„სამართლიანი არჩევნები“ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს
როგორია წინა საარჩევნო გარემო აჭარაში? არის თუ არა ზეწოლის ფაქტები პოლიტიკურ სუბიექტებზე და რა ხედვები აქვს არასამთავრობოებს? ამ კითხვებით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონულ კოორდინატორს მადონა ბერიძეს მივმართეთ:
– „სამართლიანი არჩევნები“ ერთ-ერთი ძველი, ხანგრძლივი ისტორიის მქონე ორგანიზაციაა, რომლისთვისაც აქტუალურია საქართველოში ჩატარებული ყველა ტიპის არჩევნების მონიტორინგი, ორგანიზაცია აკვირდება, როგორც წინა საარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდს. მნიშვნელოვანწილად გადამწყვეტი არის წინა საარჩევნო პერიოდი. ორგანიზაციამ უკვე გამოსცა რამდენიმე შუალეუდური ანგარიში. ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდში ის არის ის, რომ ყველა სუბიექტს, ყველა კანდიდატს ჰქონდეს თანაბარი უფლება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ხმის მიტანა ამომრჩევლებამდე და რაიმე ხელშეშლა არ მოხდეს, ბუნებრივია ამ მიმართულებას ვაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს წინა საარჩევნო კამპანია, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვთ კამპანიის წარმოებისას, ასევე ხომ არ ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, აქტიურად ვადევნებთ თვალყურას როგორ მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, რადგან ეს ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებით უნდა დაკომპლექტდეს, ძალიან დიდი ნდობით უნდა სარგებლობდეს საზოგადოებაში. ჩვენს შუალედურ ანგარიშებში გარკვეული კანონდარღვევები ასახულია აჭარის რეგიონიდანაც, კერძოდ პირველ რიგში გამოვყოფ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ნაწილს, რამდენიმე ფაქტი იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე უფრო სიღრმისეულად წელს პირველად შევისწავლეთ საბიუჯეტო რესურსები. დავიწყებ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, ადმინისტრაციული რესურსი ის შესაძლებლობაა, რომელზეც ხელი მიუწვდება მართველ პოლიტიკურ ძალას და ფაქტობრივად არ მახსენდება ხელისუფლების ცვალებადობის პერიოდში, რომელიმე ხელისუფალს ამ შესაძლებლობაზე უარი ეთქვა. აღვნიშნავ საბიუჯეტო რესურსს, ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში გაიზარდა საარჩევნო პერიოდში ბიუჯეტები, მართალია ეს ზრდა არ ემთხვეოდა 60-დღიან აკრძალვას, ანუ პირდაპირი დარღვევა ბიუჯეტის გაზრდაში არ იყო, მაგრამ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ ცვლილებით მნიშვნელოვანი წილი თანხებისა უკვე მოდის სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რაც ვთვლით რომ მმართველ ძალას ამომრჩევლების გულის მოგების შესაძლებლობას აძლევს. საყურადღებოა ის, რომ ამ პროექტების განხორციელება მაინცა და მაინც წინა საარჩევნო პერიოდს ემთხვევა.
– კონკრეტულად?
– მაგალითად ბათუმის შემთხვევაში 40 ათასი ლარით გაიზარდა ერთჯერადი მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა, თანხებს გასცემენ რეცეპტების საფუძველზე, ასევე გაიზარდა მუნიციპალიტეტებში სახურავების გადახურვის პროგრამები, შეიძლება წლების მანძილზე აწუხებდა კონკრეტულ ადამიანს თუ ოჯახს ეს პრობლემა, მაგრამ ამის განხორციელება ხდება მაინცა და მაინც წინასარჩევნო პერიოდში და ესეც გარკვეულწილად მიმართულია ამომრჩეველთა გულის მოსაგებად. აქვე ვისაუბრებ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სხვა კომპონენტზეც, ეს არის საჯარო მოხელეების აქტიური დასწრება წინასაარჩევნო პატიულ შეხვედრებზე. ზღვარი მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ხელისუფლებას შორის არის წაშლილი, ამდენად როცა საბიუჯეტო რესურსით რაიმე ობიექტის გახსნა ხდება, იქ ესწრება მმართველი პარტიის კანდიდატიც, შესაბამისად ამომრჩევლებს, რომლებიც იქ არიან, უჩნდებათ განცდა, რომ ეს სიკეთე მოუტანა არა იმ გადასახადებმა, რომლებსაც ისინი იხდიან ბიუჯეტში, არამედ თავად ამ კანდიდატის კეთილმა ნებამ. ასევე აქტუალურია ყოველი ხელისუფლების დროს საჯარო მოხელეების ორგანიზებულად მობილიზება და ჩამოყვანა შეხვედრებზე. ახლა უმეტესწილად ცდილობს მმართველი ძალა, რომ არა სამუშაო დღეს გამართოს შეხვედრა, თუმცა მაინც არის ის ტენდენცია, რომ ორგანიზებულად, წინასწარი სიების საფუძველზე მოყავთ ადამიანები შეხვედრებზე… აქ, ჩვენ ვხედავთ ფსიქოლოგიური ზემოქმედების პრობლემას, რადგან როცა სამსახურში ხელმძღვანელი პირი ადგენს სიებს თუ ვინ წავა პარტიულ შეხვედრებზე, შეასაბამისად შიშის განცდა უჩნდება ადამიანს, რომ თუ ასეთ შეკრებაზე წასვლას თავს აარიდებს, შესაძლოა სამომავლოდ სამსახურში პრობლემა შეექმნას. ამიტომ ხშირ შემთხვევაში იძულებულია დათანხმდეს პარტიულ შეხვედრაზე წასვლას.
– იყო რამდენიმე ფაქტი, რომ კომისიის წევრები ესწრებოდნენ ბათუმში პარტიულ შეხვედრებს, კომისიის წევრს უფლება არ აქვს რომელიმე პარტიის შეხვედრებზე ან აგიატაციაში მიიღოს მონაწილეობა, იმ შემთხვევაში უფლებამოსილება დაწყებული არ ჰქონდათ, პირველი სხდომები ჩატარებული არ იყო, მაგრამ უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, რომ არ მოხდეს მათი ჩართვა სააგიტაციო პროცესებში, ასევე საჯარო მოხელეების დასწრების ფაქტი იყო ხულოს მუნიციპალიტეტში და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რამდენიმე ფაქტთან დაკავშირებით ორგანიზაციამ შეიტანა საჩივარი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ბოლო ორი არჩევნების განმავლობაში ძალიან აქტუალურია სოციალური ქსელების გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციისათვის. წელს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, რომელიც უნდა ასახავდეს სამინისტროს საქმიანობას, გამოაქვეყნა მმართველი პოლიტიკური პარტიის პარტიული შეხვედრა სურათებით, სიმბოლოებით და ასევე ვიდეორგოლიც ატვირთეს, რაც კანონის ენით ითვლება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად. ჩვენ ესეც გავასაჩივრეთ. გარდა ამისა, გვქონდა მეორე საჩივარი, რომელიც ეხებოდა ხულოში ჩატარებულ პარტიულ შეხვედრას, რომელსაც სამუშაო საათებში საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ.
– პოლიტიკურ სუბიექტებს რამდენად აქვთ თავისუფალი მისვლის საშუალება ამომრჩევლებთან. რამდენად ახერხებენ პარტიები თავიანთი გზავნილების მიტანას ელექტორატთან?
– რეალურად უკვე პრობლემაა ის, რომ დიდი პარტიული შეხვედრები ნაკლებად ტარდება, შეიძლება ჩატარდეს ერთი პარტიული შეხვედრა, სადაც ყველა კანდიდატის წარდგენა მოხდება. სხვა შემთხვევაში რაიმე გრაფიკი გაწერილი ორგანიზებული შეხვედრებისა, არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ შენობები გამოყოფილი უნდა იყოს, უფრო კარდაკარის პრინციპზე არიან გაადასული, რაც ჩვენი მონიტორინგისთვისაც ძალიან რთულია, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ რაიმე ხელშეშლის ფაქტი პარტიის ან კადიდატის შეხვედრასთან დაკავშირებით არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ ფაქტს, რომ ბათუმის მერიამ დროულად ვერ უზრუნველყო სტენდების განთავსება, არადა კანონი გვეუბნება, რომ ათი დღის განმავლობაში არა მარტო ადგილები უნდა გამოყონ სტენდებისთვის, არამედ უნდა გამოაქვეყნონ ინფორმაცია და ეს არ იყო უზრუნველყოფილი.
– თქვენ საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაზეც გააკეთეთ აქცენტი, როგორ წარიმართა ეს პროცესი?
– საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებაც გარკვეულწილად მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა, პირველი ის არის, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომები ფაქტობრივად ჩატარდა ფორმალურად და კიდეც აღნიშნეს თავმჯდომარეებმა, რომ სხდომაზე არ მომხდარა არც სახელობითი სიების წარმოდგენა ამა თუ იმ უბანზე და არც განაცხადების განხილვა, ანუ საარჩევნო საოლქო კომისიებმა სხდომამდე განიხილეს განაცხადები, იმსჯელეს, შეჯერდნენ პოზიციაზე და ამ გადაწყვეტილების ფორმალური ასახვა ხდებოდა შემოხაზვით ამა თუ იმ უბანთან დაკავშირებით, ანუ პროცესი იყო დახურული ჩვენთვის და არ იყო ნათელი მათი გადაწყვეტილება რას ეფუძნებოდა. მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ რამდენიმე ოლქმა შეარჩია ისეთი კომისის წევრები, რომელთაც გარკვეული პასუხისმგებლობები, სანქციები და შენიშვნები აქვთ დაკისრებული წინა არჩევნებზე, რადგან ჯეროვნად ვერ შეასრულეს თავიანთი უფლებამოსილება. აი, მაგალითად, ხულოში 13 ასეთი კომისის წევრია არჩეული, ბათუმის შემთხვევაში – 8, რაც ვფიქრობ, არ არის სასურველი. როცა არჩევანი სხვა შესაძლებლობას გვაძლევს, აქცენტები სარჩევნო კომისიაში უფრო კვალიფიციურებზე უნდა გაკეთდეს და ზოგადად მათი საქმიანობა გადაწყვეტილების პროცესზე უნდა იყოს გამჭირვალე, რათა ჩვენთვის ნათელი გახდეს რა დგას მათი გადაწყვეტილების უკან.
– ასეთი დარღვევების შემთხვევაში რა ბერკეტები გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციას, მესამე სექტორს, რომ ეს პროცესები შეაჩეროს, რა ძალისხმევას მიმართავთ ხოლმე?
– ასეთ შემთხვევაში ერთი საშუალება არის ის, რომ ვასაჩივრებთ და შეგვაქვს შესაბამის ინსტაქციაში საჩივრები, ასევე ეს აისახება ანგარიშებში და მიეწოდება საერთაშორისო ორგანიზაციებს. გარკვეული რეკომენდაციების შემუშავება ხდება ჩვენი მხრიდანაც და მიეწოდება იმ უწყებას, რომელსაც აქვს ამ დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენის შესაძლებლობა და მექანიზმები კანონმდებლობით.
– თქვენი ორგანიზაცია მთელ საქართველოს მოიცავს, პირადად თქვენ კოორდინირებას უწევთ როგორც აჭარის, ისე გურიისა და ნაწილობრივ ფოთის რეგიონში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს, რამდენად განსხვავდება სიტუაცია აჭარაში გურიასა და ფოთში? და სად უფრო უკეთესი სიტუაციაა?
– ვერ გამოვყოფ რომელიმე რეგიონს, მაგრამ არის დარღვევები, რომელიც მეტია გურიაში და არის დარღვევები, რომელიც მეტია აჭარაში, მინდა ვთქვა, რომ მეტი წილი დარღვევებისა, გურიაზე მოდის, თუმცა აჭარაში წელს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უფრო მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
– ძირითადად რა ზეწოლაზეა ლაპარაკი?
– ოპონენტებთან ადამიანების მიგზავნა, რათა მოხსნას კანდიდატურა, ასევე ცუდი ფაქტი იყო, რომ ოზურგეთში მოხდა დარბევა ერთ-ერთი უბნის, საიდანაც მტკიცებულებები ამოღებულია და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე არის დაპირისპირებები, აქციებიც იმართება აქტიურად ჩოხატაურში მმართველი ძალის კანდიდატის საწინაღმდეგოდ, ამიტომ, ვფიქრობ, შედარებით დაძაბული საარჩევნო გარემო გველოდება გურიაში, ვიდრე აჭარაში.
– როგორ შეაფასებდით წინაასაარჩევნო გარემოს აჭარის რეგიონულ მედიაში?
– მე ამ მიმართულებით ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან აქტიურია რეგიონში მედია, ზოგჯერ ისეთ თემებს წამოწევენ, რაც ცენტრალურ დონეზეც კი არ ისმება და ძალიან აქტიურად მუშაობენ რეგიონულ დონეზე. ამის აღნიშვნა გულწრფელად შემიძლია.
ჯემალ მეგრელიძე, გულიკო კალანდაძე
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.