაიმართა და მოხარულები ვართ ამ ფაქტით, საღამოზე, რომელიც ფილმის ჩვენებას წინ უძღვოდა, კიდევ ერთხელ გაჟღერდა პატრიარქის დანატოვარი სამი ფენომენი – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რომლითაც ასე ვამაყობთ ქართველი ხალხი – უფლის სიყვარულით, ჩვენი სამშობლოს სიყვარულითა და კაცთა შორის სიყვარულით.“

 ვრცელი მასალა იხილეთ საინფორმაციო – ანალიტიკურ პროგრამაში „ჟურნალისტის დღიურები“ ორშაბათს, 20 აპრილს, 19:00 საათზე, „ტვ12-აჭარას“ ეთერში, რომლის დასრულებისთანავე, 19:45 საათიდან შედგება აღნიშნული დოკუმენტური სერიალის ჩვენება.