https://youtu.be/Ujjlz6AbFQk
ყოველი ერის ცხოვრებაში არის ტრაგიკული მომენტები, რომლებსაც ისტორია წლების შემდეგ გმირობის ფურცლებად კინძავს. თავისუფლებისა და თვითმყოფადობისთვის მებრძოლმა აზერბაიჯანელმა ხალხმა 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ომპერიისაგან სისხლიანი ტრაგედია გადაიტანა, იმ საშინელმა ღამემ გამოსცადა აზერბაიჯანელი ერი და ეს დღე ქვეყნის ისტორიაში დამკვიდრდა, არა მარტო ტრაგედიად, არამედ, როგორც ეროვნული თავისუფლების სურვილის გაღვიძების დღე.
სისხლიანი ტრაგედიის მოსაწყობად საბჭოთა იმპერიის მამები ჯერ კიდევ 1989 წლის ზაფხულიდან მოემზადნენ, 1990 წლის იანვრის შუა რიცხვებში მოსკოვმა ბაქოში გადაისროლა საბჭოთა კავშირის თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე სხვა სპეციალური დანიშნულების სამხედრო ქვედანაყოფების 66 ათასზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი. 1990 წლის 15 იანვარს მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შესახებ ქალაქ ბაქოსა და განჯაში, ასევე სხვა საცხოვრებელ პუნქტებში კომენდანტის საათის გამოყენების ჩათვლით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აღნიშნული განკარგულების საწინააღმდეგოდ 1990 წლის 19 იანვარს იურიდიული ძალის არ მქონე აზერბაიჯანის უმაღლესი საბჭოს ყალბი გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო განკარგულება 20 იანვარს 0 საათიდან „ქალაქ ბაქოში საგანგებო სიტუაციის გამოყენების შესახებ“. მიხეილ გორბაჩოვმა ამ განკარგულებაზე ხელის მოწერით უხეშად დაარღვია კავშირის კონსტიტუცით გათვალისწინებული მუხლები.
მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა 20 იანვრის 0 საათიდან გამოცხადდა, ჯარების ნაწილები ქალაში პირველად 19 იანვარს, 21 საათიდან თურქან–გალას მხრიდან შეიყვანეს. „ბაქოს ოპერაციას“ უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრი დიმიტრი იაზოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვადიმ ბაკატინი და სუკ–ის თავმჯდომარის მოადგილე ფილიპ ბაბკოვი.
ბაქოს გარნიზონის ჯარები, ჩამოყვანილი სამხედრო ნაწილები, სამხედრო გემებიდან გამოყვანილი სადესანტო ჯგუფები თავს დაესხნენ ქალაქს. მძიმე სამხედრო ტექნიკამ იოლად დაანგრია ბარიკადები. ქალაქის ქუჩები მორწყული იყო მოკლული და დაჭრილი უდანაშაულო ადამიანების – მოხუცების, ქალების, ბავშვების სისხლით. სამხედროები კლავდნენ შემთხვევით ქუჩაში გამოსულებს, ესვროდნენ საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს, ექიმებს, კლავდნენ დაჭრილებს, წვავდნენ, შეურაცხყოფდნენ, ამახინჯებდნენ გვამებს. ადამიანებს აგდებდნენ მძიმე სამხედრო ტექნიკის მუხლუხოების ქვეშ და კლავდნენ დიდი ტანჯვით.
ბაქოში შეყვანილი ჯარის კონტინგენტი იმყოფებოდა დახურულ ბანაკებში. მათ მოსახლეობასთან ურთიერთობის საშუალებას არ აძლევდნენ, რათა არ გაეგოთ, რომ მოსახლეობა იყო შეუიარაღებელი. ბაქოში ჩამოყვანილ ჯარისკაცებს და ოფიცრებს ეუბნებოდნენ, რომ „ისლამის ფუნდამენტალისტებმა“, „პანთურქისტებმა“ აზერბაიჯანში ხელში ჩაიგდეს საბჭოთა ხელისუფლება, ამიტომაც საჭიროა მათი განადგურება. სწორედ აზერბაიჯანელების მიმართ სიძულვილის გრძნობით განწყობილმა, სპირტიანი სასმელების საშუალებით წაქეზებულმა, ქალაქზე თავდამსხმელმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა ათასი სისასტიკე ჩაიდინეს. ოპერაციას სულ 147 ადამიანი შეეწირა, დაიჭრა – 744, უკანონოდ დააპატიმრეს 841 მოქალაქე, მათგან 112 გადაიყვანეს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში და მოათავსეს ციხეებში. სამხედრო მოსამსახურეებმა გაანადურეს 200 სახლი და ბინა, 80 ავტომანქანა, მათ შორის სასწრაფო დახმარების მანქანები, ცეცხლის გამომწვევი ტყვიებით გამოწვეული ხანძრების შედეგად განადგურდა დიდი რაოდენობით სახელმწიფო და კერძო ქონება.
ამ ყველაფერმა ვერ შეაშინა აზერბაიჯანელი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქუჩასა და კუთხეში იდგა ქვემეხები და ქალაქში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, 22 იანვარს ხალხმა „თავისუფლების“ მოედნიდან შეხიდები უკანასკნელ სასუფეველში ღირსეულად გააცილა.
21 იანვარს პენსიაზე მყოფი ჰეიდარ ალიევი მოსკოვში, აზერბაიჯანის მუდმივ წარმომადგენლობაში ორგანიზებულ ხალხმრავალ კრებაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ის სოლიდარობას უცხადებდა ხალხს.
აზერბაიჯანისა და საქართველოს უახლესი ისტორიაში 20 იანვრის ბაქოს ტრაგედია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას, როცა საბჭოთა რეჟიმი ანალოგიური სისასტიკით ორლესული ნიჩბებითა და მხუთავი გაზით გაუსწორდა მშვიდობიან მომიტინგეებს… თუმცა თავისუფლების მოყვარე ერები ვერავინ და ვერაფერმა შეაჩერა, ჩვენი ხალხების მსგავსი ისტორია საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი მზადაა საკუთარი თავისუფლებისათვის სიცოცხლეც კი გაწიროს. ტრაგედიებიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც, როცა ჩვენმა ქვეყნებმა საწადელს მიაღწიეს და თვითგამორკვევის გზაზე აგრძელებენ განვითარებას, სამშობლო არ ივიწყებს იმ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ვინც დღევანდელი დღე საკუთარი სისხლისა და სიცოცხლის ფასად მოიტანა.