მეორე მსოფლიო ომი და მისი უმძიმესი შედეგები ძალიან ბევრი საუკუნის განმავლობაში შეახსენებს თავს კაცობრიობას… სულ უფრო და უფრო მცირდება ომის მონაწილეთა რიცხვიც, რომელთა ღვაწლი და ამაგი დიადი გამარჯვების მოპოვებაში აუწონელია… თითქოს სიმბოლურია, რომ ქობულეთმა 1783 დღიან მძვინვარე და უთანასწორო ბრძოლას 1783 პირტიტველა ვაჟკაცის სიცოცხლე შესწირა, რომელთა უმრავლესობა შინმოუსვლელად ითვლება და შორეული ქვეყნის მიწაში ძმათა საფლავებზე განისვენებს. საბჭოთა პერიოდში მათი საქმე და სახელი შესაბამისად ფასდებოდა, ყველგან, ყველა ქალაქსა თუ სოფელში ფაშიზმზე გამარჯვებისთვის თავდადებულ გმირთა ობელისკები თუ მემორიალური დაფები იყო აღმართული, რათა მათი სახელები უკლებლივ გადასცემოდა მომავალ თაობებს და მაგალითად ქცეულიყო მათთვის. დროის ულმობელობამ და 90-იანების პერიპეტიებმა თითქოს ამ ძეგლებსაც წააყარა მტვერი, ეს ფასდაუდებელი ისტორია ვისთვის არარაობად იქცა, ინგრეოდა, იძარცვებოდა, მეზობელ ქვეყანაში ჯართად იყიდებოდა… სწორედ ასეთ დროს გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებმაც იციან ამ ყველაფრის ფასი და სიკეთისათვის მითითებებს არ ელოდებიან… სწორედ ასეთთა შორისაა ბიზნესმენი და მეცენატი მალხაზ რომანაძე, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ამ ძეგლების მოვლა-პატრონობა, შეაკეთა, გაალამაზა და ახალი სიცოცხლე შესძინა მათ… დღეს ქობულეთის ორ სოფელში – დაგვასა და ოჩხამურში „დიდ სამამულო ომში“ დაღუპულთა განახლებული მემორიალები ისევ გვახსენებენ, რომ არავინ და არაფერია დავიწყებული… როგორც ბატონი მალხაზი ამბობს, მისი ხელდასხმით მემორიალები კიდევ ბევრ სოფელში აღდგება.
როგორც ამბობენ, „თავად უნდა იყო ღირსეული, სხვისი ღირსება რომ დააფასოო“, საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი მეცენატი ჰყავს, რომელთათვისაც სიკეთის კეთება სულიერი მოთხოვნაა, ამიტომაც ვიტოვებთ იმედს, რომ ბატონი მალხაზის მიერ წამოწყებულ ამ კეთილშობილურ საქმეს მალე მიმდევრებიც გამოუჩნდებიან და ეს მამულიშვილური მაგალითი სრულიად საქართველოს გადაედება.
გაზეთი „ჩემი ქობულეთი“