ქობულეთის სახანძრო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს – მამუკა ხაბაზი. ქობულეთში დაბადებული და გაზრდილია მამუკა. დაამთავრა ქობულეთის #6 საჯარო სკოლა. შემდეგ იურიდიული განათლება მიიღო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამთავრობო დაცვის სპეცრაზმში, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებაში, შემდეგ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოში უფროსის მოადგილედ. წელს, 15 იანვრიდან მამუკა ხაბაზი დაინიშნა ბათუმის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსად. ჰყავს მეუღლე თამილა ჯაბნიძე და ორი შვილი.
– მამუკა, გინდოდა ქობულეთში გადმოსვლა თუ დავალება იყო?
– შემოთავაზება იყო, ეს სამსახური ახლა ყალიბდება ქობულეთში და როგორც ქობულეთელი, ჩემზე შეაჩერეს ყურადღება.
– რა ევალება სამაშველო სამსახურს?
– გასაჭირში მყოფი ადამიანისათვის დახმარების აღმოჩენა, გადარჩენა სტიქიური უბედურებისგან, ხანძრისგან, ავარიის დროსდახმარება და ა.შ. მარტო ადამიანებისათვის კი არა ცხოველების გადარჩენაც გვავალია.
– რაც აქ მუშაობ, იყო რაიმე შემთხვევა?
– პატარა ავარია იყო და ხანძარი, ორივე მშვიდობიანად დამთავრდა.
– თავად თუ ჩაებმები გასაჭირში მყოფი ადამიანის გადასარჩენად? თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა…
– რა თქმა უნდა, პირადად ჩავბმულვარ სამაშველო პროცესში. მე ხომ მომზადებული ვარ ამისათვის, მაშველისთვის ჩემი საქმეში ჩართვა, ყველაზე თვითნათელი მაგალითია, რათა სტიმული მიეცეს, როგორ დაეხმაროს განსაცდელში მყოფ ადამიანს. საამისოდ შევადგინეთ გეგმა-გრაფიკი, საველე სამუშაოების დროს როგორც თეორიულად, ისე პრაკტიკულად გავდივართ წვრთნებს.
– როგორ მიგიღო კოლექტივმა?
– მეგობრულად, აქვე ვცხოვრობ, ყველა ნაცნობი და ახლობელია. საქმის დროს საქმე კეთდება, ყველამ იცის თავისი მოვალეობა, კმაყოფილი ვარ კოლექტივით.
– თუ გაქვთ სიახლე დაგეგმილი უახლოეს პერიოდში?
– შენობის გაახლება – გალამაზება გვინდა, ამისათვის დახმარების იმედი მაქვს ხელისუფლებისაგან. მინდა, ჩემი აქ მუშაობის პერიოდში ისე გავაკეთო ყველაფერი, როგორც შეჰფერის ჩემს ქალაქს, ჩემს კოლექტივს.
– წარმატება გვისურვებია ახალგაზრდა ხელმძღვანელისათვის.
ლია გრძელიძე