მთავარი სხვადასხვა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

4
0

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა, ლელა სურმანიძემ და ზურაბ თენიეშვილმა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა აჭარაში ხანდაზმულთა მხარდაჭერისა და სოციალური კეთილდღეობის საკითხებს მიეძღვნა.

ხანდაზმულთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი ჩართულობის ხელშეწყობა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

ხანდაზმულები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული მოსარგებლეები არიან. გარდა ამისა ხორციელდება მათ საჭიროებებზე მორგებული არაერთი მიზნობრივი პროგრამა. მათ შორისაა 100 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 5 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, გადაადგილებისა და სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, სმენადაქვეითებული მოქალაქეებისთვის სმენის აპარატების გადაცემა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა და ოსტეოპოროზის სკრინინგი და სხვა.

აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

შეხვედრის მიზანს ხანდაზმულთა საჭიროებების განხილვა, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებზე მსჯელობა, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა წარმოადგენდა.

ღონისძიებას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, ხანდაზმულთა მხარდაჭერის მიმართულებით მომუშავე სპეციალისტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მხარეებმა სამომავლოდაც გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ ხანდაზმულთა საჭიროებებზე ორიენტირებულ ინიციატივებს და ხელი შეუწყონ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.