მთავარი ინტერვიუ როგორია მთავარი პროკურორობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამა?!

როგორია მთავარი პროკურორობის კანდიდატის სამოქმედო პროგრამა?!

923
0

მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, აქტიურ ადამიანებს შორის „პოსტებისა“ თუ განცხადებების სიმძაფრით გამოირჩევა საქართველოს ანტიკორუფციული პალატის ხელმძღვანელი და საქართველოს მთავარი პროკურორობის ერთერთი სავარაუდო კანდიდატი, სამართლის დოქტორი პროფესორი პაატა შავაძე, რომელიც მთელი სიმწვავით აკრიტიკებს იმ ჩინოვნიკებს, ვინც რბილად რომ ვთქვათ, გულგრილად ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას. ამ ფონზე ბატონი პაატას კრიტიკა არ შეხებია პოლიციის ორგანოებში მოღვაწე ხელმძღვანელ პირებს, რომელთა საქმიანობას ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე დადებითად აფასებს და თვლის, რომ „აჭარის პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთერთი მოწინავე დანაყოფია“… ვინ და როგორ მოახერხა ანტიკორუფციონერის გულის მოგება, ამაზე თავად პაატა შავაძე გვესაუბრება.

– აჭარის პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწინავე და ერთ-ერთი წარმატებული რგოლია. შეიქმნა პოლიციის დეპარტამენტი და მას სათავეში უდგას ახალგაზრდა და მზარდი ნიჭიერი კაცი ბესიკ ამირანაშვილი. ასევე იცნობენ მას კოლეგები და თავისი ეფექტური მოღვაწეობიდან გამომდინარე, ასეთი შეფასება დაიმსახურა მან რეგიონში დანიშვნიდან უმოკლეს დროში. ბესიკ ამირანაშვილი სრულიად ახალგაზრდა მივიდა პოლიციის რიგებში და განვლო მეტად რთული გზა რიგითიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს (დეპარტამენტის დირექტორობამდე). აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გამწესებამდე ამირანაშვილი იმერეთის რეგიონში იყო პოლიციის თავკაცი და როგორც ყველგან აქაც გამორჩეული პასუხისმგებლობით უძღვებოდა დაკისრებულ მოვალეობას. დანაშაულის საგრძნობი კლება და გახსნის გაზრდილი მაჩვენებელი, მოწესრიგებული სამუშაო გარემო და პროფესიონალთაგან შემდგარი გუნდი – აი, მიღწევათა არასრული ჩამონათვალი, რაც ლაიტმოტივად გასდევს ბესიკის მოღვაწეობას საქართველოს ძირძველ კუთხეში. უაღრესად თავმდაბალი, ადამიანური, ზრდილობითა და კულტურით გამორჩეული ხელმძღვანელი, დიდთან დიდი და პატარასთან პატარა, ასე იცნობენ მას და ჩვენც ძალიან გვახარებს, რომ აჭარის პირველ პოლიციელად ღირსეული პიროვნება შეირჩა, რისთვისაც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ.

– რას იტყვით ბათუმის საქალაქო სამმართველოს თავკაცზე, არც ის მოხდარა თქვენი კრიტიკის ობიექტივში?

– ბათუმის საქალაქო სამმართველოს ხელმძღვანელობს ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი კაცი ლაშა გოგნიაშვილი. იგი ჩვენი ქალაქის სახეა და მეამაყება, რომ ბათუმს ყველაზე კარგი პოლიციის უფროსი ჰყავს. მუდამ მომღიმარი, ვაჟკაცური და შემართებული. ლაშა უყვართ, აფასებენ და პატივს სცემენ მის ნიჭსა და შესაძლებლობებს, ეს კი ცოტა როდია.

მაინც რით მოგხიბლეს ამ ადამიანებმა, თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე, ძალიან იშვიათად მეგულება ჩინოვნიკი, ვისთვისაც თქვენ საქებარ სიტყვებს ასე უხვად იმეტებთ…

– გარდა მათი პიროვნული თვისებებისა, მათი კარგი მუშაობით მოვიხიბლეთ ყველანი. გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, სტატისტიკით აჭარის რეგიონი საქართველოში ერთ-ერი გამორჩეულია. აბა მითხრას ვინმემ, რომელი მძიმე და განსაკუთებით მძიმე დანაშაული არ გაიხსნა? მკვლელობები, ყაჩაღობები, ქურდობები, სხვა დანარჩენი კატეგორიებიც. ბიჭები მუშაობენ დღე და ღამ და მუხლჩაუხრელად. ეს რომ არ დაინახო, არ შეიძლება. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე დადგა და ეს ბესიკ ამირანაშვილისა და იმ გუნდის მუშაობის შედეგია, რომელიც ამ კაცმა შემოიკრიბა ირგვლივ.

   – ამირანაშვილს ადგილობრივი კადრების უგულვებელყოფაშიც რომ ედავებიან?

– ვინ როგორ ფიქრობს ეს მისი პრობლემაა, ყველას აქვს უფლება შეაფასოს ქვეყანაში მოქმედი ინსტიტუციების ფუნქციონირება. ამირანაშვილის საკადრო პოლიტიკა ჩემთვის მოსაწონია და მივესალმები მის საკადრო გადაწყვეტილებებს. უნდა განვთავისუფლდეთ კუთხური აზროვნებისაგან. ამ კაცმა ჩამოიყვანა მცირე გუნდი, რომლებთან ერთადაც იმუშავებდა. მეც ასე მოვიქცეოდი. ბათუმში, საქალაქო სამმართველოს განყოფილებათა ხელმძღვანელების 80- % ადგილობრივი კადრია, ქედის, შუახევისა და ხულოს პოლიციის უფროსები ადგილობრივი კადრები არიან. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიგლა მოსიძე ჩვენი კუთხის მკვიდრია. პოლიციის ქვედანაყოფებში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოსტზე აჭარის მკვიდრი კადრები დასაქმდნენ. მათ შორის არის მერაბ დუმბაძე, რომელიც აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა. განა პატარა თანამდებობაა ეს? კრიმინალური პოლიციის საზიდია მთელი სისტემის სირთულე. მთავარია საქმე ვაკეთოთ ყველამ და ვინ გააკეთებს ამას, აჭარელი თუ თბილისელი, ვფიქრობ, ნაკლებ მნიშვნელოვანია.

კადრების მიმართ რაიმე ნაკლოვანებაზე თუ გაამახვილებდით ყურადღებას?

– უნაკლო არავინაა, მე ათასგზის გამომითქვამს ჩემი გულისწყრომა ბესიკთან და მითქვამს, რომ ძალიან ბევრი პოლიციელია დასათხოვი ორგანოებიდან, რადგან ისინი საზოგადოების თვალში ასოცირდებიან როგორც მტარვალი რეჟიმის წარმომადგენლები, მონაწილეობას ღებულობდნენ ათასგვარ სისაძაგლეში და ამიტომაც გადახედავას საჭიროებს თქო ეს თემა. ხშირად გაუთვალისწინებია ჩემი რჩევები და არც არაფერი წაუგია. არ დავეთანხმე ბათუმში, ერთ-ერთი განყოფილების უფროსად ერთ-ერთი ახალგაზრდა კადრის გამწესებას, ჩემი აზრი დავაფიქსირე და გაუთვალისწინებიათ, კარგია საზოგადოებრივ აზრს რომ ითვალისწინებ ხელმძღვანელი და არ არის ერთპიროვნული მმართველი, ამით საქმეც მოიგებს და საზოგადოებაც. არავინ იფიქროს ისე, რომ ყველაფერი კარგადაა ორგანოებში, სამუშაო  და დასახვეწია ბევრი რამ და მჯერა, ბესიკ ამირანაშვილი თავის ღირსეულ გუნდთან ამას შეძლებს.

ბატონო პაატა, მოხშირდა უკანონო დაკავებები, ჯიბეებში ნარკოტიკული საშუალებების ჩადებისა და დაკავებისას ცემის ფაქტები, ამაზე რაღა გვეტყოდით?

– ეს ჩვენი საერთო საზრუნავი და საერთო ტკივილია. მაქვს მეც უამრავი ინფორმაცია ამის თაობაზე და არაერთხელ გავგზავნე მასალები პროკურატურაში, მსჯელობენ და შედეგიც გვინდა რომ იყოს. ქობულეთის რაიონულ სამმართველოს ამ მიმართებით ალამი მუდამ ეჭირა ხელში და სამწუხაროდ არც ახლა ღალატობენ იქ მავნე ტრადიციებს, სამწუხაროდ ხელვაჩაურის რაიონშიც დავაფიქსირეთ მსგავსი შემთხვევები, რეაგირების გარეშე რა თქმა უნდა, არაფერი დარჩება, თუმცა რეალურ შედეგებს ველი. ყველა ბრალეული პოლიციელი უნდა დაისაჯოს. მინდა ყველაფერი კარგად იყოს და მაქვს იმედი, რომ ასეც იქნება.

   – მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თქვენი შესაძლო გამთავრპროკურორების შესახებ, გაქვთ შანსი სათავეში ჩაუდგეთ ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას?

– ამას საქართველოს საპროკურორო საბჭო და პარლამენტი გადაწყვეტს. თუ ჩემზე შეჩერდება არჩევანი, გვპირდებით, რომ ვიქნები ყველას მთავარი პროკურორი, ხელისუფლებისაც და ოპოზიციისაც, ჩაგრულისაც და დალხინებულისაც. ხალხს შემიძლია დავუბრუნო რწმენა მომავლისა და იმედი ხვალინდელი დღისა. სამართლიანობას აღვადგენ, უდანაშულო ადამიანი აღარ დაისჯება, უკანონოდ ვეღარავის დააკავებენ, დაკავებულებს ვეღარასდროს სცემენ. არაადამიანურად ვეღარავის მოექცევიან, ჯიბეებში, ბინებსა თუ ოფისებში, ნარკოტიკული საშუალებების, იარაღისა თუ ხელყუმბარების ჩადებას ვეღარავინ გაბედავს. საქართველოს პროკურატურა მოწინავე სახელმწიფო უწყება იქნება. ამჟამინდელი ხელმძღვანელების მსგავსად, ისეთს არ გავაკეთებ, შემდეგ პრემიერის, მთავრობის და პარლამენტის თავსატეხად რომ იქცეს. სალაპარაკოდ არ უნდა გახდეს შენი ნამოქმედარი (უგულავას თემაც კმარა საამისოდ), მთავარმა პროკურორმა საქმე საკონსტიტუციო სასამართლომდე არ უნდა მიიყვანოს! ასეთი თემები ბევრია… არადა, მტერი არ გაგიკეთებს ამას… როცა ამხელა პოსტს განდობენ, კეთილი უნდა ინებო და ღირსეულად ემსახურო ქვეყანას.

პროკურატურა იქნება ღია, გამჭვირვალე და საჯარო უწყება. ჩემი კარი ღია იქნება თითოეული მოქალაქისათვის. ჩვენ განვიხილავთ და მივიღებთ შემაჯამებელ გადაწყვეტილებებს შემჭიდროებულ ვადებში ყველა იმ საჩივრის ირგვლივ, რაც დღემდე განხილვასა და რეაგირებას ელოდება. ჩვენ დავსჯით სამართლიანად ყველა იმ პროკურორს, ყველა იმ პოლიციელს, ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელთა მიმართ მოქალაქეთა საჩივრები იქნება საფუძვლიანი და დასაბუთებული. ჩვენ ავამაღლებთ თითოეული პროკურორის როლსა და ავტორიტეტს ქვეყანაში და დავუბრუნებთ უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს რეალურად ეკუთვნის. მე მაქვს ჩემი ხედვები ამ უწყებასთან მიმართებით და თუ მე მიმავლენენ იქ სამუშაოდ, ეს გეგმები რეალურად განხორციელდება. საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის აღდგენაა და ამით უნდა დაიწყოს ახალმა ხელმძღვანელმა.

   – ორიოდ სიტყვით აჭარის პროკურატურაზეც გვითხარით?

– რა გითხრათ… კარგი ნაკლებად მეთქმის…  მტარვალი რეჟიმის გადმონაშთების ადგილი უწყებაში აღარ იქნება. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ისინი და მე, ერთმანეთთან შეუთავსებლები ვიყავით, ვართ და დავრჩებით. ღირსეულებმა უნდა განაგრძონ სამსახური და უღირსები კი სისტემას უნდა გამოემშვიდობონ უპირობოდ და მყისიერად… ეს მისი აღმატებულება ქართველი ხალხის დაკვეთაა და ის პირნათლად უნდა შეასრულოს ახალმა მთავარმა პროკურორმა. ჩვენ გვექნება სრულიად ახლებური, სრულიად სახეცვლილი, ხალხის სამსახურში და ხალხის სიყვარულით მომუშავე უწყება.

– მთავარ პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში როგორი ურთიერთობა გექნებათ მედიასთან?

– მედიასთან მუშაობა ჩემი ჰობია. კვირაში ერთი დღე მედიას დაეთმობა, საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებ და ვეტყვი, თუ რა გავაკეთეთ მთელი კვირის განმავლობაში და რა გვაქვს დაგეგმილი მომავალი კვირისთვის. ჩემი და მთლიანად უწყების მუშაობა იქნება გამჭვირვალე და ყველას ექნება საშუალება მიიღოს ინფორმაცია კანონით ხელმისაწვდომი წესითა და რიგით.

გარდა ამისა, მე აღვადგენ მოქალაქეთა მიღების ერთიან დღეს მთელ სისტემაში. მექნება ცენტრალური ჩართვა პროკურატურის ყველა ოფისში და მექნება საშუალება მოვისმინო ყველა მოქალაქის გულისტკივილი. ეს აქამდე ვერც ერთმა ხელმძღვანელმა ვერ შეძლო. კაბინეტში დამალვით საქმე არ კეთდება. ხალხს უნდა უყვარდე და სისტემაც უნდა გახდეს ხალხის საკუთრება. ჩაკეტილი უწყება იქცა სიძულვილის სკოლად, ეს კი წარუმატებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოცვანი საფუძველთაგანია. დაიხვეწება ადვოკატებთან ურთიერთობის ტაქტიკაც და ამოქმედებდა ადვოკატთა ასოციაციასა და მთავარ პროკურატურას შორის გაფორმებული მემორანდუმიც. მე ავამაღლებ ადვოკატთა როლსა და ავტორიტეტსაც, განვამტკიცებ მათსა და პროკურორებს შორის ურთიერთობის ფორმებსა და მეთოდებს. არ შეიძლება პროკურორმა ადვოკატი მტრად წარმოიდგინო. ეს ხანა წარსულს ჩაბარდება. პროცესუალური წინააღმდეგობა უნდა განხორციელდეს მკაცრად განსაზღვრული ეტიკეტის და კორექტულობის ფარგლებში და თითოელი ამ წესების დარღვევა იქცევა უმკაცრესი მსჯელობის საგნად. ჩვენ ყველამ ერთად, უნდა შევუწყოთ ხელი სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელებას და ამ მიზნის მიღწევის გზაზე უნდა ვიყოთ თანასწორნი და კოლეგიალურნი. ყველა ადვოკატისათვის იქნება ხელმისაწევდომი უწყება და როგორც არასოდეს, ისე იგრძნობს ყველა ადვოკატი თავს დაფასებულად და თანასწორუფლებიან ფიგურად. ეს უნდა გაკეთდეს პირველ ყოვლისა და ეს უნდა შევძლოთ ყველამ ერთად. უზრდელი პროკურორების ადგილი სისტემაში პრაქტიკულად აღარ იქნება. მე ჩამოვაყალიბებ ისეთ სისტემას, რომელშიც უმსგავსო ადამიანები თავადვე ვეღარ იპოვიან ადგილს!

   – როგორ წარმოგიდგენიათ პოლიციასთან ურთიერთობა?

– პოლიციას ჩვენ გავაკონტროლებთ კანონის ფარგლებში მკაცრად. გაანალიზდება კანონდარღვევის თაობაზე შემოსული ნებისმიერი ინფორმაცია და მოხდება მყისიერი რეაგირება. საგამოძიებო აპარატებს მიეცემათ სრული შემოქმედებითი თავისუფლება და გამომძიებლები აღარ იქნებიან პროკურატურის კარზე მიჯაჭვული პერსონები. ჩვენ ავამაღლებთ გამომძიებელების როლსა და ავტორიტეტს, მათ დამოუკიდებლობას და დავხვეწავთ მათი მუშაობის სტილსა და მეთოდებს. დღეს, სამწუხაროდ, გამომძიებელი არის ფერშალი ან სანიტარი სამედიცინო დაწესებულებაში, მას არავინ არაფერს ეკითხება, პროკურორის გარეშე მას მოწმის დაკითხვაც არ შეუძლია, არადა საგამოძიებო საქმეზე პასუხს ის აგებს. ეს ასე აღარ იქნება ჩემი გამწესების შემთხვევაში. გამომძიებლებს მივცემთ ყველა შესაძლობლობას, განვითარდნენ, დახვეწონ მათი მუშაობის ფორმები. მიეცემათ შესაბამისი მითითებები რათა ჰპოვონ თავიანთი შესაძლებლობების სრული რეალიზების საშუალებები. გამომძიებელი აღარ იტყვის, პროკურორს ვკითხავ და მოწმეს მერე დავკითხავო. ასეთი გამომძიებლის ადგილი პოლიციაში აღარ იქნება. კეთილი ინებე და გამოიძიე საქმე, შეკითხვა გექნება და მოგვმართე. მეძუძური ბავშვებივით არიან ამჟამად, დედის კალთას ვერ სცილდებიან. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, რა თქმა უნდა მკაცრი საპროკურორო ზედამხედველობის ფონზე. გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის მიღმა ვერც ერთი საქმე ვერ დარჩება, თუმცა გამომძიებელმა უნდა გამოიძიოს მის წარმოებაში რიცხული საქმე.

რამდენად მკაცრი იქნებით, როგორც მთავარი პროკურორი?

– მე ვიქნები ძალიან მკაცრი, თუმცა სამართლიანი, და პრინციპული ხელმძღვანელი. მე წამოვწევ და ჩემი გამწესებიდან 2 თვეში გახსნილად გამოვაცხადებ ყველა გახმაურებულ საქმეს, ეს იქნება ჟვანიას, გირგვლიანის, რობქაიძისა და სხვების. ამ და სხვა საქმეებზე 2 თვის ვადაში ყველა კითხვის ნიშნის არსებობას მოეღება ბოლო. მე შევძლებ ვუთხრა საბოლოოდ საზოგადოებას, რა ვითარებაში დაიღუპა ზურაბ ჟვანია და ვის მიუძღვის ბრალი რეჟიმის ეპოქაში მკვლელობების ჩადენაში.

ლალი გრძელიშვილი