ქობულეთში პოლონეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი მიმდინარეობს. სტუმრები საქართველოს 22 ნოემბერს ეწვივნენ და კოლეჯ «ახალი ტალღის» საქმიანობასა და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს 26 ნოემბრის ჩათვლით გაეცნობიან. ვიზიტის მთავარი მიზანი პროფესიული განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავება გახლავთ.
პოლონურ დელეგაციას ხელმძღვანელობს მოხალისეთა შრომის კორპუსის მთავარსარდალი, რომელიც პოლონეთში ამ სახელმწიფო ორგანიზაციას ეროვნულ დონეზე უდგას სათავეში. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან:
მთავარსარდლის მოადგილე;
მოხალისეთა შრომის კორპუსის მენეჯმენტისა და პერსონალის წარმომადგენლები.

მოხალისეთა შრომის კორპუსი პოლონეთის შრომის საკითხებზე პასუხისმგებელი მინისტრის ზედამხედველობის ქვეშ მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურაა. ვიზიტის ოფიციალური სტატუსის გათვალისწინებით, პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან — მათ შორის, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში.
ქობულეთში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის სამუშაო დღის წესრიგი მოიცავს:
სამუშაო შეხვედრებსა და ერთობლივ აქტივობებს კოლეჯ „ახალ ტალღაში“;
ვიზიტებს პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სფეროს დაწესებულებებში, პროფესიული მომზადების ცენტრებში, დამსაქმებლებთან და სხვა პროფილურ ორგანიზაციებში.
თანამშრომლობის ორმხრივი ფორმატის ფარგლებში, პოლონური მხარე კოლეჯ „ახალი ტალღის“ დელეგაციის საპასუხო ვიზიტსაც გეგმავს. პოლონეთის ქალაქ პლეშევში დაგეგმილი ვიზიტის ორგანიზაციული დეტალებისა და სავარაუდო თარიღების შეთანხმება მხარეებს შორის მიმდინარე შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემაა.
გუშინ, 23 ნოემბერს, პოლონელი სტუმრები ბათუმს ეწვივნენ და ქალაქის ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების შემდეგ სტუდია «თეთრი თოლიას» მიერ ორგანიზებულ კონცერტსაც დაესწრნენ. ვიზიტი გრძელდება.




















